კრისტი: “პირად ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი”

კრისტი: "პირად ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი"ავთო ჩიტიძე, სარკე

მოდელი კრისტი 42 წლის ასაკში ყველაზე ჰარმონიულად გრძნობს თავს სამყაროსთან და საკუთარ თავთან. დიდი ხნის წინ მსახიობ გიორგი ყიფშიძესთან გაშორების შემდეგ ოჯახი ოფიციალურად აღარ შეუქმნია და თვლის, რომ ამის გარეშეც ბედნიერია. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნატალია ყიფშიძე, 18 წლის ხდება. კრისტი გოგონას ადრე გათხოვების წინააღმდეგია, მაგრამ შვილიშვილის ყოლის ძალიან დიდი სურვილი კი აქვს.

შემოდგომაზე კრისტის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. 4 ნოემბერს 25 წელი შესრულდება, რაც პოდიუმზე გამოჩნდა. არც ამ თარიღს და არც საკუთარ დაბადების დღეს დღემდე აქტიური მოდელი გრანდიოზულად არ აღნიშნავს. მიზეზზე ქვემოთ გვესაუბრება.

– კრისტი, რა არის დღეს თქვენი ცხოვრების პრიორიტეტები?

– წლებთან ერთად ჩემს თავთან უფრო ჰარმონიაში ვარ. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემს თავს კარგად ვფლობ. იმდენად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ შემიძლია თავი ყველანაირ სიტუაციაში გავაკონტროლო.

სექტემბერში 42 წლის ვხდები, ნოემბერში კი ჩემი მოდელობის 25 წლის იუბილეა. ბევრი გამოვიარე, ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე და დღევანდელ დღემდე ასე მოვედი. შვილმა ძალიან შემცვალა. როცა ის გაჩნდა, მივხვდი, რომ მე უკვე მხოლოდ საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი და ნატაშკას ცხოვრებაში მთავარი ადგილი დავიმკვიდრე. მალე 18 წლის ხდება და ვფიქრობ, კარგი ადამიანი გავზარდე. იყო შედარებით რთული ეტაპები გარდატეხის ასაკში, მაგრამ დღეს ყველაფერი ლამაზად დალაგდა.

– რა სირთულეებმა იჩინა თავი ნატაშკას გარდატეხის პერიოდში?

– რთული იყო ეს პერიოდი, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ეს ეტაპი მაინც უმტკივნეულო ყოფილიყო. ფსიქოლოგიც ჩავრთე და ასეთმა მიდგომებმა შედეგი გამოიღო. ავირჩიე ტაქტიკა, რომ მასთან ბევრი მელაპარაკა. მაგალითად, როცა უნდოდა ისეთი რამ, რაც მისთვის ცუდი იქნებოდა, ვუხსნიდი, ვეუბნებოდი, რომ ეს ნაბიჯი მისთვის კარგი არ იქნებოდა, მაგრამ თუ თვითონ დარწმუნებული იყო, გადაედგა ეს ნაბიჯი. მერე უკვე თავის შეცდომაზე ხვდებოდა, რომ მე მართალი ვიყავი.

მაგალითად, იყო პერიოდი, როცა სკოლის გამოცვლას მთხოვდა, არადა ძალიან კარგ სკოლაში სწავლობდა. ჩემი ახსნის მიუხედავად, მას მივეცი თავისუფლება. რამდენიმე თვეში დარცხვენილი მოვიდა ჩემთან და თავის სკოლაში დაბრუნება მთხოვა. ჯობია, ბავშვმა თავის შეცდომებზე ისწავლოს, ამ დროს უფრო მალე ხვდება, რა არის კარგი მისთვის და რა – ცუდი.

– თავადაც რთულად გაიარეთ ეს პერიოდი?

– გარდატეხის ასაკში სირთულეები არ მქონია. არც ხასიათი შემცვლია და არც გარეგნულად დამტყობია. დედაჩემი სულ აღნიშნავს, რომ ძალიან უპრობლემო ბავშვი ვიყავი. ნატაშკა ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახულია. ახლა ჩააბარა პიარსა და მარკეტინგზე. ასეთი არჩევანი მისგან ყველას გაგვიკვირდა, რადგან გვეგონა, აუცილებლად თეატრალურს აირჩევდა, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ – 21-ე საუკუნეში მე მჭირდება ამ სპეციალობის დიპლომი, თუ საჭირო იქნა, ფილმშიც გადამიღებენო.

– უკვე გაცნობიერებული გაქვთ, რომ ნატაშკა პატარა გოგო აღარ არის?

– ნატაშკას პირველი ზეიმი ბაღში, სკოლაში პირველი წასვლა და მსგავსი მოვლენები ჩემთვის ყოველთვის ემოციური იყო. სკოლის ბოლო ზარზე ძალიან ვიკავებდი თავს, მაგრამ ვერ შევძელი, ცრემლები მაინც მომდიოდა. ბანკეტისთვის დათუნა სულიკაშვილმა ჟოლოსფერი ულამაზესი კაბა შეუკერა და, როცა ჩაიცვა, მივხვდი, რომ ძალიან გაიზარდა.

– ცნობილია, რომ შეყვარებულიც ჰყავს. ეს ფაქტი როგორ მიიღეთ?

– სხვათა შორის, რაც შეყვარებული ჰყავს, ნატაშკა უფრო კარგისკენ შეიცვალა. ამით ვხვდები, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგი ხდება. ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი, ნატაშკა როგორ წრეში იქნებოდა, ვინ შეუყვარდებოდა… მას მუდამ ვაძლევდი თავისუფლებას, მაგრამ თან ყოველთვის ვაკონტოლებდი. მისი თითოეული ნაბიჯი ვიცოდი.

– ალბათ ურჩევთ, რომ ოჯახი ნაადრევ ასაკში არ შექმნას.

– კი არ ვურჩევ, ეს თვითონაც იცის და ამბობს, ჯერ უნდა ვისწავლო, კარიერაშიც გადავდგა პირველი ნაბიჯები და ოჯახის შექმნაზე შემდეგ ვიფიქრებო, თუმცა მე ძალიან მინდა შვილიშვილი.

– იმიტომ ხომ არა, რომ ნატაშკას მერე შვილი აღარ გაგიჩენიათ და პატარა ბავშვის მონატრება გაქვთ?

– გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომელთანაც შვილის გაჩენის სურვილი გექნება, მე კი ოჯახის დანგრევის შემდეგ არ მქონია ისეთი სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ამას მოიტანდა. ჩემი დედობრივი მოთხოვნა ჩემმა დისშვილებმა შეავსეს, ამიტომ ვთვლი, რომ სამი შვილი მყავს. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ბებია რომ ვიყო. დედა ჩემს ასაკში უკვე იყო ბებია, მე კი დავაგვიანე. საშინლად არ მომწონს ისეთი კომპლიმენტი, როგორიცაა – შენ არ ბერდები. უნდა დავბერდე და დიდი ბებიაც გავხდე.

– გახსოვთ პირველი ნაბიჯი პოდიუმზე? განვლილი 25 წელი იმის დასტურია, რომ ეს თქვენი ცხოვრების საქმე ყოფილა.

– კი, მახსოვს, ეს იყო 1994 წლის 4 ნოემბერს მაშინდელ “მარკო პოლოში”. მე მოდელობაზე არც მიოცნებია, ეს ბედისწერა იყო. ვიღაცამ ჩამაგდო წყალში და მეც ვიპოვე საკუთარ თავში ძალები, რომ გამეცურა. იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ქართველი დიზაინერების დიდი ნაწილი ყოველთვის მირჩევდა და მანდობდა საკუთარ კოლექციას. 25 წელია მოთხოვნადი მოდელი ვარ და ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ.

– სულ ვრცელდება ხმები, კრისტი მიდის პოდიუმიდან, ეს კრისტის ბოლო გამოსვლა იქნებაო, მაგრამ, როგორც ჩანს, “პენსიაზე” გასვლას არ აპირებთ.

– სულ არის ეს მოლოდინი, მაგრამ ჩემი ადგილი მაქვს ამ სფეროში და არსად ვაპირებ წასვლას. შეიძლება 60 წლისაც გამოვიდე, შეიძლება კი არა, ზუსტად ვიცი, გამოვალ. 42 წლის კვალობაზე, მგონი, კარგად გამოვიყურები და ამიტომ მგონია, რომ 60 წლის ასაკშიც შევინარჩუნებ ფორმებს.

– დღეს ახალი თაობის ბევრი ქართველი მოდელი უცხოეთის პოდიუმებზეც დგამს წარმატებულ ნაბიჯებს. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა მოდელობა დაიწყეთ, ადამიანი ალბათ მხოლოდ თუ იოცნებებდა მსოფლიო პოდიუმზე გასვლას. გული არ გწყდებათ, რომ თქვენი შანსები საზღვარგარეთ ვერ გამოიყენეთ?

– არ ვნანობ, რომ საზღვარგარეთ არ წავედი, რადგან მე აქ, საქართველოში მივაღწიე იმას, რისი მიღწევაც მინდოდა. ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი, ამიტომ გამორიცხული არაფერია. საერთოდ ცხოვრებაში არაფერს ვნანობ. ბევრი შეცდომა დამიშვია თუნდაც პირად ცხოვრებაში, მაგრამ სანანებელი არაფერი მაქვს, რადგან სხვანაირად დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ.

– რატომ არ შექმენით ოჯახი მეორედ?

– ეგეც ბედისწერაა. შეიძლება ჩემი ბედი 50 წლის ასაკში იყოს, შეიძლება საერთოდ არ იყოს მეორე ოჯახი ჩემი ბედი. არ მიმაჩნია, რომ ქალი ბედნიერი აუცილებლად ოჯახში იქნება. თუ არ ვარ გათხოვილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბედური ვარ. მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ნატაშკა, მშობლები, მეგობრები… სრულ ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. მე თუ მეორედ გავთხოვდი, ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც არაფერი შეეშლება, ექნება ჩემი და ჩემი მეგობრების პატივისცემა და უნდა იყოს ხელგაშლილი.

– იმ იშვიათ ქალთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებსაც 42 წლის ასაკშიც კი არ მიუმართავთ პლასტიკური ქირურგიისთვის. ქალური ცნობისმოყვარეობა და ინტერესი მაინც არ გაწუხებდათ, რა გამოვიდოდა?

– სახეზე ერთი ინექცია და ერთი პროცედურაც კი არ ჩამიტარებია. თანამედროვე მედიცინის მიღწევებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე არ მჭირდება. ჩემთვის მთავარია, ღამით ადრე დავიძინო და დილით ადრე გავიღვიძო. ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად ვიკეთებ სხვადასხვა სახის ნიღბებს და ჯანსაღად ვიკვებები. ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა პროცედურებზე არ ვიზრუნო. არ ვიღებ ალკოჰოლს და არ ვეწევი. სხვადასხვა სახის სპა პროცედურები ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვაძლევ თავს უფლებას, ჩავიტარო.

სახეზე მაქვს ნაოჭები, მაგრამ ბოტოქსით არ გავისწორებ. ეს პირდაპირ ხელს შემიშლის ფოტოსესიებზე მუშაობისას, რადგან ემოციები აღარ მექნება. ბუნებრიობა მიყვარს. ვგიჟდები მოგზაურობაზე და ესეც მეხმარება, სულ ფორმაში ვიყო. ძალიან ბევრს დავდივარ, მაგალითად, ბოლოს ვიყავი ინდონეზიაში და დილის 7 საათიდან დავდიოდით. სათავგადასავლო ტურიზმი უფრო მიზიდავს, ვიდრე გასართობი და პასიური დასვენება. ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში უკვე დიდი დოზით იყო.

– როგორ აღნიშნავთ მოახლოებულ იუბილეებს?

– 25 წელი პოდიუმზე ალბათ მოკრძალებული იქნება, ერთ ფოტოსესიას მივუძღვნი ერთი კონკრეტული ჟურნალისთვის. საერთოდ არ მიყვარს დაბადების დღეების გადახდა. ჩემს დაბადების დღეზე მაქვს ერთი ჩვევა – ქალაქიდან ვიპარები. ბოლო 10 წელია ამ დღეს თბილისში არ ვარ. შარშან პარიზში ვიყავი, შარშანწინ – ლოს ანჯელესში.