რაში სჭირდება დონალდ ტრამპს გრელანდიის ყიდვა

რაში სჭირდება დონალდ ტრამპს გრელანდიის ყიდვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, როგორც 70 წლის წინ, დანიამ ამჯერადაც უარი განაცხადა. უარის შემდეგ ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

რისთვის ჭირდება ამერიკას მსოფლიოს უდიდესი კუნძული, რა შეიძლება ღირდეს გრენლანდია და რა შუაშია რუსეთი და ჩინეთი ? რა სიმდიდრეა გრენლანდიაში?
გრენლანდიის ტერიტორიის დაახლოებით 80% ყინულით არის დაფარული, თუმცა კუნძულის წყლები მდიდარია თევზით, ხოლო უშუალოდ კუნძული მდიდარია სხვადახვა ძვირფასი წიაღისეულით, რომლის მოპოვებაც ყინულის მოსალოდნელ დნობასთან ერთად უფრო გამარტივდება.

გრენლანდიაში მოიპოვება ნავთობი და ურანი, ასევე, სხვადასხვა იშვიათი წიაღისეული. მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის უმნიშვნელოვანესი ნეოდიუმი, პრაზეოდიმი, დისპორზიუმი და ტერზიუმი. ამ იშვიათ ნივთიერებათა მთელი წარმოების 70% ჩინეთს ეკუთვნის, რომელთანაც აშშ სავაჭრო ომის მდგომარეობაშია.

ამ ნივთიერებების მარაგი აფრიკის კონტინენტზეც არსებობს, თუმცა იქაური საბადოების თითქმის 100% ჩინეთმა უკვე შეიძინა. ამასთანავე, ჩინეთმა გასცა დაპირება, რომ მსოფლიო ბაზარზე ამ ნივთიერებებზე წვდომას არ შეზღუდავს, თუმცა აშშ-სთვის ხელმისაწვდომი ღია საბადოების მარაგი მხოლოდ მომავალი 20 წლისთვის იქნება საკმარისი.

ამ დროისთვის აშშ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში უპირობო ლიდერი და ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ამ სტატუსის შენარჩუნებაში გრენლანდიამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

რისთვის სჭირდება გრენლანდია პენტაგონს?
კუნძული სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს, არქტიკაში მდებარეობს. სწორედ, გრენლანდიაზე გადის უმოკლესი გზა ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული გაცილებით უფრო ახლოს მდებარეობს ამერიკასთან, ვიდრე დანიასთან, ტერიტორია დანიის სამეფოს ავტონომიურ ერთეულად მიიჩნევა.

ტრამპის თქმით, გრენლანდიის შეძენა სტრატეგიული კუთხით ძალზედ სასარგებლო იქნებოდა.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირთან ცივი ომის დროიდან გრენლანდიაზე აშშ სამხედრო ბაზა არსებობს. პენტაგონში კუნძულზე დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაფართოვება სურთ, რათა დაუპირისპირდნენ ჩინეთისა და რუსეთისგან მომავალ სამხედრო საფრთხეებს.

1946 წელს, დაახლოებით იგივე მოსაზრებებით მოქმედებდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჰარი ტრუმენი, რომელიც კუნძულის სანაცვლოდ დანიას 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ორ ბანაკად იყოფოდა, შესაბამისად გრენლანდიის შეძენა ემსახურებოდა მიზანს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია მოწინააღმდეგეების გავლენის სფეროში არ აღმოჩენილიყო.

რაც შეეხება ჩინეთს, აქ უკვე დიდი ხანია საუბრობენ არქტიკულ სავაჭრო გზაზე, წინა წელს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები გრენლანდიაში ორი აეროპორტის აშენებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ორივე კონტრაქტი დანიურ მხარეს გადაეცა.

თავის მხრივ, რუსეთი აგრძელებს არქტიკაში სამხედრო პოტენციალის ზრდას. ყოველწლიურად იზრდება რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში, ფრანც-იოსების მიწაზე მდებარე სამხედრო ბაზა, ტრილისტნიკი. ამ ბაზაზე არსებული აეროდრომი თითქმის მზადაა ყველა სახის სამხედრო მფრინავი აპარატების მისაღებად.

რისთვის სჭირდება გრენლანდია ტრამპს?
დონალდ ტრამპი შთამომავლობით მშენებელია, ბევრი წლის განმავლობაში იგი ყიდულობდა მიწებს, აშენებდა სახლებს და ყიდდა აპარტამენტებს. თუმცა ამ მომენტში იგი პრეზიდენტია და პირობას დებს, რომ გრენლანდიაში იგივენაირად არ მოიქცევა.

ცხადია, ტრამპის პირადი ინტერესები მხოლოდ ფინანსებით არ შემოიფარგლება. გრენლანდიის შეძენით ტრამპი ენდრიუ ჯონსონისა და თომას ჯეფერსონის გვერდით დაიმკვიდრებდა ადგილს, რომლებმაც აშშ-სთვის ალასკა და ლუიზიანა შეიძინეს.

მიწათა შემკრების სახელი სავარაუდოდ გადაფარავდა დონალდ ტრამპის კონტრავერსიული პრეზიდენტობის საკამათო მომენტებს.

რა შეიძლება ღირდეს გრენლანდია?
უკვე დიდი ხანია, რაც გრენლანდიის მასშტაბის დასახლებული მიწები აღარ იყიდება. შესაბამისად, მსოფლიოს უდიდესი კუნძულის ზუსტი ღირებულების განსაზღვრა უკიდურესად რთული იქნება.

თუმცა წარსული გამოცდილების და დღევანდელი ეკონომიკური მოცემულობის გათვალისწინებით შესაძლოა მიახლოებითი ფასის გამოთვლა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში თომას ჯეფერსონმა საფრანგეთისგან ლუიზიანა 15 მილიონ დოლარად შეიძინა. აქედან 50 წლის შემდეგ პრეზიდენტმა, ენდრიუ ჯონსონმა ალასკა რუსეთისგან 8 მილიონ დოლარად შეიძინა. 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა დანიას ჰარი ტრუმენი ისევ და ისევ გრენლანდიის სანაცვლოდ.

ინფლაციის გათვალისწინებითაც კი დღეს ეს თანხა არათუ კუნძულს არამედ, მანჰეტენზე პრესტიჟულ სახლის შესაძენადაც არ იქნება საკმარისი. აქედან გამომდინარე, უფრო სწორი იქნება თუ ორიენტირებას აშშ-ში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასების გავითვალისწინებთ. ამგვარად, ფართობით გრენლანდიასთან თანაზომადი ლუიზიანას ფასი დღეს ერთი ტრილიონი დოლარი იქნებოდა.

ტერიტორიის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით ფასი შესაძლოა რამდენჯერმე გაიზარდოს.

სჭირდება თუ არა დანიას ფული?
ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია დანიისთვის ზედმეტი ტვირთია.

,,ისინი ძალიან წვალობენ, ყოველწლიურად გრენლანდიის შესანახად 700 მილიონ დოლარს ხარჯავენ”,— განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მართლაც დანია ყოველწლიურად 640 მილიონ დოლარით ეხმარება, თუმცა ეს თანხა გრენლადიის ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი პროცენტია. თავის მხრივ დანია მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოების ათეულში შედის, ხოლო სახელმწიფო ვალი უმნიშვნელოდ დაბალია, საბანკო სექტორს კი ფული იმდენად არ ძჭირდება, რომ საპროცენტო სარგებელი ხშირად 0,05 პროცენტზეა.

აქვს თუ არა აშშ-ს გრენლანდიის შესაძენი ფული?
დანიისგან განსხვავებით, აშშ-ს სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას აღემატება. ამერიკის ჯამური ვალი 22 ტრილიონი დოლარია და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. სახელწმიფო ბიუჯეტი საშუალოდ 1 ტრილიონი დოლარის დეფიციტს განიცდის, რომელიც სესხებით იფარება.

მიუხედავად ამისა, აშშ-ს ამ ვალის პრაქტიკულად ულიმიტო გაზრდა შეუძლია, ვინაიდან, მსოფლიოში აუთვისებელი და მომგებიანი ახალი აქტივები არ არსებობს. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციები ყველაზე მოთხოვნადი და საიმედო აქტივია, რაშიც შეიძლება ფული იქნეს დაბანდებული.

იმ შემთხვევაშიც კი თუ დანია შეთავაზებას დათანხმდებოდა, ამ მოცულობის თანხების მისაღებად ტრამპს კონგრესის თანხმობა დაჭირდებოდა, რომელიც ამ დროისთვის მექსიკის საზღვარზე ასაშენებელი კედლისთვის საჭირო რამდენიმე მილიარდი დოლარის გამოყოფას არ თანხმდება.

გაგრძელდება თუ არა ისტორია?
ამ დროისთვის დანია უკომპრომისოა.

“გრენლანდია არ იყიდება, გრენლანდია არ ეკუთვნის დანიას, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიას, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის სერიოზული შეთავაზება”, — განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, დანი მეტტე ფრედერიკსენმა.

ამ შემთხვევაში, ტრამპმა იმედები გრენლანდიელ სეპარატისტებზე უნდა დაამყაროს. თუკი ვთქვათ 2021 წელს, კოლონიზაციის 300 წლის იუბილეზე გრენლანდიელები დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, მაშინ მათ ექნებათ უფლება, გაყიდონ ტერიტორია.

იმ შემთხვევაში თუ კი ეს რეალობა დადგება, გრენლანდია მომენტალურად მილიონერთა კუნძულად გადაიქცევა. იმ შემთხვევაშიც კი თუ კუნძული მინიმუალურ 1 ტრილიონ დოლარად გაიყიდება, ეს კუნძულის თითოეულ მცხოვრებს 18 მილიონი დოლარით გაამდიდრებს.

BBC, მოამზადა ტაბულამ