რატომ უნდა მიმართონ პაციენტებმა ღუდუშაურის კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებას და რა მიაჩნია მის ხელმძღვანელს მთავარ სამუშაო პრიორიტეტებად?!

რატომ უნდა მიმართონ პაციენტებმა ღუდუშაურის კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებას და რა მიაჩნია მის ხელმძღვანელს მთავარ სამუშაო პრიორიტეტებად?!მაია ჩიგოგიძე ო. ღუდუშაურის კლინიკის გულისა და სისხლძარღვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ექიმი კარდიოლოგი, კარდიოექსკოპისტი, თსუ დოქტორანტი, SC, EACVI წევრი.
მისი პროფესიული კარიერა უკვე 20 წელიწადს ითვლის. ინტერნატურის კურსის დამთავრების შემდეგ, 1999 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში შემდეგ თანამდებობებზე: ექიმი კარდიოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი, კლინიკების გაერთიანების სამედიცინო დირექტორი, სამედიცინო მენეჯერი. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პედაგოგიურ საქმიანობასაც.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ: თურქეთის, გერმანიის, ავსტრიის წამყვან კლინიკებში კარდიოლოგიური მიმართულებით. ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.
სულ რამდენიმე თვეა, რაც აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალი მიმართულება ჩამოყალიბდა – გულისა და სისხლძარღვთა დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე მატერალურ-ტექნიკური ბაზით და მკურნალობა მიმდინარეობს საერთაშორისო გაიდლაინებითა და პროტოკოლებით.
რა ტიპის მომსახურებას სთავაზობენ დეპარტამენტში და რატომ ასახელებენ გამოკითხვებისას მის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია ჩიგოგიძეს გულისხმიერ და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ექიმად, ამ და სხვა კითხვებით ქალბატონ მაიას მივმართეთ.
– ქალბატონო მაია, სულ რამდენიმე თვეა, რაც ღუდუშაურის კლინიკაში კარდიოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ. მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ეს დეპარტამენტი.
– აკად. ო.ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ათეული წლებია, ქართულ სამედიცინო ბაზარზეა წარმოდგენილი. ის გახლავთ ძალიან მაღალი დონის მულტიპროფილური კლინიკა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კრიტიკული მედიცინა, ინტენსიური თერაპია, სამეანო-გინეკოლოგია, ნეონატალური, ნევროლოგია-ნეიროქირურგია, ქირურგია, ტრავმატოლოგია და სხვა. ბოლო 7 თვეა, მას დაემატა კარდიოლოგიური მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია სრული სერვისით. განყოფილება გათვლილია 30 საწოლზე და წარმოდგენილია: ინტენსიური კარდიოლოგიით 10 საწოლზე, ინტერვენციული და თერაპიული კარდიოლოგიით. როგორც ინტენსიური ბლოკი, ასევე პალატები და მთლიანად განყოფილება სრულად აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და აპარატურით. გვაქვს ამბიცია, განვახორციელოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვა სწორი, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით. კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ვახორციელებთ როგორც გულის და მსხვილი სისხლძარღვების კათეტერიზაციას, ასევე პერიფერიული სისხლძარღვების კათეტერიზაციას. ჩვენთან ერთად მუშაობს ანგიოქირურგიული გუნდიც.
კომფორტია, როდესაც ერთ სივრცეშია მოქცეული სრული სერვისი. ჩვენთან, ღუდუშაურში, ასეა. პაციენტს აღარ უწევს გადამისამართება სხვა კლინიკაში.
ვახორციელებთ: 24-საათიან ჰოლტერ-მონიტორირებას, ფიზიკური დატვირთვის სტრესტესტს – ტრედმილით, ტრანსთორაკალურ და ტრანსეზოფაგულ ექოკარდიოგრაფიას.
სიმსივნით დაავადებული და ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის გულის ექოსკოპიის შედარებით ახალ მიმართულებას ”Spec­kle tracking ec­hocar­dio­graphy”  ჰქვია. მარტივად და ხალხისთვის გასაგებ ენაზე რომ გადმოვცე, ეს არის იშემიზირებული მიოკარდიუმის გამოვლენა, რომელიც ჩვეულ გულის ექოსკოპიაზე არ ჩანს. 2018 წლის ონკო-კარდიოლოგიურ გაიდლაინში უკვე შეტანილია კვლევის ეს მეთოდი, როგორც მანდატორულია ქიმიოთერაპიის წინ და მის შემდეგ. ამის შესახებ პაციენტების უდიდესმა ნაწილმა არ იცის და მინდა განვაცხადო – ღუდუშაურის კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში ამ სერვისს მიიღებენ.
თავადაც სხვადასხვა დროს უცხოეთის წამყვან კლინიკებში დაგროვილ გამოცდილებას ვნერგავ სწორედ ჩვენს დეპარტამენტში. მაღალი ხარისხი მედიცინაში – დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ძირითადი ორიენტირიც სწორედ ამაზე კეთდება.
დამეთანხმებით, მსგავს გარემოში მუშაობა კომფორტულია, პირველ რიგში, ექიმისთვის და შემდეგ – პაციენტისთვის. ჩვენ გამოვედით ბაზარზე სულ რაღაც 7 თვეა და ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ღუდუშაურის კლინიკაში არსებობს ისეთი დონის კარდიოლოგიური დეპარტამენტი, სადაც პაციენტებს შეუძლიათ, მიიღონ მაღალი სტანდარტის სრული კარდიოლოგიური სერვისი და პროფესიონალთა გუნდი. თუმცა, აქ ერთხელ მოხვედრილი პაციენტი უკან აუცილებლად გვიბრუნდება და თვითონ მოჰყავს ახალი პაციენტი.
მუშაობის მანძილზე უფრო და უფრო მეტ რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ჩვეთან გადმომისამართებულია პაციენტები ისეთი პათოლოგიებით, როგორიცაა: მძიმე ეკლამფსია, ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის არტერიის ემბოლია და გულის ტამპონადა, აორტის დისექცია, ასისტოლია, პარკუჭთა ფიბრილაცია, წინაგულის მიქსომა, ენდოკარდიტი და ა.შ. სწორედ ამიტომაც, ჩვენი სლოგანია: “რთული შემთხვევების პროფესიონალურად მართვა”.
– ქალბატონო მაია, პაციენტები განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით გამოგარჩევენ…
– ვფიქრობ, ჩემს პროფესიაში ისეთ დაძაბულ დროში, როდესაც ექიმების მიმართ ნდობა დაკარგულია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ექიმისათვის პაციენტის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, პირველად ხვდებით პაციენტს, რომელიც განდობს საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გიყურებს თვალებში და ფიქრობს, რა ელის შენს ხელში. განგიცდიათ ეს გრძნობა? იგი ამის წაკითხვას შენს თვალებში, შენს სახეზე და შენივე ქცევებში ცდილობს. ჩვენ ფსიქოლოგებიც უნდა ვიყოთ. რთული სულაც არაა მათთან საერთო ენის გამონახვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მედიკამენტი არც კი დამჭირვებია. რა თქმა უნდა, მყოლია ისეთი პაციენტიც, რომელიც მიდის საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ნებსით თუ უნებლიედ, საბედნიეროდ, ეს არც ისე ხშირია. ვცდილობ, მკაცრი წესები და აკრძალვები არ დავუწესო, რადგან ვიცი, რომ ის მეორედ აღარ მოვა.
რაოდენ გულდასაწყვეტიც უნდა იყოს, მყოლია სხვისგან განაწყენებული პაციენტი. ვერასოდეს თანავუგრძნობ მათ და ვერ გავიზიარებ მათ დამოკიდებულებას ჩემი კოლეგის მიმართ. ყველაზე მეტად ეს არ მიყვარს და არც ვმალავ… ხშირად, ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, სიხარულის გაზიარებაც უნდათ. მაქვს შემთხვევები, როდესაც იმის სათქმელად მირეკავენ, რომ კარგად არიან და არაფერი აწუხებთ. ისინი გრძნობენ, რომ შენთვის სულერთი არ არის მისი მდგომარეობა, რომ შენ ზრუნავ მათზე. შეუძლებელია, ეს არ დაინახონ და მადლიერება და პატივისცემა არ გამოხატონ შენ მიმართ. პაციენტი ამას ყოველთვის ხედავს და აფასებს! მადლობა მათ ნდობისათვის!