ლევან წვერავამ და მისმა ცოლმა ნინი კენჭიაშვილმა დუეტი შექმნეს

ლევან წვერავამ და მისმა ცოლმა ნინი კენჭიაშვილმა დუეტი შექმნესირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

ქართულ შოუბიზნესში მალე ახალი და საინტერესო დუეტი გამოჩნდება. ჯგუფ “სეიშენის” წევრმა ლევან წვერავამ გადაწყვიტა, ცოლთან, ნინი კენჭიაშვილთან ერთად სიმღერები ჩაწეროს, ალბომი გააკეთოს და უახლოეს მომავალში კლიპიც გადაიღოს. სახელწოდება თავიანთი სახელების მიხედვით შეურჩიეს და “ლეონი” დაარქვეს.

ახალ პროექტზე მუშაობა იმას არ ნიშნავს, რომ ლევანი ჯგუფის ცხოვრებას გამოეთიშა და “სეიშენს” ემშვიდობება. საკმარისი ენერგია აქვს იმისთვის, რომ ორივე საქმეში ბოლომდე დაიხარჯოს და არც ოჯახს მოაკლოს ყურადღება.

– ლევან, მოგვიყევით თქვენს ახალ პროექტზე.

ლევანი: ექსპერიმენტებს არასოდეს ვერიდები, ახლა კი გადავწყვიტე, ჩემთან ერთად მეუღლემაც იმღეროს. დუეტი “ლეონი” შევქმენით. გვინდა, ახალი სიმღერები ჩავწეროთ, ალბომი გამოვუშვათ და კლიპი გადავიღოთ.

– რატომ გადაწყვიტეთ სოლო კარიერის გაკეთება?

ლევანი: ჯგუფში დრო გამომითავისუფლდა და ვიფიქრე, სოლო სიმღერა ჩამეწერა, მაგრამ არ მინდოდა, ბანალური ყოფილიყო. ამიტომაც გადავწყვიტე დუეტის შექმნა. “ლეონი” – ეს იქნება გრძელვადიანი პროექტი, სიმღერებს უწყვეტად ჩავწერთ. როცა საკუთარი საუკეთესო ხმის ჩამწერი სტუდია გაქვს, ასევე გაქვს მარაგი, რომ ყველაფერი კარგად და ლამაზად გააკეთო, ხელს არაფერი შეგიშლის.

– როგორი რეაქცია ჰქონდათ “სეიშენის” ბიჭებს, როცა უთხარით, რომ ცოლთან ერთად მუსიკალურ ალბომზე გინდოდათ მუშაობის დაწყება?

ლევანი: ბიჭებმა მითხრეს, დარწმუნებულები ვართ, გამოგივაო. “სეიშენს” არ ვეთიშები. ახლა კი ჩემი ძირითადი დრო ეთმობა იმას, რომ “ლეონის” ალბომი გავაკეთო. “სეიშენის” მეგობრები მეუბნებიან, ამდენი ენერგია საიდან გაქვსო. ოჯახსაც და კარიერასაც დროს თანაბრად ვუთმობ. ბიჭები ანთებულას მეძახიან, მუდმივად მოქოქილი, მოტივირებული და ანთებული ვარ. ოჯახი და კარიერა ერთმანეთს ძალიან ლამაზად ავსებს.

– ცოლს აქვს სიმღერის გამოცდილება თუ ეს დებიუტი იქნება მისთვის?

ლევანი: ნინის პირველი “ნათლობა” მაშინ შედგა, როცა ახალი დაოჯახებულები ვიყავით. მგონი, “იმედში” იყო პროექტი “წყვილების შოუ” და იქ იმღერა. ნინის განსაკუთრებული სმენა აქვს, დანარჩენს დავხვეწთ. ისეთ მუსიკალურ პროდუქტს ვქმნით, რომელიც აუცილებლად გაიყიდება.

– ნინი, როგორ მიიღეთ ქმრის წინადადება და რა მოლოდინი გაქვთ ამ დუეტისგან?

ნინი: პოპულარობა არავის აწყენს, მათ შორის – არც მე. როცა დუეტი სიყვარულით იწყება, აუცილებლად კარგი გამოვა. სიმღერაში ჩემი შტრიხები და მონახაზები შევიტანე.

ლევანი: მალე ძალიან რომანტიკულ კლიპს გადავიღებთ. ადგილი შერჩეული გვაქვს – მარტვილი, კანიონი. სიმღერას ჰქვია “ჩემო ბედის ვარსკვლავო” და ნინის ეძღვნება.

– მოდით, გაიხსენეთ, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული, სად შეხვდით ერთმანეთს?

ლევანი: ნინი ჩემი ძმაკაცის მამიდაშვილია. ერთმანეთი ქორწილში გავიცანით. როგორც კი დავინახე, ვიფიქრე, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა და მადლობა ღმერთს, ასეც მოხდა.

– ნინი, თქვენც პირველივე დანახვისას შეგიყვარდათ ლევანი?

ნინი: ჩემსა და ლევანს შორის 10 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მაშინ 16 წლის ვიყავი და ოჯახის შექმნაზე არც ვფიქრობდი. მერე ისე აეწყო ყველაფერი, რომ ვიქორწინეთ.

– ლევან, 10 წელია ცოლ-ქმარი ხართ, თქვენ კი ისევ გაქვთ სურვილი, ცოლს სიმღერები მიუძღვნათ. როგორ შეძელით სიყვარულის ასე მოფრთხილება?

ლევანი: მთავარია, მოზღვავებული სიყვარული გქონდეს. გაცნობიდან 6 თვეში შევქმენით ოჯახი, რადგან შეყვარებულობის პერიოდში ცალ-ცალკე ყოფნა აუტანელი იყო. ამ 10 წლის განმავლობაში რამდენიმე დღე თუ იქნება ისეთი, ერთად არ ვყოფილიყავით. სადაც მივდივარ, ნინი ყველგან ჩემთან ერთად არის. ჩემი დიდი სტიმული და სავიზიტო ბარათია.

ზოგადად ძალიან მეოჯახე ადამიანი, ერთსიყვარულა პიროვნება ვარ. სულ ვამბობდი, მე თუ შემიყვარდება, ეს სიყვარული ან გამაბედნიერებს, ან დამაქცევს-მეთქი. ჩვენ ყოველდღე ვუმტკიცებთ ერთმანეთს სიყვარულს.

ნინი: ლევანი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. საოცარი პიროვნებაა, კეთილი, მოსიყვარულე და მოუსვენარი. ეჭვიანი საერთოდ არ არის.

– ლევან, მართლა არ ხართ ეჭვიანი?

ლევანი: სანამ დავოჯახდებოდი, მეგონა, რომ ეჭვიანი ვიქნებოდი, მაგრამ ნინისთან ურთიერთობაში ეს გრძნობა ნულზეა დაყვანილი. ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა გვაქვს და არც ეჭვიანობის საბაბი არსებობს. ჩვენს ურთიერთობაში ეჭვიანობა ძალიან ზედმეტია.

– სიურპრიზებს თუ უწყობთ ერთმანეთს?

ლევანი: სიურპრიზების დიდად მოყვარული არ ვარ და არც ნინი ელოდება ამას ჩემგან. შეიძლება ან ყვავილი დავახვედრო, ან მსაგვსი რამ.

ნინი: ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის სუნამოები, ყვავილები…

– ლევან, თქვენი გამოცდილებით, კაცის ცხოვრებაში რა როლს თამაშობს ოჯახი?

ლევანი: ოჯახი კაცისთვის აუცილებელია. ოჯახი არის იმედი, ზურგი. ჩვენს ცხოვრებაში სიყვარულს ბევრი ლამაზი ფერის შემოტანა შეუძლია.

– ნინი, მგონია, რომ ქმარი საოჯახო საქმეებშიც გეხმარებათ.

ნინი: დიახ. ლევანს კულინარია იტაცებს და ამ კუთხით სახლში წამყვანი როლი უჭირავს.

– ლევან, ნინის რომელიმე მუსიკალური პროექტისთვის ხომ არ მოამზადებთ, ამის სურვილი არ გაქვთ?

ლევანი: ამ ეტაპზე ნინის ამის ამბიცია არ აქვს. ამ დონის მუსიკოსი ჯერ არ არის. ჩვენი სურვილია, რომ ეს დუეტი გახდეს ძალიან მოდური და პოპულარული. ზოგადად ნინი ძალიან მიზანდასახული ადამიანია, რასაც ხელს მოჰკიდებს, ბოლომდე მიჰყავს.