მამუკა ხილაძე: “ბავშვი დახრჩობას რომ გადავარჩინე, მის მშობლებს მადლობაც არ უთქვამთ”

მამუკა ხილაძე: "ბავშვი დახრჩობას რომ გადავარჩინე, მის მშობლებს მადლობაც არ უთქვამთ"25 წლის ბათუმელი მამუკა ხილაძე ხალხმა საოცარი ისტორიით გაიცნო. მან სამი ბავშვი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა.

„დავინახე ბავშვი ტალღებმა როგორ გაიტაცეს, დაახლოებით 14-15 წლის იქნებოდა. შეზლონგებს ვაქირავებ და იმ წუთში კლიენტები მყავდა, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებე, შევვარდი და გამოვიყვანე. მოვედი სამაშველო რგოლი დავდე, ცოტა ამოვისუნთქე და ამ დროს მამაჩემმა, რომელიც იქვე იყო დამიძახა მამუკა დროზე მეორე ბავშვი იხრჩობაო, არც დავფიქრებულვარ ისე გავვარდი ჩემი სამაშველო რგოლი არც წამიღია, ისე შევედი ზღვაში. ჩემთვის ამის დაძლევა რთული არ ყოფილა. ამის შემდეგ ისევ გავიგონე ხალხის ხმა ბავშვი იხრჩობაო. მესამედაც შევედი წყალში . ბავშვი გამოვიყვანე. ნაპირზე მისი მშობლები დამხვდნენ, მაგრამ მადლობაც არ უთქვამთ ჩემთვის.

წინა წელს ერთი მამაკაცი გადავარჩინე დაახლოებით 40 წლის იქნებოდა. 4 საათი ვებრძოდი ტალღებს. ბოლოს კატერით მოგვეშველენ. არ მეგონა რომ გადარჩებოდა ბოლოს ტალღამ ჩაითრია. შუა ზღვაში ვიდექი და ვცემდი, რომ გონზე მომეყვანა. საბოლოოდ ნაპირზე უვნებელი გამოვიყვანეთ“, – იხსენებს მამუკა ხილაძე ჟურნალ სარკესთან საუბრისას.

მამუკამ ცურვა 10 წლის იყო როდესაც ისწავლა, როგორც ის ამბობს მშვიდ ზღვაში იშვიათად ცურავს, როდესაც ტალღებია მაშინ უყვარს ზღვაც და ცურვაც. როგორც ის ამბობს ისეთ ტალღებში ბედავს შესვლას მაშველებსაც რომ არ შეუძლიათ, მაგრამ მას მაშველობა არ სურს.

„მაშველებს 500 ლარი აქვთ ხელფასი. რომ შემომთავაზონ მაინც არ ვიმუშავებ, რადგან სირცხვილია, მაშველს რომელიც სიცოცხლის ფასად მუშაობს ასეთი მცირე თანხა მისცე. თუ ზღვის ნაპირზე ვიქნები  და ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, არ დავფიქრდები, რომ ის ადამიანი გადავარჩინო. ძალიან ბევრი მყავს გადარჩენილი და არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმე დამიფასებდა. უბრალოდ შემიძლია და თავს ვალდებულად ვთვლი. ფულის გამო კი ამას არ გავაკეთებ! მიზერული ხელფასი აქვთ და როცა სთხოვ ადამიანს, ამხელა ტალღებში შევიდე, ხელფასი უნდა ჰქონდეს დიდი და უნდა უღირდეს!“. – საუბრობს მამუკა ხილაძე

ბათუმში დაბადებულ და გაზრდილ ბიჭს უნდა, გემის მექანიკოსი გამოვიდეს. ამისთვის ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩააბარა, და წესით ახალ სასწავლო წელს მეოთხე კურსის სტუდენტის სტატუსით უნდა ხვდებოდეს, მაგრამ სწავლის გაგრძელება უფულობის გამო არ შეუძლია.

სტატია სრული სახით სარკის მიმდინარე ნომერში წაიკითხეთ