ლოლა წერეთელი: ”გიორგი ყოველთვის მეყვარება, აჩის თავისი ადგილი აქვს”

ლოლა წერეთელი: ”გიორგი ყოველთვის მეყვარება, აჩის თავისი ადგილი აქვს”ლელა დევდარიანი, სარკე

“ცუდი რამ მოხდა. ჩემი მეუღლე მიყვარდა, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული და ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან. არასდროს მყვარებია ისე, როგორც მიყვარს გიორგი. არც ვამბობ, ყოფილი მეუღლე-მეთქი. ცხოვრების ბოლომდე ჩემი ქმარი იქნება…

რაც მთავარია, არ ვარ ცუდად, არ ვარ პანიკაში. მადლობელი ვარ, რაც იყო და რითიც ახლა ვცხოვრობ. მხიარული ვარ. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მე მომღერალი ვარ და, როგორც მომღერალი, როგორც ქალი, ვალდებული ვარ, კარგად ვიყო. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ღმერთმა იცის, რა მოხდება. იმედი ბოლოს კვდება. 8 წელი სცენაზე ერთად ვმღეროდით. კარგად მახსოვს და სულ მემახსოვრება…” – რამდენიმე თვის წინ ასეთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა პოპულარული სიმღერების ავტორმა და შემსრულებელმა, ლოლა წერეთელმა, ერთ-ერთ რადიოგადაცემაში. ის საუბრობდა გიორგი წერეთელზე, რომელთან ერთადაც არაერთი დუეტი აქვს შესრულებული.

ისინი ჰარმონიული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაში, მაგრამ… თუ რა მოხდა მათ შორის, რამ დაანგრია ეს ურთიერთობა, ამის შესახებ არც ერთი არაფერს ამბობს და ჟურნალისტების კითხვებსაც გაურბიან. მუსიკალურ კარიერასაც ორივე ცალ-ცალკე აგრძელებს.

ახლახან ლოლამ მომღერალ აჩი ფურცელაძესთან ერთად დუეტი ჩაწერა. სიმღერას ჰქვია – “ჩემი გულის ვარდი ხარ”, რომელიც რადიოჩარტებში უკვე საკმაოდ პოპულარულია. ლოლამ ახალ დუეტზე, ცხოვრების ახლანდელ ეტაპსა და თავის მარტოობაზე “სარკესთან” გულახდილად ისაუბრა.

– ქალბატონო ლოლა, თქვენი ახალი სიმღერის გამოსვლის შემდეგ ხალხი ალაპარაკდა, რომ შემოქმედებით საქმიანობაში გიორგი წერეთელი აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა…

– გიორგის არასდროს არავინ ჩაანაცვლებს, არც სიმღერით და არც არაფრით! ის არის ჩემთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. აჩის აქვს თავისი ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება.

– ფიქრობთ, რომ ისევ იმღერებთ თქვენ და გიორგი ერთად?

– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება ოდესმე ისევ ვიმღეროთ ერთად. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.

– ისე ჩანს, რომ გაშორებამ არაფერი შეცვალა და ყოფილი ქმრის მიმართ თქვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა.

– დიახ, ნამდვილად ასეა. ჩემი ქმარი მიყვარდა, მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. ეს არის კანონი და სხვა არაფერი არსებობს ჩემთვის.

– არსებობს მუსიკაც, რომელიც ძალიან გიყვართ და თქვენი ცხოვრების ნაწილია. მოგვიყევით, როგორ შედგა თქვენი და აჩი ფურცელაძის დუეტი. ვისგან წამოვიდა ინიციატივა?

– აჩის კონცერტზე ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში და მისი სიმღერა ისე მომეწონა, იმდენად დიდი ენერგია მოდიოდა ამ ბიჭისგან, მასთან ერთად დუეტის ჩაწერა მომინდა. ვუთხარი, ქართველი სტივ უანდერი ხარ-მეთქი. აჩის ჩემი იდეა რომ შევთავაზე, ძალიან გაუხარდა და ასე ჩავწერეთ ჩვენი პირველი დუეტი – “ჩემი გულის ვარდი ხარ”. ტექსტი და მუსიკა ნონა მულაძემ დაწერა. ტექსტის დაწერაში დაგვეხმარა ჩემი მეგობარი, მომღერალი ეკა თარგამაძე, რომელიც მოსკოვშია.

– დუეტის შესრულება ძალიან რთულია, თუ მეწყვილეს კარგად არ იცნობ. თქვენ ალბათ მეგობრობთ კიდეც.

– დიახ, მეგობრები, კოლეგები ვართ. მე და აჩი დაახლოებით 20 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. მე საკმაოდ დიდი ხანი ვცხოვრობდი რუსეთში და აჩიც იქ იყო. მერე თბილისში ჩამოვიდა, ცოლად მოიყვანა ელენე დუმბაძე, რომელიც გულით, სულით და ყველაფრით კარგი გოგონაა. აჩიმ ბინა იყიდა თბილისში და საქართველოშიც დაიწყო საქმიანობა. შეკვეთებით გადის საზღვარგარეთ და მერე ბრუნდება.

– სამომავლოდ ალბომის ჩაწერასაც ხომ არ გეგმავთ?

– რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო გეგმა ალბომის გაკეთებაა. ახლა ჩვენი მეორე სიმღერაც იწერება. გვინდა, სიმღერები ბენდთან ერთადაც ჩავწეროთ ახალი ინტერპრეტაციებით. მოკლედ, საინტერესო რაღაცებს ვამზადებთ.

– თქვენი მუსიკალური გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს თუ გაქვთ ხოლმე შემოქმედებითი კამათი?

– არ ვკამათობთ და არც გვაქვს ამის დრო. ხან ის არის გასტროლებზე, ხან – მე. სულ გზაში და თვითმფრინავში ვართ. უნდა ვიმეგობროთ, რომ ბევრი რაღაც გავაკეთოთ, ბევრი სიმღერა ჩავწეროთ, ბევრი ფული ვიშოვოთ, კარგად ვიცხოვროთ და ჩვენი ახლობლები კარგად გვყავდნენ.

– ორივენი ემოციურები ხართ. როგორ უგებთ ერთმანეთს?

– ემოციურები რომ ვართ, ეს არის ძალიან კარგი. უემოციო ადამიანი არაფერია, მხოლოდ სიცარიელეა. ჩვენ ძალიან მხიარულები ვართ, გვიყვარს სიმღერა, სიცოცხლე და ყველაფერი კარგი, რაც ამქვეყნად არსებობს.

– სოციალური ქსელიდანაც ჩანს, რომ ცხოვრებას ძალიან პოზიტიურად უყურებთ.

– პოზიტიური ვარ, რადგან, ვფიქრობ, მთავარია, ადამიანმა იმედი არ დაკარგოს. მე იმ იმედით ვცხოვრობ, რომ მაინც რაღაც ძალიან კარგი მოხდება ჩემს ცხოვრებაში.

– და მაინც ალბათ ძნელია მარტოხელა ქალის სტატუსით ცხოვრების გაგრძელება.

– ცხოვრება ყოველთვის გრძელდება, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, მარტოხელა ქალის სტატუსში კარგი არაფერია. მჯერა და ვგრძნობ, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ და მეც მიყვარს. მე ვარ მარტოხელა ქალის სტატუსით და ჩემი ქმარი როგორ არის, არ ვიცი.

– რადიკალურად შეიცვალეთ იმიჯი, უფრო გლამურული გახდით. თქვენი თაყვანისმცემლების რიცხვიც გაიზრდებოდა.

– კი, იმატებს თაყვანისმცემლების რიცხვი, მაგრამ ჩემს გულში მარტო ერთი ადამიანია.

– როგორ ფიქრობთ, როდისაა ქალი ყველაზე ლამაზი?

– ქალი რომ შეყვარებულია, ყველაზე ლამაზი და ბედნიერი მაშინ არის. ჩემი მეუღლე სულ ამბობდა, მე რომ ვუყურებ ცოლის თვალებს და ვხედავ, ის ბედნიერია, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და სიყვარული ერთადო.

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდით ქალებს?

– მანდილოსნებს ვურჩევ, აუცილებლად უყვარდეთ საკუთარი თავი, აუცილებლად იყვნენ ლამაზები და, როგორც შეძლებენ, თავს მოუარონ. ყველაზე მთავარია, სადაც გინდა იყვნენ, ბედნიერად გრძნობდნენ თავს.

– დაბოლოს, აჩი ფურცელაძესთან დუეტის გარდა, კიდევ რა გეგმა გაქვთ შემოქმედებით ცხოვრებაში?

– რა უნდა იყოს მომღერლის მომავალი? რა თქმა უნდა, სიმღერა. ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. ნიუ იორკში მცხოვრებ მომღერალ ვლად არამოვთან ერთად ჩავწერე სიმღერა – “იყო და არა იყო რა”. მალე ჩემი კიდევ ერთი სიმღერა გამოვა, რომელსაც ჰქვია “გელი” და ის ლოს ანჯელესში შეიქმნა. იქ ცხოვრობს ერთი კომპოზიტორი ბიჭი, რომელმაც დაწერა, შემდეგ კი სომეხმა გოგონამ იმღერა.

ნიუ იორკში როცა ვიყავი, ამ გოგონას შევხვდი და მომცა უფლება, რომ ქართულად მემღერა. ქართული ტექსტი ეკა თარგამაძეს ეკუთვნის. როგორც ყოველთვის, გიორგი დათიაშვილთან ჩავწერე სტუდიაში.