ნიკა გვარამია ,,იმედის” ჟურნალისტებს: ,,კმარა, მოვრჩეთ ბოდვებს და ტყუილებს!”

ნიკა გვარამია ,,იმედის" ჟურნალისტებს: ,,კმარა, მოვრჩეთ ბოდვებს და ტყუილებს!"დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებმა პროტესტი გამოთქვეს იმ ფილმთან დაკავშირებით, რომელიც ამ არხის ეთერში გავიდა. მათ პროტესტს ,,რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქით გამოეხმაურა:

,,ახლა დიდი ბოდიში, ბოდვას და ტყუილებს მოვრჩეთ. ,,იმედზე” გასული მოღალატეობის ქრონიკა სად გაკეთდა და საიდანაა მოტანილი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, ჟურნალისტები რომ არ მონაწილეობდნენ თურმე (ვინ მიაღებინებდათ მონაწილეობას, რომც სდომოდათ).

ფილმი გაკეთდა ივანიშვილის პირადი ზედამხედველობით ლალიაშვილის და ნაცვლიშვილის მიერ. და ,,იმედის” ჟურნალისტებმა იქნებ უარყონ, რომ ეს ორი ადამიანია დღეს მათი ედიტორიალის განმსაზღვრელი, ისინი უდგენენ ,,ვიორსტკას”, იძლევიან მითითებებს და ბოლოს გადიან სიუჟეტს დეტალებში. და რა, ამ ფილმამდე ამავე ხაზის ასეთივე სიუჟეტები არ ყოფილა ამ არხზე თუ რა?

მორჩით ახლა თავის და სხვების მოტყუებას და კოლეგიალურ რაღაც თანაგრძნობას თუ რაღაც ასეთ სისულელეს. და კოლეგებმა ერთი შემთხვევა მაინც მაჩვენეთ, თქვენი უსამართლო ჩაგვრის და სამართლიანი პროტესტის დროს ერთი ,,იმედის” ჟურნალისტის კოლეგიალური მხარდაჭერის. სულ იქით რატომაა ეს მხარდაჭერა, თან მთლად ღალატთან შემგუებლობის გასაზავებლად?

მართლა კმარა უკვე, გულისამრევი ტყუილები და სამარცხვინო დამშვიდება და კომპლიმენტები. ამ მდგომარეობის იმედზე, ქართულ ,,ოერტეზე”, რუსულ პროპაგანდისტს ნადეჟდაზე ნორმალური ადამიანი არ უნდა მუშაობდეს – ამის თქმა უნდა ყველას და უნდა თქვათ.

,,ბავშვებს რა აჭამოს მერე” – არ მუშაობს. სამშობლოს ღალატს ვერ უშველის ეგ არგუმენტი, ნუ ატყუებთ, ნურც ყველას საყვარელ ღვინჯოს და ნურც უკლასეს ტორესას, და მერე ზურგს უკან ნუ ვიშვიშებთ – თვითონ ხომ უნდა ხვდებოდეს, კაცოო. პირდაპირ უნდა ითქვას – ასეა ეს”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი