”ბატი ვასია შვილივით გავზარდეთ, ერთგული და გონიერია, დაბადების დღეებსაც ვუხდით””

”ბატი ვასია შვილივით გავზარდეთ, ერთგული და გონიერია, დაბადების დღეებსაც ვუხდით””ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

“ბატი ხარ!” – ეს მიმართვა თურმე სულაც არ ყოფილა შეურაცხმყოფელი და ამის მაგალითი ბათუმელი ვასიაა, რომელიც თავისი გონიერებით ყველას აოცებს. ბატი ვასია ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, ოსანაძეების ოჯახში უკვე 26 წელია, ცხოვრობს.

ეს უცნაური ისტორია 1993 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა გულნარა მგელაძემ ინდაურს ბატის კვერცხები დაუდო. 6 კვერცხიდან მხოლოდ ერთი ჭუკი გამოიჩეკა. ოსანაძეებმა ბატის ჭუკი ბავშვივით გაზარდეს. შინაურმა ფრინველმაც დაუფასა ამაგი და მათ ისე იცავს, როგორც ძაღლი. თუ უცხო პირი შენიშნა, მაშინვე თავისებურ ხმა გამოსცემს.

ჩვეულებრივი ბატის არაჩვეულებრივი ამბავი ოჯახის დიასახლისმა, გულნარა მგელაძემ გვიამბო.

– ქალბატონო გულნარა, მოგვიყევით 26 წლის წინანდელი ისტორია, როგორ გაჩნდა თქვენს სახლში ბატი.

– მეზობელს ბატები ჰყავდა და ძალიან მომწონდა. ვიფიქრე, მეც გამოვაჩეკვინებ-მეთქი. ეს იყო 1993 წელს. მეზობელს ვთხოვე და მომცა ბატის 6 კვერცხი და ქათმის 10 კვერცხი. ამ კვერცხებზე ინდაური დავაჯინე. გარკვეული პერიოდის შემდეგ მხოლოდ ერთი ბატი და ერთი წიწილა გამოჩეკა. ეს ბატი და ქათამი და-ძმასავით გავზარდე.

იმ პერიოდში შვილები პატარები მყავდნენ და დედასთან ხშირად დავდიოდი. ამ ბატს და ქათამს მარტო ვერ ვტოვებდი, რადგან ბატი კიოდა, მოწყენილი იყო და სულ ჩემთან უნდოდა. კალათში ვსვამდი და დედასთან მიმყავდა ისე, როგორც ჩვილი ბავშვი. ისე გავზარდეთ, როგორც ბავშვი. ვასია ჩემი ქალიშვილის ტოლია.

– რას ნიშნავს, ჩემ გარეშე მოწყენილი იყოო, ამას როგორ გამოხატავდა?

– მარტო ყოფნა არ უყვარს და ამაზე ერთ ისტორიას მოგიყვებით: წლების წინ მეზობელთან დამიძახეს ყავის დასალევად და ბატი სახლში დავტოვე. გოგოები დავსხედით და ყავის სმა დავიწყეთ. უცებ მესმის განწირული ხმა. აი, ბავშვი რომ ტირის, ისეთი და დავინახე, ბატი გადმოაფრინდა ღობეებს, 100-მდე მეტრი გაიარა და მეზობელთან მომაკითხა, იქ დამიჯდა და გასუსული გვისმენდა, რას ვლაპარაკობდით. ჩემ გარეშე არ შეუძლია.

– ქმარს რა რეაქცია აქვს, თქვენს ურთიერთობას რომ უყურებს?

– მეუღლეს ჩემზე მეტად, სიგიჟემდე უყვარს. სახელიც შევურჩიეთ, ვასია ჰქვია. გეფიცებით, ბატი კი არის, მაგრამ შვილივით გავზარდეთ. ვასია ძაღლზე ერთგული და გონიერია. აი, მაგალითად, სადმე რომ წავალ, სახლს და ეზოს ძაღლივით იცავს, შიგნით არავის შემოუშვებს. ღამით რომ ვინმემ გაიაროს, ისე აპროტესტებს, გაგიკვირდებათ. პატრულს რომ სირენები აქვს, ისეთ ხმას უშვებს.

ყველაფერს ვაჭმევ – სიმინდს, ხორბალს, კიტრს, პომიდორს. პური ძალიან უყვარს. ზოგადად ძალიან მიყვარს ფრინველები, მყავს მოლაპარაკე თუთიყუში და მასზეც ვგიჟდები. ქათმებსაც ვზრდი, მაგრამ მათი დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება და ვკლავ ხოლმე.

– ბატს დაბადების დღეებსაც ხომ არ უხდით?

– რა თქმა უნდა, დაბადების დღეებსაც ვუხდით. ზაფხულშია დაბადებული. ჩემი ქმარი მიდის და იმ დღეს განსაკუთრებულ საჭმელს ყიდულობს, ისეთს, რაც ვასიას მოსწონს. გეუბნებით, როგორც ოჯახის წევრს, ისე ვექცევით. ჩემი მეუღლე მეზღვაურია და, როცა ქალაქიდანაა გასული, სოციალური ქსელით რეკავს და ვასიასთან დალაპარაკებას ითხოვს. ხმამაღალზე ვრთავ ტელეფონს და ვასიაც აგრძნობინებს ხოლმე, რომ მისი მოსმენა სიამოვნებს.

ნეტა, ადამიანებს ესმოდეთ ისე, ვასიას რომ ესმის. ჩემი მეუღლე სახლში რომ რეკავს, პირველს ვასიას კითხულობს, როგორ არისო. მე ვეუბნები, ჯერ ჩვენ მოგვიკითხე, ვასიას რომ კითხულობ-მეთქი.

– რამდენია ბატის სიცოცხლის ხანგრძლივობა?

– როგორც ვიცი, 60-70 წელი ცოცხლობს. თუ ასე იქნა, ვასია კიდევ ცოცხალი იქნება, მე რომ გარდავიცვლები. არ ვიცი, რა რეაქცია მექნება, ეს რომ მოკვდეს. თუთიყუში მომიკვდა და მთელი კვირა ვგლოვობდი. ამ ბატის გარეშე კი არ ვიცი, როგორ გავძლებ. ვდარდობთ, რომ უკვე ასაკი ეტყობა, ისეთი ლაღი ვეღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ სასწაული კბენა იცის, ახალგაზრდული.

– ნათესავები და მეზობლები რას ამბობენ ვასიაზე, არ უკვირთ თქვენი ურთიერთობები?

– ვინც მოდის, პირველად ვასიას კითხულობს და ნახულობს. მთელი დასახლება იცნობს და ჩვენს ბატზე ნათესავებიც გიჟდებიან. მოკლედ, ჩვენი ვასია ძალიან მიღებულია ყველგან.

– ვასიას არასოდეს ჰყოლია მეწყვილე?

– კი, როგორ არა, ჰყავდა. 7-8 თვის იყო, როცა ბებიაჩემმა დედალი ბატი მოიყვანა. 2 წელი იყვნენ ერთად, მაგრამ შემდეგ ვასიას “ცოლი” გარდაეცვალა და ძალიან ინერვიულა. მოწყენილი და დადარდიანებული იყო, რადგან მას ძალიან შეეჩვია. ჩემი ქმარი ამბობდა, ახლა სად ვუშოვოთ “ცოლიო”. მერე ვიფიქრეთ, ისიც არ მოუკვდეს და ასე არ განიცადოს-თქო, ამიტომ აღარ მოვუყვანეთ.

ბატი იხვისებრთა ოჯახის ფრინველია, რომელიც საშუალოდ 80 წელს ცოცხლობს და დაახლოებით 6 კგ-ს იწონის. ვასიაც 6 კილოა. ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ ვასიასთან ერთად კიდევ ბევრ წელს გაატარებენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი