,,ხალვაშს გვარამიასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, ამიტომ მისი გათავისუფლების უფლება აქვს” – ლია მუხაშავრია

,,ხალვაშს გვარამიასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, ამიტომ მისი გათავისუფლების უფლება აქვს" - ლია მუხაშავრია,,გვარამია საუბრობს თავის შრომით კონტრაქტზე კომპანიასთან. მესაკუთრეები შეიცვალნენ და ვინც ის დანიშნა, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან. ახლა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, რომელსაც, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს სამსახურიდან კომპანიის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს”, – აცხადებს „რეზონანსთან” უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს „რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობის შეცვლის მოთხოვნით უკვე მიმართა. ამასთან, დღესვე დაჩქარებული წესით ხალვაშს „რუსთავი 2″ გადაუფორმეს. აღნიშნული განაცხადი საჯარო რეესტრმა დაჩქარებული წესით განიხილა.

თანაც „რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელის პოსტზე ნიკა გვარამიას შემცვლელად ქიბარ ხალვაშმა მისი ადვოკატი პაატა სალია დაასახელა. ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სალიას პირველი რიგის ამოცანა იქნება, უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა.

ლია მუხაშავრიას განცხადებით, სამართლებრივად „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება ქიბარ ხალვაშს შეუძლია, რადგან ხელშეკრულება ნიკა გვარამიას ხალვაშთან არ გაუფორმებია.

„გვარამიას მოუწევს ჩივილი, ის სამი თვის გასვლას არ დაელოდება. თუმცა საქართველოს მთავრობამ აღსრულებაში გაუშვა ეს საქმე მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთ საათში თავისი კომენტარები გააკეთა.

გვარამია საუბრობს თავის შრომით კონტრაქტზე კომპანიასთან. მესაკუთრეები შეიცვალნენ და ვინც ის დანიშნა, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან. ახლა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, რომელსაც, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს, სამსახურიდან კომპანიის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს.

სხვა საკითხია ახლა გვარამიას კონტრაქტში რა უწერია, მაგრამ ამ კონტრაქტზე ქიბარ ხალვშს ხელი არ მოუწერია, არამედ მოუწერეს ყარამანიშვილებმა. რადგან ისინი კომპანიის მესაკუთრეები აღარ არიან, გამოდის, რომ მართვა-გამგეობას ქიბარ ხალვაში ახორციელებს. ახლა გვარამია იქნება იძულებული, მისი განთავისუფლების გამო იჩივლოს. ის, რა თქმა უნდა, იმას ამტკიცებდა, ხელს ვერავინ მახლებსო, მაგრამ თუკი ქიბარ ხალვაში ხელს ახლებს, მოუწევს,  ამტკიცოს, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო,” – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

რეზონანსი