,,ხვიჩასთვის მარიამი ერთადერთი ნანატრი შვილი იყო, ალბათ ამიტომაც წავიდა ამქვეყნიდან მასთან ჩახუტებული”

,,ხვიჩასთვის მარიამი ერთადერთი ნანატრი შვილი იყო, ალბათ ამიტომაც წავიდა ამქვეყნიდან მასთან ჩახუტებული"სენაკის საწულეისკიროს თემში ტრაგედია დატრიალდა – მდინარე ცივში მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები დაიხრჩვნენ. მომხდარზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამ ტრაგედიის შესახებ ,,კვირის პალიტრასთან” საუბრობს.

– ამ უბედურების შემსწრენი ენითაუწერლად სასოწარკვეთილები ვართ. მთელი სენაკი ტირის, ვინც ამ ბავშვს იცნობს, – პატარა ფერიასავით იყო, სიკეთით და სიყვარულით სავსე. მამა-შვილი სოფელ საგაბესკირიოში ცხოვრობდა. ეს ძალიან პატარა სოფელია. სულ 5 ოჯახი ცხოვრობს. სკოლაც კი არ არის, ამიტომ მარიამი სენაკში დადიოდა სკოლაში. არდადეგებისას კი სულ მამის გვერდით იყო, არ სცილდებოდა…

ხვიჩაც საოცრად თბილი და მშრომელი ადამიანი იყო. შინამეურნეობას ეწეოდა, შრომობდა და ყველაფერი თავისი გოგონასთვის უნდოდა. მარიამი ერთადერთი, ნანატრი შვილი იყო, ალბათ იმიტომაც წავიდა იმქვეყნადაც თავის გოგონასთან ერთად ჩახუტებული. იმ საღამოს შვილი მანქანაში ჩაუსვამს და პირუტყვის მოსაძებნად წასულან. პირუტყვისთვის ყოველთვის მანქანით როდი დადიან, მაგრამ ალბათ მარიამი შეეხვეწა მამას, – მეც გამიყოლე, თან მდინარეშიც ვიბანავებო და მამამ შვილი გზაში რომ არ დაღლოდა და დასიცხვოდა, მანქანაში ჩაისვა და გაიყოლა.

– როგორც ამბობენ, მდინარე ცივი, პატარა მდინარეა, მაგრამ ადიდებისას საშიში ხდება. ამდენად საშიშია?
– იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი დაიხრჩო, საშიში არაფერია და არც არასოდეს არავინ დამხრჩვალა. წყალი სწრაფადაც კი არ მოდის, იშლება და მდორედ მოედინება. მაგრამ რა მოხდა, არავინ იცის, იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი იპოვეს, წყალს 6-მეტრიანი ჭა გაუკეთებია. აღარ ვიცით, ეს რას დავაბრალოთ, ქვიშას იქ არავინ იღებს, რომ ამხელა ღრმული დაეტოვებინათ.

მამა-შვილს შინ ღამის 11 საათამდე ელოდნენ და რომ აღარ გამოჩნდნენ, უკვე ძებნაც დაიწყეს. ძებნაში კი მდინარის ნაპირზე მარიამის ტანსაცმელსა და მისი მამიკოს მობილურ ტელეფონს წააწყდნენ. ალბათ ბავშვმა გაიხადა და წყალში საბანაოდ გადახტა. იქ კი პირდაპირ 6-მეტრიან ორმოში აღმოჩნდა. მამა კი, როცა ეს დაინახა, მდინარეში შვილის საშველად ტანსაცმლიანად გადაეშვა, მაგრამ ვერ გადაარჩინა… ბოლოს მამა-შვილი ერთად ამოიყვანეს წყლიდან.

კვირის პალიტრა, ეთერ ერაძე

დატოვეთ თქვენი კომენტარი