,,ომარ გამყრელიძე ცოლის საწოლთან იდგა და დანით კრიჭას უხსნიდა” – ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

,,ომარ გამყრელიძე ცოლის საწოლთან იდგა და დანით კრიჭას უხსნიდა" - ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალებიორ თვეზე მეტი გავიდა საგარეჯოს რიონის სოფელ ყანდაურაში მომხდარი შემზარავი მკვლელობიდან, მაგრამ პასუხი კითხვაზე, რას შეეწირა 5 კაცის სიცოცხლე, არ არსებობს.

ტრაგედია 3 მაისის დილას, გამყრელიძეების­ სახლში დატრიალდა – დაიღუპა 4 კაცი: ომარ გამყრელიძის ვაჟი და რძალი და მათი მეზობელი დედა-შვილი. ომარ გამყრელიძის მეუღლე, 71 წლის ელზა, საწოლში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იპოვეს, ქალი თვეზე მეტხანს ებრძოდა სიკვდილს და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაული იმავე დღესვე გამოაცხადეს გახსნილად და 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. მართალია, ის უარყოფდა დანაშაულთან კავშირს, მაგრამ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

“ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ომარ გამყრელიძე ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს”

გაირკვა, რომ მკვლელობები ორი სხვადასხვა იარაღის გასროლით მოხდა. მოგვიანებით ძალოვანებმა განაცხადეს, რომ ამ დანაშაულში კიდევ ერთი პირია კავშირში – ომარ გამყრელიძის ვაჟი, ნოდარ  გამყრელიძე, რომელიც იძებნება. პატიმრობაშია ნოდარის უმცროსი ვაჟიც, 22 წლის ომარ გამყრელიძე. მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდება აქვს წარდგენილი, მაგრამ ის არ აღიარებს დანაშაულს. ბაბუასა და შვილიშვილს ამჟამად კერძო ადვოკატი გილერ ენდელაძე იცავს:

– ომარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საავადმყოფოში მკურნალობს.

-მას ფსიქიკური პრობლემები აქვს?
– არა და არც არასოდეს ჰქონია.

– იძებნება ომარ გამყრელიძის შვილიც.
– თუ შვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნება, მაშინ მამა რატომ ჰყავთ დაკავებული? თუ მამა დაკავებულია, შვილს რას ერჩიან?

– უმცროს ომარ გამყრელიძეზე რას იტყვით?
– საბრძოლო მასალაზე მისი არც ანაბეჭდებია ამოღებული და არც დნმ აღმოჩნდა. ამიტომ მისი ბრალიც აბსურდულია.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისრო­დნენ გარედან შიგნით, ისეთი ტრაექტორიით (ზემოდან ქვემოთ), რომ აშკარაა, ამას ომარ გამყრელიძე ვერ შეძლებდა. გამოძიება მალე მივა იმ დასკვნამდე, ომარ გამყრელიძე უდანაშაულოდ ცნოს.

– რატომ მიიტანა მასზე ეჭვი გამოძიებამ?
– პოლიციას ადგილზე 4 მოკლული და ერთი მძიმედ დაჭრილი ადამიანი დახვდა. შინ ომარ გამყრელიძის გარდა არავინ იყო, ეგონათ, ის იყო მკვლელი და ბრალი წაუყენეს, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია.

– ომარ გამყრელიძემ ხომ იცის, ვინ იყო მაშინ სახლში, ხომ არ ამხელს თავის ვაჟიშვილს?
– ომარ გამყრელიძეს ნოდარი არ უნახავს, არც არავის სოფელში.

– ხომ არ ფიქრობდა გამოძიება, რომ შვილის დაკავების გამო ძებნილი მამა ჩაბარდებოდა?
– სახლში საბრძოლო მასალები ვიპოვეთო, ამბობს გამოძიება, მაგრამ ექსპერტიზით არ დასტურდ­ება მისი შეხება ამოღებულ საბრძოლო მასალასთან. არც ბაბუას და არც შვილიშვილს ბრალდებები არ უდასტურდებათ. გამოძიებამ ბევ­რი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმედია, გამოასწორებს.

მესმის მათიც – ნახეს დახოცილი ხალხი, შევიდნენ სახლში და მარტო ომარი დახვდათ ცოცხალი, იდგა მეუღლის საწოლთან და გონდაკარგულ მეუღლეს დანით უხსნიდა კრიჭას, რომ ენა არ გადაეყლაპა. ამის მერე დაჰკითხეს მეზობელი, ფრიდონ გამყრელიძე, რომელიც თავისი ცოლ-შვილის მისვლამდე გამყრელიძეებთან იყო. ფრიდონმა იცოდა, რომ შინ მხოლოდ ომარი იყო.

წარმოიდგინეთ, კაცი გამოვიდა გარეთ და გაისმა სროლაც, დაინახა, როგორ ამოწყვიტეს ყველა, მათ შორის მისი ცოლ-შვილი, და იფიქრა, ომარმა ატეხა სროლაო.

ზაზა სოზიაშვილი, მოკლული ლელა გამყრელიძის ძმა:

– ჩემი მიზანია დამნაშავე გამოიკვეთოს და ვიცოდე, რატომ მოკლეს ამდენი ადამიანი. ისიც არ ვიცი, ომარმა ამოწყვიტა ისინი თუ სხვამ. მხოლოდ ღმერთმა და ომარმა იციან, რა მოხდა.­ ჯერ მისი ცოლი დაჭრეს, მერე ჩემი და, სიძე და დასახმარებლად მისული მეზობლები და არ იცის, რა მოხდა?

ფრიდონ გამყრელიძე:

– იმედია გავიგებ, რატომ მომიკლეს უდანაშაულო ცოლ-შვილი. პირველი მე შევედი მათ სახლში და კორიდორში სისხლი დამხვდა.­ საძინებელში არ შემიხედავს, ელზა არ დამინახავს, რაღაც ჰქონდა ჩამოფარებული ოთახს. ომარი სკამზე იჯდა და ბუტბუტე­ბდა. ლელას ვუთხარი, წნევა გაუზომე და “სასწრაფოც” მოვა-მეთქი, მითხრა, უკვე გამოძახებული მყავსო. უკან რომ გამოვბრუნდი, გზაზე ჯერ ჩემი ცოლი შემხვდა, მერე ჩემი ბიჭი. როგორც კი ეზოდან გამოვედი­, სროლის ხმაც გაისმა,­ ჩემი ბიჭი უკვე მიწაზე ეგდო.

ომარის ბიჭი, დათო რომ მიუახლოვდა, ისევ გასროლის­ ხმა გავიგონე და ახლა დათო დაეცა. ამ დროს ჩემი მეუღლე ოთახიდან გამოვარდა და მასაც ესროლეს. ეზოში შესვლა ვერ გავბედე, გავიქეცი მეზობლების დასაძახებლად, თან რძლის კივილი მესმოდა, მერე კიდევ რამდენიმე გასროლა და ლელას ხმაც შეწყდა.

– ადვოკატი ამბობს, რომ თქვენი ჩვენების საფუძველზე დააკავეს ომარ გამყრელიძე. როგორ ფიქრობთ, მან ესროლა?
– მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ, როცა მივედი, ომარი ოთახში სკამზე იჯდა. დღესაც არ მაქვს პასუხი, რას შეეწირნენ ჩემი მეუღლე და შვილი. თუ უდანაშაულოა ომარი, გამოუშვან.

– დაკავებულია ომარის შვილიშვილიც,­ ამბობენ, რომ ის წნევის აპარატის მოსატანად იყო წასული. ის სახლში ხომ არ გინახავთ?
– როგორც გაირკვა, მე რომ მივსულვარ, ელზა უკვე დაჭრილი ყოფილა. სისხლი რომ დავინახე, ვიფიქრე, მაღალი­ წნევის გამო, წასკდა-მეთქი. იმ დროს სახლში­ ომარის შვილიშვილიც იყო, ლელამ უთხრა, ჩემი სახლიდან წნევის აპარატი მოიტანეო­, ბიჭი წასული არ იყო, მე რომ გამოვედი…

თეა ხურცილავა, კვირის პალიტრა