სულხან ლომინაძე – წარმატებული კარდიოქირურგი, რომელსაც პაციენტები ანდობენ გულს!

სულხან ლომინაძე - წარმატებული კარდიოქირურგი, რომელსაც პაციენტები ანდობენ გულს!ექიმი-კარდიოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი და კორპორაცია “ევექსის” კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ლომინაძე, ლოკალური მონიტორინგის და კვლევების თანახმად, წლის ყველაზე აღიარებულ კარდიოქირურგად სახელდება.

მინი-დოსიე: სულხან ლომინაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა ინტერნატურა და დაიწყო მუშაობა ქირურგიის ინსტიტუტის კარდიოქირურგიულ განყოფილებაში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაერთ წამყვან კლინიკაში, მათ შორის ბერლინში, ჟენევასა და ისრაელში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო ოპერაციების დამოუკიდებლად კეთება. სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი აქვს – დედა კარდიოლოგია, მედიცინის მუშაკია მეუღლეც.

– ბატონო სულხან, თქვენ წარმატებულ კარიოქირურგად სახელდებით. როგორ ფიქრობთ, ექიმის ასეთი აღიარება რითია განპირობებული?

– პირველ ყოვლისა, გაკეთებული ოპერაციების ხარისხით და შედეგებით. პაციენტებმა ზუსტად იციან, ვინ როგორი ექიმია. საქართველო პატარაა და პაციენტიდან პაციენტთან გადადის ინფორმაცია. გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი პაციენტი არის ყველაზე ზუსტი ინდიკატორი.

– გარდა პროფესიონალიზმისა, რა არის საჭირო კარგი ექიმისთვის?

– გულისხმიერება და პაციენტთან ურთიერთობა. არ უნდა დაიზარო, დეტალურად აუხსნა პაციენტს მისი ზუსტი მდგომარეობა – რა უკეთდება, რა გაუკეთდა და რამე თუ ვერ გაუკეთდა. მას უნდა მოუყვე ზუსტი სურათი. როდესაც მართალი ხარ შენს თავთან, პაციენტთან და ღმერთთანაც მათ შორის, შემდეგ უკვე უკუკავშირს მიიღებ ავტომატურად.

– დღის განმავლობაში დაახლოებით რამდენი ოპერაციის ჩატარება გიწევთ?

– ყოველდღიურად რამდენიმე ოპერაციას ვაკეთებ. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა დღის განმავლობაში 5 ოპერაცია ჩავატარე, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თითქმის თანაბარი რაოდენობით ვაკეთებ როგორც გეგმურ, ასევე გადაუდებელ ოპერაციებს. ამიტომ ჩემთვის გაწერილი სამუშაო განრიგი არ არსებობს.

ზოგადად, ჩვენს პროფესიაში ასეა. ნებისმიერ დროს შეიძლება, გამომიძახონ და მომიწიოს ოპერაციის ჩატარება. ეს ჩემი ცხოვრების წესია, რაც სიამოვნებას მანიჭებს. თუ ადამიანს თავისი საქმე არ აბედნიერებს, ის წარმატებული ვერ იქნება. როცა, ფაქტობრივად, უიმედო მდგომარეობიდან წარმატებით გამოვდივარ, საოცრად მეამაყება და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ღირდა ამ პროფესიის არჩევა.

ექიმის პროფესია დაკავშირებულია პაციენტების სიყვარულთან და თუ გინდა, რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო, მაშინ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო.

– რა სირთულის ოპერაციების კეთება გიწევთ?

– ყველანაირი სირთულის ოპერაციების, რაც კი კეთდება მოზრდილებში და შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და მაგისტრალურ სისხლძარღვებს.

მაგალითად, ერთი კვირის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი სტენოკარდიული ტკივილებით მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ განყოფილებაში, დასტენტეს და დაითრომბა სტენტი. სტენტირება აღმოჩნდა უშედეგო და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო – გულის ფუნქცია საკმაოდ დათრგუნული იყო, წნევაც არ ესინჯებოდა და ასეთ მდგომარეობაში გავიყვანეთ საოპერაციოში.

საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს პაციენტი უკვე გავწერეთ ბინაზე. გაკეთებული გვაქვს განმეორებითი ბენტალის ოპერაცია, როდესაც იცვლება აორტული სარქველი, აღმავალი აორტა და ხდება კორონარული არტერიების იმპლანტირება ხელოვნურ პროთეზში. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციაა.

ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა გადაუდებელი სასიცოცხლო ჩვენებით ვაკეთებთ ოპერაციებს, როცა მინიმალურია გადარჩენის შანსი და მაინც ვახერხებთ სიცოცხლის შენარჩუნებას. ეს ექიმისთვის დიდი გამარჯვებაა.

– ბატონო სულხან, როგორც კარდიოქირურგიაში გამორჩეულ ექიმს გეკითხებით, რა არის აუცილებელი ამ დარგის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში?

– პირველ ყოვლისა, აუცილებელია  ხარისხის კონტროლი და სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ამ მიმართულებით. ჩვენი მოსაზრებით, არ შეიძლება საქართველოში არსებობდეს კარდიოქირურგიის 20 განყოფილება, როცა მაქსიმუმ 5 სრულიად აკმაყოფილებს ჩვენს მასშტაბებს. შესაბამისად, ხარისხიც მოიკოჭლებს, გაკეთებული ოპერაციების რაოდენობაც დაბალია.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპერაციის ღირებულება. მიუხედავად  ყოველ წელს მზარდი ეკონომიკური პარამეტრებისა და  ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობისა, უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ოპერაციის ღირებულება არ შეცვლილა. მაღალტექნოლოგიური ოპერაციები,  რომლებიც ძვირადღირებული ფუფუნებაა, ითხოვს მზარდ ფინანსურ სტაბილურობას. ზოგადად ეკონომიკური სექტორის სისუსტე განაპირობებს ამას.

ვფიქრობ, რომ აუცილებელია ასევე სამედიცინო ტურიზმის განვითარება და დანერგვა საქართველოში. კომპანია “ევექსთან” ერთად ჩვენ ამ სექტორის განსავითარებლად ინტენსიურად ვმუშაობთ და გვაქვს პროგრესული გეგმები ამ მიმართულებითაც.

გოგიტა გიორგაძე