“ბიძაშვილის ცოლმა შეყვარებულს დამაშორა, ამიტომ მისი ოჯახი ჩემს დაქალს დავანგრევინე”

"ბიძაშვილის ცოლმა შეყვარებულს დამაშორა, ამიტომ მისი ოჯახი  ჩემს დაქალს დავანგრევინე"ნანა კობახიძე, სარკე

ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ბრაზს და წყენას მათ მიმართ, რომლებმაც დაჩაგრეს, მოატყუეს, შეურაცხყვეს, გააცურეს, გააწბილეს ან ცხოვრება დაუნგრიეს. შეიძლება რაღაც დროის შემდეგ პიროვნებამ შეძლოს ამ ყველაფერზე ამაღლება და დიდსულოვნად მიტევება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სულში დალექილი სიმწარე რაღაც ფორმით საბოლოოდ მაინც ვლინდება. ჩვენი რესპონდენტი, მარიკა, სწორედ ასეთ ამბავს გვიყვება.

მარიკა:

– არ ვიცი, ეს როგორ ჩავიდინე, ჩემს ბუნებაში არ დევს. იმ სიმწარემ გამაკეთებინა, რაც მისგან ვიწვნიე და შური ვიძიე. თითქოს არ ვარ შურისმაძიებელი, მსგავსი რამ სხვებშიც არ მომწონს, მაგრამ არავინ იცის, მოცემულ მომენტში რა განცდა გაიღვიძებს, რა თვისება გამოვლინდება. ადამიანის ბუნება შეუცნობელია, ბოლომდე ვერაფერს ამოხსნი. ის, რაც შიგნითაა მინავლული, შეიძლება რაღაც მომენტში გაიხსნას და ვულკანივით ამოხეთქოს.

– ამ “ვულკანმა”, როგორც თქვენ ამბობთ, შეიძლება თავისით ამოხეთქოს ან გარედან ბიძგმა გააღვიძოს. თქვენ რა შეგემთხვათ?

– ლენა ჩემი ბიძაშვილის, ვასოს, შეყვარებული იყო. წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ოჯახს უკეთესი სარძლო სურდა და შვილის ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ. ურთიერთობას არ უშლიდნენ. ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან მათი წყვილი დაიშლებოდა, რადგან შეუფერებლები იყვნენ. ლენა არც ოჯახიშვილობით გამოირჩეოდა, არც განათლებით, არც გარეგნობით.

ვასოს გაცილებით უკეთესი გოგო მართლა შეეფერებოდა. გამორჩეული გარეგნობის ბიჭზე ლამაზმანები გიჟდებოდნენ. მოულოდნელად კი ჩემმა ბიძაშვილმა არჩევანი სრულიად უბრალო გოგოზე გააკეთა. ვერ გაიგებ, ვინ ვის რა ნიშნით ირჩევს, ეს მხოლოდ იმ ორმა იცის.

– თქვენ როგორ მიიღეთ ლენა?

– ვასომ ლენა დაქალთან ერთად გამაცნო, ახალი შეყვარებულები იყვნენ. ერთმანეთს კაფეში შევხვდით. გოგოები ვასოს გვერდით, იქით-აქეთ დასხდნენ. ვასო ორივეს მიმართ თანაბარ ყურადღებას იჩენდა… მთელი საღამოს განმავლობაში მეგონა, რომ ვასოს შეყვარებული ლენას დაქალი იყო.

– ასე რატომ იფიქრეთ?

– ის გოგო ლენაზე წარმოსადეგი იყო. ლენას იმდენად უმნიშვნელო გარეგნობა ჰქონდა, ყურადღებას არც კი მიაქცევდი, ვასოს გვერდით იკარგებოდა. ვერც სიტყვა-პასუხით დაიკვეხნიდა. დამშვიდობებისას ვასო და ლენას დაქალი გადავკოცნე და ბედნიერება ვუსურვე. მათ გაიცინეს, ლენა გაწითლდა და თავი ჩაღუნა. მივხვდი, რომ რაღაც ავურიე და მობოდიშება დავუწყე. გამიღიმა და გადამკოცნა, არ ინერვიულოო.

ლენას წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ვცდილობდი, გამომესწორებინა. ჩემი ბიძაშვილის არჩევანს პატივს ვცემდი – სულ რომ გომბეშო მოეყვანა, შევიყვარებდი. თან იმ ასაკში ვიყავი, ახალგაზრდებს მშობლების წინააღმდეგობა რომ აღიზიანებთ. ვასოს მშობლები შინაურებში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და გვეუბნებოდნენ, თქვენ მაინც ურჩიეთ, სარკეში ჩაიხედოსო. მე კი ლენას ვაქებდი და ვიცავდი – მაგ გოგოს ღირსებები აქვს, ვასოს ტყუილუბრალოდ არ უყვარს-მეთქი.

– როგორ განვითარდა მოვლენები?

– ამასობაში გავიცანი ზურა, ერთმანეთი შეგვიყვარდა. როცა შეყვარებული ხარ, გგონია, შენსავით არავის უყვარს, შენი შეყვარებული კი ქვეყნად ყველაზე კარგია. ამდენი წლის მერეც ვფიქრობ, რომ ზურა იყო ის ბიჭი, ვის გვერდითაც უნდა ვყოფილიყავი.

– თქვენი გზები გაიყო?

– ჩემი მშობლები სასიძოდ იწუნებდნენ. შეიძლება გვარში გვქონდა რაღაც ამპარტავნული, ბიძაშვილის ოჯახი სარძლოს იწუნებდა, ჩემი ოჯახი – სასიძოს. ბიძაშვილის ოჯახის მესმოდა, ვასო გაცილებით მაღლა იდგა თავის საცოლეზე, მაგრამ ზურა შესანიშნავი ბიჭი იყო.

– ეს ალბათ – შეყვარებული გოგოს აზრით. თქვენი მშობლები რას უწუნებდნენ?

– არ აკმაყოფილებდათ ზურას ოჯახის ფინანსური მხარე და ადგილი საზოგადოებაში. ზურას დედ-მამა მშრომელი, პატიოსანი ადამიანები იყვნენ. ჩემი მშობლები ხელზე იხვევდნენ ერთ ფაქტს ზურას წარსულიდან: გარდატეხის ასაკში ქუჩისკენ იწევდა და პოლიციასთან ჰქონდა პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს მოგვარდა და ზურაც გზას დაადგა, სწავლა დაიწყო, მაგრამ ის ფაქტი საკმარისი გამოდგა, ჩემებს დაეწუნებინათ.

ზურა დღემდე მშრომელი და წარმატებული ადამიანია. დედაჩემის თანაკურსელი მისი სკოლის მასწავლებელი აღმოჩნდა და დედამ მისგან შეიტყო ის ამბავი. იმ ქალს უცოლო ბიჭი ჰყავდა, სარძლოდ მოვწონდი და შეიძლება შეგნებულადაც მოუყვა ყველაფერი. დედას ისედაც არ უნდოდა ზურა და ამის შემდეგ მისი სახელის ხსენებაც ამიკრძალა.

– მშობლების ჩარევით დაშორდით შეყვარებულს?

– არა, ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით. გადავწყვიტეთ, გავპარულიყავით. თვითმფრინავის ბილეთები ავიღეთ, დათქმულ დროს ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, მაგრამ მშობლებმა შინიდან აღარ გამიშვეს.

– როგორ შეიტყვეს თქვენებმა საიდუმლო გეგმის შესახებ?

– ბიცოლასგან, რომელსაც ლენამ უთხრა. ჩემი ბიძაშვილის შეყვარებულს ისე დავუახლოვდი, ყველაფერს ვუყვებოდი, ვენდობოდი. მან კი ბიცოლასთან დამასმინა.

– ეს რატომ ჩაიდინა?

– ამით სადედამთილოს გული მოიგო, მისი ნდობა მოიპოვა. სხვა ვერაფრით ვხსნი მის საქციელს. მეგობრად ვთვლიდი, საიდუმლო გავანდე, მან კი შეგნებულად გამწირა, რომ საქმროს მშობლებისა და ნათესავების თვალში ქულები დაეწერა. ზურასთან ურთიერთობა დამენგრა, ლენამ კი ვასოსთან იქორწინა და ქმრის ოჯახმაც გულითადად მიიღო.

– ნუთუ ზურამ ვერ შეძლო თქვენი გაგება, ასე ადვილად დაგთმოთ?!

– მას შემდეგ, თვეების განმავლობაში, ჩემი მშობლები ცალკე ჩემზე ახდენდნენ ზეწოლას, ცალკე – ზურაზე. მარწმუნებდნენ, ზურას არ უყვარხარ, მხოლოდ საქმისთვის სჭირდები, მომავალი რომ აიწყოსო. ამისთვის ლენას იყენებდნენ. ლენა მეუბნებოდა იმას, რასაც ჩემები ჩასძახებდნენ. ეს რომ მცოდნოდა, მის ერთ სიტყვასაც არ შევისმენდი. ლენასი მჯეროდა და მის არგუმენტებს სერიოზულად მოვეკიდე, შემეშინდა, კისერი არ მომეტეხა.

ზურასაც არწმუნებდნენ, რომ არ მიყვარდა და ეს მხოლოდ გატაცება იყო. ვინ იცის, კიდევ რას ჩააგონებდნენ. მოკლედ, ერთმანეთი დავკარგეთ.

– როგორ შეიტყვეთ, რა როლს თამაშობდა ლენა ამ ყველაფერში?

– ვასოს რომ ცოლად გაჰყვა და შვილები შეეძინა, მერე გამიმხილა… ეკლესიაშიც დაიწყო სიარული, აწუხებდა. იმ ამბიდან ბევრი წელი იყო გასული, თითქმის მონელებული მქონდა, თან უკვე ფესვგამდგარი იყო ჩემში მშობლების ჩაგონება, რომ “ის ბიჭი”, ანუ ზურა არ გამომადგებოდა, ამიტომ ლენას მაშინვე შევუნდე, ლამის მივეფერე კიდეც.

როცა სიმართლე გამიმხილა, ძალიან ღელავდა. როცა ყველაფერი გავაანალიზე, ცუდად გავხდი: ლენა ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდა, რომ ვასოს მშობლების და ნათესავების გული მოეგო. მიზანს მიაღწია, მე კი გამწირა.

– ხომ კარგად იცნობდით ზურას? როგორ დაიჯერეთ მასზე ის, რასაც ლენას პირით თქვენები გელაპარაკებოდნენ?

– მე ხომ არ ვიცოდი, ვინ იდგა ლენას ზურგს უკან. დაქალად ვთვლიდი, მისი მჯეროდა. გარდა ამისა, ზურაზე ისეთი რამ მითხრა, ამის შემდეგ ნებისმიერი შეყვარებული გოგო დაიხევდა უკან. ვითომ ზურამ ჩვენი ურთიერთობის პარალელურად მის დაქალს სიყვარული აუხსნა. ჩემების ერთი სიტყვისაც არ მჯეროდა, მაგრამ ლენას ნათქვამმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

– იყო სიმართლის მარცვალი ლენას ნათქვამში?

– მაშინ დავიჯერე. ვერ წარმოვიდგენდი, ლენა თუ მომატყუებდა. ზურას ჩემთანაც ჰქონდა ნათქვამი ლენას დაქალზე, რა კარგი გოგოა და მიკვირს, თაყვანისმცემლები რომ არ ჰყავსო. ამიტომაც ადვილად დავიჯერე. ალბათ ასეთივე ხრიკებით ზურაზეც ახდენდნენ გავლენას.

– მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ზურაც მარტო დარჩა თქვენსავით?

– ცოლი მოგვიანებით შეირთო. როგორც ვიცი, კარგი ოჯახი აქვს. მე კი ისეთი იმედგაცრუება დამეუფლა, სერიოზულად ვეღარავინ აღვიქვი, ვინც ცხოვრების გზაზე შემხვდა.

– შურისძიება ახსენეთ. რა მოხდა?

– დიახ და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, ცუდი ჩავიდინე თუ კარგი. მედალს ორი მხარე აქვს. ერთი ადამიანი გავაუბედურე, მაგრამ სამაგიეროდ მეორე გავაბედნიერე. ერთი მხრივ, სინანული მაქვს, რომელიც არ მასვენებს, მეორე მხრივ კი, გულზე მომეშვა, თითქოს წარსულის სიმძიმისგან გავთავისუფლდი.

– კონკრეტულად რა გააკეთეთ?

– ჩემს კურსელ ნატას სტუდენტობისას ვასო მოსწონდა. მაშინ ჩემს ბიძაშვილს შეყვარებული ჰყავდა, ამიტომ ნატა განზე გადგა. არადა ისეთი გოგო იყო, ვასოს ოჯახი ვერაფრით დაიწუნებდა. ვასო რომ დაოჯახდა, ნატაც გათხოვდა და მას შემდეგ მასთან კავშირი აღარ მქონია. თვითონ გაერიდა სიტუაციას და მეც აღარ მივეძალე. რომ გათხოვდა, ერთხელ მივედი მისალოცად კურსელ გოგოებთან ერთად და სულ ეს იყო.

– როგორც ჩანს, თქვენი გზები კვლავ გადაიკვეთა.

– რამდენიმე წლის წინ შემთხვევით შევხვდი, ქმარს ახალი გაყრილი იყო და აღელვებას ვერ მალავდა. მეც იმ დროს ერთი აბეზარი თაყვანისმცემელი მოვიშორე და თავისებურ ემოციებში ვიყავი. იმ კაცზე ყურადღებას არ გავამახვილებ, არ ღირს საამისოდ, ძალიან გამაბრაზა. საოცარი ის იყო, რომ ამ ასაკში გამოჩნდა ჩემს გზაზე და თანაც ისე ყელში ამომიყვანა ყველაფერი, ძლივს მოვიწყვიტე.

მოკლედ, ნატასთან ერთად კაფეში შევედი და საუბრით ორივემ გული ვიჯერეთ. უცებ ისეთი გაგება გაჩნდა ჩვენ შორის, რაც სტუდენტობისას არ გვიგრძვნია. ძალიან გავშინაურდით და დავახლოვდით. მას შემდეგ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, განუყრელები გავხდით.

– ნატა თქვენი ბიძაშვილით დაინტერესდა?

– ჩემი ამბავი გულწრფელად მოვუყევი. არც ის დავუმალე, რაც ლენამ გამიკეთა. ნატა გაბრაზდა მასზე, ეს როგორ იკადრა, გული მწყდება, რომ ვასოს გვერდით ღირსეული ქალი არ დგასო. ვუთხარი, არ არის ცუდი პიროვნება, ალბათ მაშინ ცდუნებამ სძლია-მეთქი. როგორც უნდა გააკეთილშობილო მისი საქციელი, მაგ ქალზე აზრს მაინც ვერ შევიცვლიო, მიპასუხა.

მაშინ ცოტა არ იყოს, ვინანე, რომ ლენას დანაშაულზე ვუამბე და მასზე ცუდი შთაბეჭდილება შევუქმენი. ამიტომაც გადავწყვიტე, ნატასთვის გამეცნო ლენა, უარყოფითი განწყობა რომ არ დარჩენოდა.

მათი შეხვედრა ერთ კვირადღეს, ჩემს ბინაში შედგა. ლენა ბავშვებთან ერთად მოვიდა. ნატამ კი თავისი მეგობარი თამუნაც მოიყოლა. საღამოს ვასო მოვიდა ცოლ-შვილის წასაყვანად და დიდხანს შემორჩა ჩვენთან. მას შემდეგ ნატაში ძველმა გრძნობამ გაიღვიძა და…

– თქვენც ხელი შეუწყვეთ?

– ყოველ შემთხვევაში, არ შევუშალე. ერთმანეთი უნდოდათ. ვასო ნატას გვერდით სხვაგვარად გრძნობდა თავს, გაბრწყინდა. ნატა არაფერს მიმალავდა. თავიდან შინაგანი წინააღმდეგობა ჰქონდა, მაშინ რომ ჩავრეულიყავი ვასოს ოჯახის სასარგებლოდ, ალბათ მათი რომანი არ შედგებოდა. მე კი ვუთხარი, ყველას აქვს უფლება, იბრძოლოს ბედნიერებისთვის, ყველას თავისებური მეთოდი აქვს, წინ ვერავის დავუდგები-მეთქი. ამით ჩემი პოზიცია გამოვხატე.

თავის დროზე ლენამაც იბრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის და გამწირა, ამიტომ მის დასაცავად მეგობარს ფეხს ვერ დავუდებდი.

– ამ რომანის გამო ვასოს ოჯახი დაენგრა?

– ვასომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, ოჯახიდან წამოსულიყო და ნატაზე ექორწინა. მივიდა დასკვნამდე, რომ ნატა მისი ცხოვრების ქალია. საშუალება აქვს, ორი ოჯახი არჩინოს, ბავშვებს ყველაფრით უზრუნველყოფს.

– ლენასთვის და შვილებისთვის ეს მძიმე გადასატანი იქნებოდა. თქვენ მიმართ როგორი განწყობა აქვთ?

– ლენას აქვს განცდა, რომ დაიმსახურა ის, რაც მიიღო. ჩემ მიმართ აგრესიას არ გამოხატავს, მაგრამ ძალიან დათრგუნულია. ბიცოლაჩემი უდგას გვერდით. ერთხანს ბიცოლა ხმას არ მცემდა ნატას გამო, ახლა შემირიგდა. ხედავს, თავისი შვილი როგორი ბედნიერია და ცდილობს, სიტუაციას სხვაგვარად შეხედოს.

– გამოდის, რომ შეგნებულად არ დააკავშირეთ ნატა და ვასო ერთმანეთს, ეს თავისთავად მოხდა. შურისძიებად რატომ აღიქვამთ?

– თავიდან ასე იყო, მაგრამ შემდგომ, მათი ურთიერთობა რომ დაიწყო, განგებ არ შევუშალე ხელი – დაე, აღსრულდეს, რაც მოსახდენია-მეთქი. აი, ეს იყო შურისძიება. ფაქტობრივად მისი ოჯახი ჩემს დაქალს დავანგრევინე.

იქნებ ჯობდა, სულ თავიდანვე ჩავრეულიყავი ბიძაშვილის პირად ცხოვრებაში, მის შეყვარებულ ლენას წინ დავდგომოდი და ნატასთვის მებრძოლა, მაშინ ხომ ყველა კმაყოფილი დარჩებოდა – ბიცოლას ოჯახიც და მეც. დღეს ზურასთან ოჯახი მექნებოდა.