”ჩემი სალო ცოცხალია!” – სალომე გოგინაშვილი ათენში შოკურ მდგომარეობაში უცნობმა იპოვა

”ჩემი სალო ცოცხალია!” - სალომე გოგინაშვილი ათენში შოკურ მდგომარეობაში უცნობმა იპოვასაბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს დაკარგულის ახლობელმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, გოგინაშვილი შოკურ მდგომარეობაში იპოვეს და კითხვებზე მხოლოდ იმას პასუხობდა, რომ სალომე ჰქვია.

გოგონა ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ტელევიზიას შეატყობინეს დაკარგულის პოვნის თაობაზე, ოჯახში კი სწორედ ტელევიზიიდან დარეკეს და სალომე გოგინაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აცნობეს. დედამ, ნონა კუპრაშვილმა, უკვე მოინახულა დაკარგული შვილი და ფეისბუქში დაწერა:

”ჩემი სალო ცოცხალია… ვნახეთ… მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული ყველა ქართველ ემიგრანტს და მთელ საქართველოს ასეთი გულისხმიერად გვერდით დგომისთვის, დალოცვილი იყავით ყველანი თქვენი ოჯახებით, უფალი გფარავდეთ მუდამ… მეამაყებით, ჩემო საყვარელო ხალხო!”

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ქალი პორტთან უცნობმა ადამიანმა იპოვა და საავადმყოფოში მიიყვანა. დაკარგულს უჭმელობისგან ორგანიზმი დაუძლურებული და გამოფიტული აქვს, შესაბამისად, ის რამდენიმე დღეს საავადმყოფოში გაატარებს.

32 წლის სალომე გოგინაშვილს ოჯახი 4 დღე ეძებდა. სად იმყოფებოდა ის ამ დღეების განმავლობაში და რატომ აღმოჩნდა შოკურ მდგომარეობაში, ჯერჯერობით უცნობია.