დათო იმედაშვილს ბიზნესი გაუკოტრდა – ”ოჯახის რჩენას ანნას სიამოვნებით გადავაბარებდი”

დათო იმედაშვილს ბიზნესი გაუკოტრდა -  ”ოჯახის რჩენას ანნას სიამოვნებით გადავაბარებდი”ავთო ჩიტიძე, სარკე

ქართულ ტელესივრცეში დატრიალებული პოლიტიკური ქარბორბალის შემდეგ რეჟისორმა დათო იმედაშვილმა, რომლის სატლევიზიო სტუდია “რუსთავი 2”-ისთვის სხვადასხვა გადაცემებს ამზადებდა, მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი პროდუქტი ამ არხზე აღარ გავიდოდა. ის ახალ გადაცემებს ნიკა გვარამიას “მთავარ არხზე” გააკეთებს, ანუ ტელეკომპანიას მზა პროდუქტს მიჰყიდის.

დათოს ცოლი ანნა იმედაშვილიც ქმრის იდეების ერთგულია და თავისი გადაცემა “ინფლუენსერით” ახალ არხზე გამოჩნდება. ანნა დათოს გვერდში უდგას მის რადიკალურ შეხედულებებშიც. რეჟისორი გამოირჩევა ოპოზიციური პოსტებით და სატელევიზო გამოსვლებით. დათოს ამ ხისტი დამოკიდებულების გამო ოჯახი გარკვეულწილად ზარალდება კიდეც, მაგრამ, როგორც იმედაშვილები ამბობენ, სხვანაირად არ შეუძლიათ. მათთან საუბარი სწორედ ბოლო დროს მომხდარი მოვლენებით დავიწყეთ.

დათო: სულ უფრო ცოტა სივრცე რჩება დასავლური და არასახელისუფლებო მედიისთვის. ბევრი ჩემი კოლეგა თავს იმართლებს, პოლიტიკაში არ ვერევი და ჩემს საქმეს ვაკეთებო. ამით ცდილობენ, პასუხისმგებლობა ჩამოირეცხონ, რასაც პრორუსულ მედიასთან თანამშრომლობა ჰქვია. თუ პრორუსულ ტელეარხზე მუშაობ და გასართობ გადაცემას აკეთებ, მე ეს გამართლებად არ მიმაჩნია.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვის მიაწვდი თუნდაც გასართობი კონტენტის გადაცემებს და რომელი არხის რეიტინგზე იფიქრებ. შესაბამისად, დღეს ქართულ ტელესივრცეში ვაკუუმია, თუმცა დაანონსდა ორი ძლიერი არხის ეთერში გასვლა და ვფიქრობ, ისინი თავიანთ სათქმელს იტყვიან.

– ანუ თქვენი კომპანია სატელევიზიო გადაცემებს აღარ მიაწვდის “რუსთავი 2”-ს?

დათო: არ ვითანამშრომლებ არც ერთ მედიასთან, რომელიც პრორუსული და პროსახელისუფლოა. “რუსთავი 2” იდგა ქართული სახელმწიფოს პროდასავლური კურსის სადარაჯოზე. მართალია, მისი მფლობელების ემოციები და საკუთრება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის პირველხარისხოვანი იყო ჩემი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი. ამიტომ იყო ჩემთვის აუცილებელი “რუსთავის 2”-ის შენარჩუნება იმ ფორმით, როგორიც აქამდე იყო.

“რუსთავი 2” ჩემთვის დასავლური კურსის ბასტიონი გახლდათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბასტიონი ახლა უფრო გაძლიერდება სხვა ბრენდების ქვეშ.

– თქვენი გადაცემა “ინფლუენსერი” “მთავარ არხზე” გადაინაცვლებს?

ანნა: კი, ეს მთლიანად დათოს მოფიქრებული პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მოსწონს ორიგინალური და ახალი მოფიქრებული სატელევიზიო პროექტები და მხოლოდ ლიცენზირებულებს აღიარებს, ეს გამონაკლისი დაუშვა. ამ ტიპის პროექტზე დღეს დიდი მოთხოვნაა. სოციალური ქსელი სულ უფრო დიდ როლს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში. ინფლუენსინგიც ახალი პროფესიაა და სულ უფრო მეტი მოთხოვნაა. მთელ მსოფლიოში ამით ხალხი ძალიან კარგ ბიზნესს აკეთებს.

დათოს “ინსტაგრამზე” ჩემზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვერაფრით დავეწიე, თუმცა მისი “ინსტაგრამის” კონტენტი ძირითადად ჩემი ფოტოებია.

დათო: ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა და ამ პროექტზე უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნის ტელეარხებთან, უნდათ, ლიცენზია იყიდონ. რამდენიმე დიდ პროექტზე ვმუშაობ, რომლებიც “მთავარ არხზე” გავა. ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს იქნება მასშტაბური პროექტები. არ გამოვრიცხავ, კიდევ მეორე არხთან, “ფორმულასთანაც” ვითანამშრომლო. ჯერჯერობით ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში ეს ორი არხია და ახლა “ტვ პირველიც” ჯდება.

– პოლიტიკა და საზოგადოებრივი აქტიურობა ახდენს რაიმე ნეგატიურ გავლენას თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე?

დათო: ბევრად მარტივი იქნებოდა, ხმა საერთოდ არ ამომეღო, უამრავი კონტრაქტი მექნებოდა. ბევრი შემოთავაზებაც მქონდა, რომ ნაკლები აქტიურობის შემთხვევაში მეტ დაკვეთას მივიღებდი. მე არ მექნებოდა ასეთი მწვავე გამოსვლები თუნდაც სოციალურ ქსელში, რომ არ ვხედავდე, რომ დღევანდელი ხელისუფლება კოლაბორაციონისტია. რომ არა ეს ფაქტორი, ბევრად ინერტული ვიქნებოდი, მივხედავდი ჩემს საქმეს და მეც ვიტყოდი, რომ პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს. შემეძლო მხოლოდ ჩემი ღობის შიგნით არსებული კომფორტით დავკმაყოფილებულიყავი, მაგრამ, როცა ვხედავ, ქვეყანა საით მიდის, ამას ვერ გავაკეთებ.

პროტესტის საჯაროდ გამოთქმის შედეგად ყველაზე მეტად მე და ჩემი ოჯახი ვზარალდებით. ჩემი მკვეთრი ოპოზიციონერობა პირდაპირ აისახება ჩემს ბიზნესზეც. ბევრჯერ უკვე შემდგარი მოლაპარაკებები ჩაშლილა იმის გამო, რომ წინა დღეს სოციალურ ქსელში მწვავე პოსტი დამიდია. ერთი სერიოზული ბიზნესი გამიკოტრდა კიდეც და დიდი ზარალი განვიცადე.

– ცოლ-ქმარს აბსოლუტური ჰარმონია გაქვთ პოლიტიკურ ხედვებშიც?

ანნა: მთავარია, რომ ფასეულობები და ღირებულებები ერთნაირი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში ვეთანხმები, მე არ ვარ დათოსნაირი რადიკალური.

დათო: ჩვენი პოზიციის გამო ბევრი ადამიანი დაგვიკარგავს – მეგობარი, პარტნიორი, თანამშრომელი.

ანნა: ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამსახურის თუ სხვა სივრცეში ჩვენ არ ვურთიერთობთ ადამიანებთან, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ. უბრალოდ, როდესაც ხედავ, რომ შენს ქვეყანას ზიანი ადგება, მგონია, ყველას ერთნაირი მიზანი უნდა გვქონდეს.

დათო: დღეს იყო ქოცი ან ეგრეთ წოდებული შუაშისტი, მაგრად ტეხავს, უკიდურესი ბანძობა და მავნებლობაა.

– თქვენს სახლში მმართველობის რა წყობაა?

დათო: მე მგონია, რომ სახლში ჩემი მმართველობის წყობაა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ასე არაა. რეალურად ჩვენს სახლში სრული დემოკრატიაა.

ანნა: მეცამეტე წელია, ერთად ვართ და ბევრი რამ ერთად გავიარეთ. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. იმედია, საზოგადოების ნაწილი არ ჩამქოლავს, მაგრამ მე არ ვარ ფემინისტი. ჩვენს ოჯახში კაცი არის წამყვანი და მე ვქმნი სრულ ჰარმონიას, რომ ასე იყოს. ვთვლი, რომ ოჯახში მე მაქვს ქალური პრივილეგიები და დათოს – კაცური პრივილეგიები.

– ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფაც დათოს პრეროგატივაა?

დათო: სიამოვნებით დავუთმობდი ამ პრეროგატივას ანნას.

ანნა: მეც სიამოვნებით ავიღებდი ამ პასუხისმგებლობას, ამის საშუალება რომ მქონდეს. სხვათა შორის, ფულის ხარჯვაში, ბევრი ცოლისგან განსხვავებით, მე უფრო რაციონალური ვარ, ვიდრე დათო. არ ვიცი, დათო როგორ ახერხებს, მაგრამ იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე აქვს.

დათო: სახელმწიფო უწყებაში არასოდეს მიმუშავია, საბიუჯეტო ფული არ მიმიღია და მემკვიდრეობით არაფერი დამრჩენია. ყველაფერი, რაც გამაჩნია, ჩემი პროექტებიდან შემოსული მოგებაა.

– ყველაზე მომგებიანი რა პროექტი გქონდათ?

დათო: ფინანსურად ყველაზე მომგებიანი იყო ტელეპროექტი “სახლი”. არც “ვოისი” იყო ცუდი. გააჩნია, რა კრიტერიუმებით შევაფასებთ. მაგალითად, ფილმმა “ოცნების ქალაქმა” იმხელა კომერციული წარმატება მოიტანა, რომ ნახევარი მილიონი ლარი წავიღე სახლში.

– რატომ დაანებეთ კინოს გადაღებას თავი?

დათო: არ დამინებებია, იძულებით შვებულებაში ვარ. ვიცი, რომ კინოს გადასაღებად საბიუჯეტო სახსრებს ვერ მოვიპოვებ და ბიზნესშიც მძიმე მდგომარეობაა. მე რომ შესაძლებლობა მქონდეს, ტელევიზიისკენ არც გავიხედავ და არც სხვა საქმეს მოვკიდებ ხელს, მხოლოდ კინოს გავაკეთებ. ახლა 40 წლის გავხდი და რეალურად რეჟისორობა სწორედ ამ ასაკიდან იწყება.

– როგორ მიიღეთ საკრალური 40 წლის ასაკი, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

დათო: არანაირი უცნაური შეგრძნებები არ მაქვს. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მგონია, რომ მინიმუმი 50 წელი საბრძოლო მდგომარეობაში ვიქნები.

ანნა: მე მგონია, რომ უფრო გაახალგაზრდავდა.

დათო: 18 წლის ასაკში რა გეგმაც დავსახე, 40 წლამდე ყველა სისრულეში მოვიყვანე. ახლა ერთი პრობლემა მაქვს – 40 წლის შემდეგი მიზნების გეგმა არ შემიმუშავებია. მომავალი 40 წლის გეგმა მაქვს სასწრაფოდ შესადგენი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ 90-იან წლებშიც კი, როდესაც საშინელი პერიოდი იყო, ყოველდღე მქონდა შეგრძნება, რომ წინ მივდიოდი, დღეს კი, როცა ვხედავ, რომ უკან მივდივარ, ეს მანგრევს და მიშლის ხელს რაღაცების დალაგებაში.

იცით, 2008 წელს რუსეთი რატომ დაგვესხა თავს? მიზეზი მარტივია, ქართველებმა დაიწყეს გამდიდრება, შვილების განათლებაში ფულის ხარჯვა, რასაც მოჰყვა მოსახლეობის ზრდაც, ეს კი ეწინააღმდეგება იმპერიის ზრახვებს. იმპერიის მიზანია, გამოგშიგნოს და გაგანადგუროს. დააცარიელოს ტერიტორია, რომელსაც ბუფერულ ზონად გადააქცევს.

იმისათვის, რომ დღეს წინ წავიდეთ, მოსახლეობა უნდა გამდიდრდეს, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების შემოსავლები გაიზარდოს. ეს შესაძლებელია ამ ქვეყანაში, თუ როგორმე ჩრდილოელი მეზობლისგან 20-30 წელი იზოლირებას მოვახდენთ. ყველა უბედურება, მათ შორის სიღარიბე, სწორედ იქიდან მოდის.

– ანნა, დათოს სახლშიც ყველა თემა პოლიტიკისკენ მიჰყავს?

ანნა: საერთოდ, ყველასთან ამ თემით მთავრდება საუბარი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან პოლიტიკა ყველაფერში გვეხება. მე არ მესმის ადამიანის, რომელიც იტყვის, რომ აპოლიტიკურია. მეც არ მინდა, ჩახედული ვიყო პოლიტიკაში, მაგრამ არ გამოდის, ბენზინს ხომ მაინც ასხამ მანქანაში და როგორ არ უნდა შეგეხოს.

– თქვენს ურთიერთობაში ახლა რა ეტაპი დგას?

დათო: ჩვენ სულ ვიგონებთ რაღაცებს, რომ ჩვენს ურთიერთობაში ცეცხლი მუდამ იყოს.

ანნა: ჩვენი მესამე შვილი წელს შედის სკოლაში და ეს ჩვენთვის ახალი ეტაპია.

დათო: რაც პეტრე წამოიზარდა, შეყვარებულობის ეტაპს ვუბრუნდებით.

ანნა: წელს ცალკე ისვენებდა პეტრე, ჩვენ აჭარაში ვმუშაობდით. კი გვენატრებოდა, მაგრამ ერთად ყოფნითაც ვტკბებოდით, რადგან ბოლო 6 წლის განმავლობაში ამის საშუალება არ გვქონია.

– იქნება თქვენს ოჯახში მეოთხეც?

ანნა: არ არის გამორიცხული და ძალიანაც გვინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როდის დავგეგმავთ.

– მიუხედავად იმისა, რომ დათო ორჯერ არის განქორწინებული, ფიქრობთ, რომ საბოლოოდ მისგან კარგი მეოჯახე შედგა?

ანნა: დათო ყოველთვის კარგი მეოჯახე იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმიჯი სხვანაირი აქვს. ძალიან მეოჯახე, ძალიან მაგარი მამა და მაგარი ქმარია. ყოფილი ცოლებისთვისაც ძალიან საიმედო ადამიანია.

დათო: დროსა და სივრცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– რას აფასებთ ყველაზე მეტად ანნაში?

დათო: ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ განსაკუთრებულად იმ თვისებას, რომ ყოველთვის მომყვება ყველაზე გიჟურ იდეებშიც კი. ანნას შეიძლება არ სჯეროდეს ჩემი იდეის, მაგრამ სჯერა ჩემი და ეს ყველაზე დასაფასებელია.

– რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი აზარტი?

დათო: სამი ძირითადი მიზანი მქონდა და მაქვს ცხოვრებაში – კინო, ლამაზი ქალი ჩემ გვერდით და მანქანები. ძალიან მიყვარს ტექნიკის ბოლო სიახლეები. არ მიყვარს ფეხბურთი, ჩემპიონატის ფინალს მხოლოდ ბოლო 15 წუთი შეიძლება ვუყურო. ვერ მოვიწონე კაზინო, ვერ ვხვდები, რა სიამოვნება უნდა მივიღო. რამდენჯერაც ვყოფილვარ, იმდენჯერ მოვიგე, მაგრამ სიამოვნება ვერ მივიღე. ტრანკვილიზატორებიც არ მესმის, რა საჭიროა. საერთოდ, ფხიზელ სამყაროში ვიღებ სიამოვნებას.