ნიკა გვარამია: ,,იმედია, შევძლებ, არ ჩამომეშალოს ფასეულობათა სისტემა”

ნიკა გვარამია: ,,იმედია, შევძლებ, არ ჩამომეშალოს ფასეულობათა სისტემა"ნიკა გვარამია დღეს განვითარებულ მოვლენებს ასე აფასებს:

,,წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული ტემპით ამყარებს დანაშაულებს.

დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. ასეთი აკრეფილი ტემპით გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში და ეს შემდეგი ხელისუფლება იქნება პროდასავლური და არ იქნება ბიძინა ივანიშვილი.

მანამდე რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას. ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ. რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს.

დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჯერჯერობით თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება. მაგრამ სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია ლავროვის, „გოსდუმის“ და პუტინის მოთხოვნითაც კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის.

ამ ქვეყანაში მას უფრო საძულველი არაფერი ჰქონდა, ვიდრე ,,რუსთავი 2”. ეს ზუსტადაც რომ გასაგებია, მაგრამ ის ორი ფაქტორი რაც გითხარით, ის ჩემთვის დამაბნეველია და მაინცდამაინც ვერ ჯდება ჩემთვის იმ ფასეულობებთან, რომლებსაც მთელი ცხოვრებაა ვემსახურები. იმედი მაქვს, რომ შევძლებ,  რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო და არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე უკვე სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე.

მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები, ასე ვთქვათ, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ვთქვათ წვიმა რომ წამოვა ამბროლაურში, აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვთ, იმ საკითხისადმი და ამ ქვეყნის დემოკრატიისათვის მთავრი საკითხის გადამწყვეტი მედიის მიმართ.

ისე გადააფორმა, როგორც ოროთახიანი „ხრუშოვკა“, ერთ საათში. ამას მიაყოლა მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა ამ ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა. ვერ ვიტყვი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ეს ველი არ მოუსუფთავა საქართველოს ხელისუფლებას, კი ბატონო, მოუსუფთავა. ვერ გეტყვით იმას, რომ ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა, რომლებსაც შეუძლიათ პროცესებზე ზემოქმედება, ჯერჯერობით რაიმე შემაკავებელი ბარიერი დადგეს.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში გამარჯვებით დასრულდება და ეს ბარიერებიც დაიდგმება. ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება რ2-ის მდგომარეობა და ზოგადად მედიის და დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ის აპირებს, თავის კონტრაქტთან დაკავშირებით იდაოს, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიას კონტრაქტის ცალმხრივად დარღვევის შემთხვევაში მას 5 მილიონი უნდა გადაუხადონ:

„კონტრაქტზე ვიდავებ ჩვეულებრივად და მოვიგებ, მაგრამ ესეც იქნება რამდენიმე თვის, თუ წელწადის, წელწადნახევრის მერე არა, მოვიგებ 5 მილიონს როდესღაც, ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება, ამას სჭირდება დრო.

„რაც შეეხება ,,რუსთავი 2″-ს , რ2 ქიბარ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. შემდეგ ზუსტად ერთ დღეში ეს სიტუაცია ამოტრიალდება, ქიბარ ხალვაში სად ამოტრიალდება, ეს არ არის რთული საპროგნოზო”, – განაცხადა გვარამიამ.