ნიკა გვარამიას გირაო შეუფარდეს – ,,ამ ხალხმა კარგად იცის, რომ მე ფული არ მაქვს და არ გამიკეთებია”

ნიკა გვარამიას გირაო შეუფარდეს - ,,ამ ხალხმა კარგად იცის, რომ მე ფული არ მაქვს და არ გამიკეთებია"ნიკა გვარამიას საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის 5 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. გირაოს გადახდა ნიკა გვარამიას 30 დღის განმავლობაში მოუწევს.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

-საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკიც არ არის რელევანტური. ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილმაც, პროკურატურამაც, სხვა სამართალდამცავებმაც, რომ მე ფული არ მაქვს და არ გამიკეთებია. ამათ ეჩვენებათ, რომ მე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმქონდა ფული და მგონი, აკლიათ “ენმ-ის” ნიადაგზე იმიტომ, რომ “ენმ-ში” მიმქონდა ფული კი არა, ხელფასი საიდან დამერიგებინა იმის ფიქრის მეტი არაფერზე არ მიფიქრია 7 წლის განმავლობაში, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რუსთავი 2