,,ვიწვოდი, სისხლი მდიოდა ყველაფრიდან” – ადიგენში კაცმა მეზობელს მჟავა შეასხა

,,ვიწვოდი, სისხლი მდიოდა ყველაფრიდან" - ადიგენში კაცმა მეზობელს მჟავა შეასხაახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ მ.ქ–ს ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა 2018 წლის 22 ოქტომბერს მოხდა.

როგორც დაზარალებული ყვება, მ.ქ–მ მჟავა მაშინ შეასხა, როდესაც საქონელი მიჰყავდა. ქ.ჯ–ს სახის მარცხენა მხარე აქვს დამწვარი, დაუზიანდა ყური, ყელის ნაწილი და მარჯვენა თვალი.

„22 ოქტომბერს საქონელი გავრეკე და გორიდან ჩავდიოდი, ის ამოდიოდა მაღლა. დავინახე რომ ხელში ბოთლი და პლასტმასის ჭიქა ეჭირა. მივუახლოვდით ერთმანეთს. არაფერი უთქვამს, ისე შემომასხა რაღაც. ვიფიქრე, წყალია და გამეხუმრა-მეთქი, მაგრამ სახე, რომ გახურდა, დავიბენი. მეორედაც შემომასხა, უკვე ცუდად ვიყავი და გაქცევა მინდოდა, მესამედ კიდევ გადმოასხა ბოთლიდან ჭიქაში და რომ გავრბოდი მაშინ, ისევ სახეში მომასხა. აზრზე ვერ მოვდიოდი. გავიქეცი, წყალთან მივედი და სახეში ვისხამდი. ვიწვოდი და სისხლი მომდიოდა ყველაფრიდან“,- ყვება დაზარალებული.

როგორც დაზარალებული ჯ.ქ. ამბობს ბრალდებულთან უთანხმოება არასდროს ჰქონია, მხოლოდ ერთხელ მოუვიდათ შელაპარაკება. მჟავის შესხმის შემთხვევა კი ამ ამბიდან რამდენიმე თვეში მოხდა: „ბრალდებული ჩემს ნათესავ ქალს აწუხებდა“.

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ ორი თვე დამწვრობის ცენტრში გაატარა, შემდეგ კი სახლში მკურნალობდა: „არაფრის გამო ასეთ დღეში ჩამაგდო, დამასახიჩრა და დამტანჯა. ერთი ოპერაცია ყურზე გამიკეთეს. ოპერაცია კიდევ მჭირდება თვალსა და ყელზე“.

კახარეთში მომხდარის გახსენება და საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირების შესახებ არაფერი იციან და არც გაუგიათ. საქმეზე საუბარი არც მსჯავრდებულის ძმებმა ისურვეს.

მსჯავრდებულის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ მისი დასცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადვოკატიც.

„საქმეში ბევრი უზუსტობაა. იმ დღეს, როცა ეს ფაქტი მოხდა, არ ჰქონიათ კონფლიქტი. ერთმანეთი ნახეს და შემდეგ დაშორდნენ. თუ სამჯერ შეასხა და ამან მალევე ხელები აიფარა სახეზე, შემდეგ შესხმაზე მჟავა ხელზეც ხომ მოხვდებოდა, არ აქვს დამწვარი. ამას გარდა, ბოთლსა და ჭიქაზეც არ აღმოჩნდა მჟავა“,-ამბობს ბარძიმაძე.

მისივე თქმით, საქმის არსებითი განხილვის, დროს დაზარალებულმა განაცხადა, რომ მ.ქ, მის ნათესავს აწუხებდა და რადაც უნდა დაჯდომოდა, უნდა მოეშორებინა თავიდან.„პროცესზე რომ დავკითხე, დაზრალებულმა თქვა, რომ ეს კაცი ჩემს ნათესავ აწუხებდა და ვერ ჩამოვაშორე ვერაფრითო, ყველაფერს ვიზამდი, რომ თავი დაენებებინა, თუნდაც ციხეში ჩამეჯინაო“.

ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ არ იციან, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ თუ არა.

საქმეზე გამოძება სსკ-ს 117 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.(სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება.)

მარიამ ბარძიმაძე, სამხრეთის კარიბჭე