,,ირაკლი თორდინავას საჭმელზე მეტად სწავლა უნდოდა, ამიტომ დაიწყო შიმშილობა” – 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების დეტალები

,,ირაკლი თორდინავას საჭმელზე მეტად სწავლა უნდოდა, ამიტომ დაიწყო შიმშილობა" - 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების დეტალებიდუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრები 34 წლის ირაკლი თორდინავა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმს“ წყარომ განუცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართა, რომ სწვლა სურდა.

ის დღეს ფოთში დაკრძალეს. იქ ირაკლი თორდინავას ბიოლოგიური დედა ცხოვრობდა.

გასაგები მიზეზების გამო „პრაიმტაიმი“ წყაროს სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს.

-ირაკლი თორდინავა 34 წლის იყო. ის ნიჭიერებით გამოირჩეოდა. მისი მიზანი თბილისში საცხოვრებლად გადასვლა, უცხო ენის სწავლა და აშშ-ში სასწავლო პროგრამით გამგზავრება იყო. რასაც თვეების განმავლობაში ელოდებოდა. პანსიონატში მას პირველადი საჭიროებები სრულად დაკმაყოფილებული ჰქონდა. თუმცა მას საჭმელზე მეტად სწავლა უნდოდა…

როცა რამდენიმე თვის შემდეგ მის ცხოვრებაში არაფერი შეიცვალა, შიმშილობა გამოაცხადა. საწყალმა 1 თვე იშიმშილა. ტრეფიკინგის ფონდს როცა მიმართა, უთხრეს, საჭმელი ჭამე, დაგეხმარებით, გასწავლით და ხელს შეგიწყობთო, მაგრამ ის უკვე იმედგაცრუებული იყო. მაგან თავის თავი გაწირა.

ჰყავდა ბიოლოგიური დედა, რომელიც ფოთში ცხოვრობს. მან  უთხრა, თუ ყველაფერი არ შეგისრულეს, იშიმშილეო. ისე მოვლას, ტანსაცმელს და პატრონობას არ აკლებდნენ, მაგრამ ამერიკაში სწავლაზე ოცნებობდა. როცა განსაკუთრებულად დამძიმდა ამდენი შიმშილით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჩვენს დაწესებულებაში დირექტორი ყველაზე იშვიათი სანახავია. მაშინ მოდის მხოლოდ სამსახურში, როცა მონიტორინგის სამსახური ჩამოდის, – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდს ექვემდებარება. ამიტომ „პრაიმტაიმი“ აღნიშნულ დაწესებულებას დაუკავშირდა.

როგორც დაწესებულების დირექტორმა განმარტა, ირაკლი თორდინავა ნამდვილად ითხოვდა თბილისში სწავლის მიზნით გადმოსვლას. თუმცა, მერი მაღლაფერიძის თქმით, ის არა სუიციდის, არამედ  ინსულტის მსხვერპლი გახდა.

-გარდაიცვალა ინსულტით, გადიოდა მკურნალობას, გვეგონა, გაუუმჯობესდა ჯანმრთელობა, მაგრამ მოულოდნელად მდგომარეობა დამძიმდა. ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული ორგანული პრობლემა ჰქონდა, ამას შიმშილთან და სუიციდთან კავშირი არ ჰქონია.

ირაკლი ნამდვილად ითხოვდა თბილისში არსებულ დაწესებულებაში გადმოყვანას, რათა ინგლისურის კურსებზე ევლო. ჩვენს ფილიალებში ხანდაზმულთა პანსიონატსა და ჩვილ ბავშვბთა სახლში მისი გადმოყვანა შეუძლებელი იყო ასაკიდან გამომდინარე.

ცოტა გამიკვირდა სუიციდის შემთხვევის შესახებ თქვენი ინფორმაცია. ირაკლი დუშეთის პანსიონატში ინგლისურ ენას სწავლობდა და ვაპირებდით უცხოელი სპეციალისტების მიწვევასაც. თუმცა მერე ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ირაკლი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

„პრაიმტაიმი“ შსს-ს 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტის გამო დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისთვის გამოძიების დეტალები უცნობია.

პრაიმტაიმი, ავტორი თამარ ბუჩუკური