ნინო სუხიშვილი: ,,მიპასუხა, მე ვარ გეი და მინდა, მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო”

ნინო სუხიშვილი: ,,მიპასუხა, მე ვარ გეი და მინდა, მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო"ნინო სუხიშვილი რეჟისორი ლევან აკინის ბრალდებას უარყოფს, რომ თითქოს მოცეკვავეები დაბლოკა, რომ არ ეთამაშათ ფილმში ,,და ჩვენ ვცეკვავთ”, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა კანის საუკეთესო ფილმების სამეულში შეიყვანა, ერთსქესიანთა სიყვარულზეა.

ნინო სუხიშვილი ,,პრაიმტაიმთან” ყვება:

-აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი, რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია.

სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა, მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ.

მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს, დავბლოკო?

– ქალბატონო ნინო, ფილმი გამოვიდა, რაღაც წარმატებებიც აქვს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართული ცეკვის შეურაცხყოფაა გეი მოცეკვავე?

– მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა, ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი.

– ქალბატონო ნინო, ბაბუას სიტყვას ხშირად ვიმეორებო, შენ კაცი იყავი და მოცეკვავედ მე დაგაყენებო. ამ იდეოლოგიას მიყვებით?

– მანდ სხვა კონტექსტია. კაცი იყავი, ნათქვამია ადამიანი და ღირსეული იყავი და არაკაცი არ იყოო. ჩვენ დასში ოჯახური სიტუაცია გვაქვს, ისე ვერ გაჩერდები, თუ ორგანულად არ ერწყმი მას. თაობებით მოგვყვება ტრადიციები. ხალხთან, ვისთანაც თვეობით მოგზაურობდა და ცხოვრობდა, უნდოდა, მისთვის მისაღები და ღირსეული ყოფილიყო.

ავტორი თამარ გონგაძე, პრაიმტაიმი