რა ბედი ელის ,,ჩცდ”-ს და ვინ დატოვებს ,,რუსთავი 2″-ს

რა ბედი ელის ,,ჩცდ"-ს და ვინ დატოვებს ,,რუსთავი 2"-სნიკა გვარამიას გარდა ახალ ტელევიზიას ქმნის „ფორმულა კრეატივიც.“  „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით,  ,,რუსთავი 2”- ის ჟურნალისტების დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ არხზე გადავა. საინფორმაციო სამსახურს გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს. ლაფერაშვილი ,,რუსთავი 2”- ის პროდიუსერია, მანამდე ის ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ფორმაულა კრეატივის“ დირექტორი მიშა მშვილდაძე არხის შინაარსსა და დეტალებზე არ საუბრობს.

„ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ ამ თემებზე, მათ შორის, არც არხის ტიპზე.ჯერ ჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის.“-ამბობს მშვილდაძე.

კითხვაზე, უხელმძღვანელებს თუ არა, არხის საინფორმაციო სამსახურს გიორგი ლაფერაშვილი, მშვილდაძე პასუხობს:

„ჯერჯერობით არაფერი სათქმელი არ გვაქვს, კომენტარებს არ ვაკეთებთ.“

„პრაიმტაიმი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი ლაფერაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სწორედ ახალ არხზე გავა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც „ფორმულა კრეატივის“ პროექტია.

„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარის ავტორმა ქეთი დევდარიანმა „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ მათი გეგმების შესახებ ცნობილი ოფიციალური განცხადების საშუალებით გახდება ცნობილი.

„ჩვენ ოფიციალურ განცხადებას, გავაკეთებთ. ვნახოთ, შეიძლება იყოს დღესაც“-განაცხადა დევდარიანმა

როგორც ცნობილია, ქართულ მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი არხი გამოჩნდება. არხის შექმნის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 27 ივლისს „ფეისბუქზე“ დაწერა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ,არხი ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზაზე შეიქმნება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას შექმნილ არხზე გავა „რუსთავი 2“-ის რამდენიმე გადაცემა, მათ შორის „ვანოს შოუ.“

„მთელი გუნდი შევთანხმდით, რომ „რუსთავი- 2“- ზე ვიქნებით იქამდე, ვიდრე სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალა და არ შეგვავიწროვებენ. სხვა  კონკრეტული გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. ახალ ტელევიზიებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციები არ მაქვს,  მაგრამ მოვიქცევით ისე, როგორც „რუსთავი 2“- ის გუნდი გადაწყვეტს,“ – განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

ავტორი თორნიკე ხურციძე, პრაიმტაიმი