ნათია დუმბაძე: “ჩემი ქმარი ამერიკაშია, მე – თბილისში, მარტოობამ სიძლიერეს მიმაჩვია”

ნათია დუმბაძე: "ჩემი ქმარი ამერიკაშია, მე - თბილისში, მარტოობამ სიძლიერეს მიმაჩვია"ირმა ჭკუასელი, სარკე

მომღერალმა ნათია დუმბაძემ რეპერ მასტერთან, გიორგი პავლიაშვილთან ერთად დუეტი ჩაწერა. მათი ერთობლივი ნამუშევარი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ გაჩერებას არ აპირებენ.

ორის შვილის – ქალ-ვაჟის დედის პირადი ცხოვრება ორ ქვეყანას შორის არის გადებული. მისი ქმარი ამერიკაში ცხოვრობს და ნათია წელიწადში ორჯერ ახერხებს მასთან ჩასვლას. ასეთი ცხოვრება ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, სასურველი და იოლი არ არის, ამას თავად ნათიაც აღიარებს “სარკესთან” საქმესა დ პირადზე საუბრისას.

– ნათია, როგორც ვხედავთ, ძალიან გააქტიურდით, მუსიკალურ კარიერაში სიახლეები გაქვთ. მოგვიყევით ამაზე.

– ჩემს მუსიკალურ კარიერაში გაფურჩქვნის პერიოდია. სულ ახლახან ახალი დუეტი ჩავწერე რეპერ მასტერთან ერთად, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, ძალიან კარგი სიმღერა მაქვს და შენ გხედავ ამ დუეტშიო. მოვუსმინე, მომეწონა და სულ რაღაც ორ კვირაში ჩავწერეთ. იმდენად კარგი გამოვიდა, ვისაც მოვასმენინეთ, ყველამ თქვა, გაჰიტდებაო. გადავწყვიტეთ, ვიდეორგოლიც გაგვეკეთებინა და ჩემი პირველი კლიპი მასტერთან ერთად გადავიღე.

– გარკვეული პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდით. გვიამბეთ ამ ეტაპის შესახებ. რატომ წახვედით ოკეანის გაღმა?

– ამერიკაში ბავშვის გასაჩენად წავედი. ჩემი მეუღლე იქ ცხოვრობს. ასე ვცხოვრობთ – ის ამერიკაშია, მე – თბილისში. მე ჩავდივარ ხოლმე. ბავშვი გავაჩინე და ჩამოვედი. იქ მხოლოდ 5 თვით ვიყავი.

– ქმართან რატომ არ დარჩით?

– მე აქ მირჩევნია ცხოვრება, აქ ყველაფერი ჩემია. საქართველოში რაღაცას მივაღწიე, ბავშვობიდან ყველაფერს აქ ვაკეთებ, ყველა მეგობარი აქ მყავს, მშობლებიც აქ ცხოვრობენ. არ არსებობს, ვთქვა, რომ საცხოვრებლად ამერიკაში მინდა წასვლა, რადგან ჩემი თბილისი ძალიან მიყვარს. ერთი თვე რომ გადის, მორჩა, უკვე მენატრება.

– რომელ ქალაქში ცხოვრობდით ამერიკაში?

– ლოს ანჯელესში.

– ცოლ-ქმარს არ გიჭირთ ცალ-ცალკე ცხოვრება?

– კი, ძალიან გვიჭირს, ბოლო პერიოდში – უფრო მეტად.

– ხშირად ახერხებთ ქმართან ჩასვლას?

– წელიწადში ორჯერ. ვერც იმას გეუბნებით, რომ იქ გადავალ საცხოვრებლად და იქ ვიქნები ან ჩემი მეუღლე, ბაჩო, ჩამოვა ჩემთან. ახლა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ. რაღაც საბუთებს ველოდებით და ვნახოთ, რა იქნება.

– შეიძლება წახვიდეთ?

– არ არის გამორიცხული, რომ წავიდე.

– ბავშვებსაც წაიყვანთ?

– კი, ბავშვებსაც.

– მოგვიყევით შვილებზე, რამხელები არიან?

– ორი შვილი მყავს – 11 წლის ბიჭი, დუდუ და წლინახევრის გოგო – ელეი, რომელიც მამას ჰგავს. გოგონას ლოს ანჯელესის სახელი დავარქვით – ქალაქის. დუდუ მე მგავს.

პირველი შვილი 19 წლის ასაკში გავაჩინე საქართველოში, მეორე – ამერიკაში 30 წლის ასაკში. პირველი შვილი რომ მეყოლა, ისე ვერ ვიგრძენი დედობა, როგორც ელეიზე.

– მშობიარობის, მით უმეტეს, ორი შვილის გაჩენის შემდეგ ქალის ფიგურა იცვლება. როგორ უვლით თავს, როგორ ინარჩუნებთ სასურველ ფორმებს?

– თავს ძალიან ვუვლი და ვწვალობ. სულ დიეტაზე ვარ, ვვარჯიშობ. გამუდმებით ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო, ხან ვცურავ, ხან დავრბივარ, 6-ის მერე აღარ ვჭამ, თუმცა ზოგჯერ ჩავარდნები მაქვს. ხანდახან ერთი კვირა ისე გადაებმება, რომ სულ ვჭამ, მაგრამ მერე განტვირთვას ვაკეთებ. 30-ს რომ გადავცილდი, სახის კანის მოვლაც დავიწყე. არ მინდა, რომ დავბერდე. სიბერისა და ნაოჭების ძალიან მეშინია.

– რის შეცვლას ისურვებდით საკუთარ გარეგნობაში?

– კიდევ 5 კილოს დავიკლებდი და ვარჯიშს მეტ დროს დავუთმობდი, რომ სხეულის ფორმები კარგად გამოიკვეთოს.

– ადრე მოდელიც იყავით. რას გაიხსენებთ იმ წლებიდან?

– მოდელი არასოდეს ვყოფილვარ. ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ “მის საქართველოზე” გავედი და ისიც – ჩემი მეგობრის თხოვნით. სხვათა შორის, დიდ წარმატებასაც მივაღწიე. ათეულში მოვხვდი და “მის ხალხის სიმპათიაც” გავხდი. ეს იყო 2003 წელს.

– რა განსხვავებაა ქართველ და ამერიკელ ქალებს შორის? შეადარეთ მათი ცხოვრების სტილი, რიტმი.

– არა მგონია, ისე ვიცნობდე ამერიკას, რომ იქაური ქალები ჩვენსას შევადარო. ალბათ განსხვავება ის არის, რომ ისინი უფრო მეტ დროს უთმობენ მუშაობას. ისინი თუ დილის 6 საათზე იწყებენ დღეს, ჩვენ 9-ზე ვიწყებთ. ესაა განსხვავება, რომ ჩვენზე მეტს შრომობენ.

– ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– სპორტულს. ბოტასებს ძალიან შევეჩვიე, 3 წელია არ გამიხდია. ქუსლიან ფეხსაცმელებზე ვეღარ ვდგები.

– საყვარელი აქსესუარი თუ გაქვთ?

– დიახ, საათი.

– რა გამოცდილება მოგიტანათ წლებმა, შინაგანად როგორ შეიცვალეთ?

– უფრო უშიშარი გავხდი. მარტოობამ სიძლიერეს მიმაჩვია, ახლა მეტად ძლიერი ვარ, 100%-დან 80%. ის 20% მაინც მაქვს სისუსტეები.

– მეგობრების სიყვარულით გამოირჩევით. დაგიკარგავთ ვინმე სამეგობროდან, თუნდაც პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობის გამო?

– მეგობარი მე არასოდეს დამიკარგავს. შეიძლება იქით დაუკარგავთ ჩემი თავი, მაგრამ მე – არა. რაც შეეხება პოლიტიკას, ამ ნიშნით არავინ დამიკარგავს და საერთოდ, პოლიტიკაში არასოდეს ჩავრეულვარ და არც ჩავერევი. ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებს.

– ცნობილი სახეებიდან ყველაზე ახლოს ვისთან ხართ?

– სალომე ბაკურაძესთან და ირინა ონაშვილთან.

– როგორი მეგობარი ხართ?

– ძალიან კარგი და ძალიან საყვარელი, რაც მთავარია – ერთგული. მეგობრობაში არასოდეს არაფერი შემშლია და არც არასოდეს შემეშლება.