რატომ არის დედის გვარზე გიორგი მასხულია – ,,სკანდალებს მე თვითონ ვდგამ”

რატომ არის დედის გვარზე გიორგი მასხულია - ,,სკანდალებს მე თვითონ ვდგამ"გორის ,,ფეშენ ვიკის” სკანდალის გმირი, დიზაინერი გიორგი მასხულია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. როგორც ,,პოსტივის” წამყვანი ნინო ადამაშვილი ამტკიცებს, მასხულიამ ის თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის (გორის ,,ფეშენ ვიკის” ამბები იხილეთ ბმულზე).

სხვათა შორის, გორის სკანდალამდე გიორგი მასხულია ჟურნალ ,,სარკის” სტუმარი იყო და ამბობდა, რომ სკანდალებს ყოველთვის თავად დგამს.

რატომ არის დედის გვარზე გიორგი მასხულია - ,,სკანდალებს მე თვითონ ვდგამ"გიორგი მასხულიამ ქართულ მოდას 13 წლის ასაკიდან დაუკავშირა ცხოვრება. მოდელობით დაიწყო, მერე კი საკუთარი სამოდელო სააგენტო “გოლდენ ბრენდი” დააარსა, რასაც კონკურსი “მის და მისტერ გოლდენ ბრენდი” მოჰყვა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

მისი ინტერესები მრავალმხრივია. თავის ასაკში უკვე მოასწრო და მწერალთა კავშირის წევრი გახდა. კიევის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა პოლიტიკოსობისკენ უჭირავს თვალი. თუ ამ მიზანს მიაღწია, სავარაუდოდ, იქაც არ დააკლებს სკანდალური შოუების დადგმას, რადგან ეს საქმე, როგორც თავად გვითხრა, ძალიან მოსწონს.

– გიორგი, რას საქმიანობთ ახლა, ამჟამად რითი ხართ დაკავებული?

– პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის! მივესალმები თქვენს მკითხველებს. ვიტყვი, რომ “სარკე” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უკარგესი ჟურნალია, ნამდვილი ბრენდი!

წელს ჩემს სამოდელო სააგენტოს და კონკურს “მის და მისტერ გოლდენ ბრენდს” 5 წლის იუბილე აქვს, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება და პრიზად დავაწესებ ბინას ბათუმში, გოგოსაც გადავცემთ და ბიჭსაც. საქართველოს 30 ქვეყნის საერთაშორისო ჟიური ესტუმრება. შარშან 12 ქვეყნის საერთაშორისო ჟიური გვყავდა. გამარჯვებულ ბიჭს ავტომობილი ვაჩუქეთ, გოგონას – 5000 ლარიანი საპრიზო ჩეკი.

ჩვენს ქვეყანაში განებივრებულები არ ვართ მამაკაცის ლუქებით, ამიტომ დავაარსე ატელიე, სადაც მხოლოდ მამაკაცის ხაზი იქმნება. რამდენიმე პერსონალური ჩვენებაც გვქონდა. ჩვენი ლუქი მსახიობმა ზურა ყიფშიძემაც მოირგო. ის პოდიუმზე 50 წლის შემდეგ ისევ ავიყვანეთ და ჩვენება დავახურინეთ.

ასევე ვარ “ანაკლია ფეშენ ვიკის” დირექტორი. 2020 წლიდან კი “მისტერ ვალენტინის” კონკურსს მე ჩავუდგები სათავეში, პრიზიც იქნება – ავტომობილი. ოფიციალურად უკვე მე ვარ ამ კონკურსის დირექტორი.

– ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ დედამ, ჟურნალისტმა ლანდა მასხულიამ, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გზა გაგეკვლიათ და წარმატებისთვის მიგეღწიათ. რას გასწავლიდათ დედა, რას გირჩევდათ, როგორ გზრდიდათ?

– დედა ჩემი ხერხემალია, განსაკუთრებული ადამიანი. ჩვენ არამარტო დედა-შვილი ვართ, არამედ მეგობრებიც. მას შეუძლია ყველანაირად გვერდში დაგიდგეს. დედა მწერალთა კავშირის წევრია, 10 წიგნის ავტორი, ასევე – ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. ის ყოველთვის კარგ წრეში ტრიალებდა. მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან, პოლიტიკოსებთან ჰქონდა ურთიერთობა და მეც ამ წრეში გავიზარდე. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი დედის დამსახურებაა.

– არასოდეს არაფერს ამბობთ მამაზე. რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?

– დედა და მამა უკვე 20 წელია, რაც გაშორებულები არიან და იმდენი დრო არ მაქვს მამასთან გატარებული, რომ მასზე რამე მოვყვე. მასთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მამასთან ისეთი ვერ ვიქნები, როგორიც დედასთან ვარ.

ამიტომ ხართ დედის გვარზე?

დედაჩემს პატარა ძმა ჰყავს გარდაცვლილი და ბაბუას თხოვნა იყო, მისი გვარი მქონოდა.

– პროფესიით იურისტი ხართ. როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებული სფერო – მოდა?

– კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან კი ყოველთვის მოდელობა და დიზაინერობა მინდოდა. ვოცნებობდი, ჩემი მოდის სახლი მქონოდა. წლების შემდეგ, დაახლოებით 28 წლის ასაკში, პოლიტიკაში წასვლას ვაპირებ. იურიდიული განათლება აუცილებლად გამომადგება პოლიტიკურ ასპარეზზე, სკანდალური პოლიტიკოსი ვიქნები.

– ასეთ ახალგაზრდა ასაკში როგორ გახდით მწერალთა კავშირის წევრი?

– როცა ჩემი წიგნები გამოვეცი, ყველანაირი კომისია გაიარა და მწერალთა კავშირში მოვხვდი. ორი წიგნი მაქვს გამოცემული. ერთი მივუძღვენი დედაჩემს და მეორე არის ზოგადად ყველაფერზე – ავტობიოგრაფიაა, ჩემ მიერ დაწერილი ლექსები, ჩანახატები და ძალიან ბევრი რამ.

უცხოეთში კარიერის გაკეთებაზე არ გიფიქრიათ?

რამდენიმე თვეში სტამბულში ჩემი ატელიე გაიხსნება. ვაპირებ, ჩემი სახელი და გვარი მსოფლიო მოდის ასპარეზზე გავიტანო.

– როგორ სამოსს ქმნით?

– ახლა მაქვს ქართული სამოსის გათანამედროვებული ხაზი, როგორც ვაჟების, ისე გოგონების. შეკვეთების მიხედვით ვკერავთ გოგონებისთვის, ისე კი უფრო კაცების კოლექციას ვქმნი.

– ესკიზებს თავად ქმნით და თავად კერავთ?

– ესკიზებს მე ვხატავ, მაგრამ არ ვკერავ. ატელიეში ჩემი იმიჯმეიკერები მყავს.

– თქვენს სამოსზე არის მოთხოვნილება?

– ჩვენებებზე როცა გამომაქვს კოლექცია, მაშინვე იყიდება. ერთი კოლექციაც კი აღარ მაქვს და ახალს ვქმნი.

– რა არის თქვენთვის მოდა, როგორ შეგიძლიათ ეს სიტყვა განმარტოთ?

– მოდა არის ის, რაც გიხდება, დიზაინი – ის, რასაც მოირგებ. ვისაც რა უხდება, ის უნდა ჩაიცვას. ეს მიტინგები რომ ჩატარდა (მიმდინარე წლის ივნისის აქციებს გულისხმობს. რედ.), ყველამ ჩოხა ჩაიცვა. ჩოხა ყველას არ უხდება, ზოგიერთ კაცმაცუნას მე უფრო ფატაში ვხედავ და ამიტომ ყველა ნუ ჩაიცვამს ქართულ ტრადიციულ ჩოხას. არ უხდებათ და ნუ შეარცხვენენ ქართულ სამოსს იმისთვის, რომ ვიღაცას სოლიდარობა გამოუცხადონ.

– თქვენი ჩაცმის სტილი როგორია?

– სხვას რაც აცვია, მე არ ვიცვამ. იმიტომ კი არა, რომ ცუდია, უბრალოდ, განსხვავებული სტილი მაქვს. ზოგადად განსხვავებული ვარ და ჩემი იმიჯის, ლუქების გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვექცევი.

– გიგრძვნიათ შური და ინტრიგები?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შური, ბოღმა მეგობრებშიც, ნათესავებშიც და ა.შ. ბევრი მეგობარი მყოლია, რომლებთანაც ურთიერთობა ცუდად დამიმთავრებია. წარმატებებს ვუსურვებ მათ, ვინც მლანძღავს. რაც უნდათ, ის თქვან.

– პოპულარობისთვის, ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის რაიმე ხმები საკუთარ თავზე გაგივრცელებიათ?

– არა. ჰგონიათ, რომ ვიგონებ, მაგრამ პრინციპში, არაფერი მაქვს მოგონილი. რაც ვთქვი, ყველაფერი ავასრულე და რა უნდა მოვიგონო? დადგმით კი დამიდგამს.

– მაგალითად, რა დაგიდგამთ?

– აი, რაღაც სკანდალები.

– პოპულარობისთვის?

– შეიძლება ასე ითქვას. მაგალითად, 2015 წელს ტრანსგენდერი დავარეგისტრირე კონკურსზე, როგორც გოგო. ამან ძალიან დიდი სკანდალი გამოიწვია.

მიყვარს რისკი. ეს ცხოვრება დიდი გამოცდაა და მე ამ გამოცდისას სტუდენტი ვარ. თუ არ გარისკე, შედეგსაც ვერ მიიღებ. საკუთარი თავის პიარმენეჯერი თავად ვარ. სადაც მივდივარ, შოუ იდგმება.

– დღეს მატერიალურად უზრუნველყოფილი ხართ?

– პოპულარობას არ მოაქვს ფული, მაგრამ მე მაქვს სხვა რაღაცებიც, რასაც ფული მოაქვს – პატარ-პატარა ბიზნესები.

– როგორი ხართ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებით?

– ძალიან სხვანაირი. როცა მარტო დავრჩენილვარ, ღამე ავმდგარვარ და ფეხით მომივლია რუსთაველი, თავისუფლების მოედანი. რაღაცები გამიხსენებია და მიტირია კიდეც.

– საკუთარ თავში ყველაზე მეტად რა თვისება მოგწონთ?

– კეთილი, მეგობრული ვარ, არ ვარ “სტერვა”. უცებ შევდივარ ადამიანებთან ურთიერთობაში. ყველაფერს ვიზამ, რომ მეგობარი ჩემთან კომფორტულად იყოს, მაგრამ ჩემთან თუ რამე შეეშალა, მერე მორჩა. არ მიყვარს პატიება. ვასწავლი, როგორ უნდა მოჯდეს თავის ადგილზე.

– გახსოვთ, პირველად როდის შეგიყვარდათ?

– 16 წლის ასაკში. ჩემგან წავიდა, მაგრამ დღემდე ნანობს. მას პირადი ცხოვრება აქვს, მაგრამ ცოტა რთული და ახლა ნანობს.

– ანუ შესაძლოა, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს?

– მე აღარ დავაბრუნებ. დღეს ჩემი გული თავისუფალია.

– როგორი ხართ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში?

– “სად ხარ? როგორ ხარ? რას შვრები? აბა, ფოტო გადაიღე, აბა, როგორ ხარ”… საშინლად ეჭვიანი ვარ. თუ ჩემი პირადი დანგრეულა, ყოველთვის მე ვყოფილვარ მიზეზი, რადგან უსაზღვროდ ეჭვიანი ვარ ყველაფერში, მეგობრებთანაც.

– როგორი ქალები მოგწონთ?

– ძალიან სექსუალურები, შავგვრემნები. ძალიან გამხდრები არ მიყვარს.

როგორი ხასიათის ქალი წარმოგიდგენიათ თქვენ გვერდით?

– ჩემნაირი გადარეული უნდა იყოს, მაგრამ უნდა უყვარდეს ფულის შენახვა. მე არ მიყვარს, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა უყვარდეს ოჯახში ფულის შენახვა? უნდა უყვარდეს ჩემი მეგობრები, გართობა, სეირნობა, ფრენა და ა.შ.

 ირმა ჭკუასელი, ჟურნალი სარკე