გურამ შეროზია: ,,ჯობია, დაშორდე, როცა ურთიერთობა ამოიწურება”

გურამ შეროზია: ,,ჯობია, დაშორდე, როცა ურთიერთობა ამოიწურება"ბლოგერი, მოგზაური და ტელეწამყვანი გურამ შეროზია ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. დიდი ხანია საუბრობენ, რომ მისი და ხატია ჯოხარიძის ოჯახი დაინგრა. ამ ხმებს ისიც ამყარებდა, რომ ბოლო დროს გურამი მარტო მოგზაურობდა, ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში ცოლთან ერთად გადაღებული ფოტოები ძალიან იშვიათი გახდა. ამ თემასთან დაკავშირებით ბლოგერი აქამდე კომენტარს არ აკეთებდა და პირველად სწორედ “სარკესთან” დაადასტურა, რომ მისი ქორწინება მართლაც დასრულდა.

ხატია ჯოხარიძე პროფესიით ფსიქოლოგია. მისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, გურამისთვის – პირველი. წინა ზაფხულს წყვილს საერთო შვილი, ელენა ეყოლა. გურამს და ხატიას უფროს შვილს, 9 წლის ცოტნეს, ერთმანეთთან ახლაც მეგობრული ურთიერთობა აქვთ. გურამ შეროზია არ გამორიცხავს, რომ მომავალში ოჯახს კიდევ შექმნის, თუმცა ამ ეტაპზე – არა.

– გურამ, პოპულარული ბლოგერი, მოგზაური ხართ, სხვადასხვა ტელეარხზე გადაცემებიც მიგყავდათ. კიდევ თუ ხართ რაიმე საქმით დაკავებული, რაც საზოგადოებამ არ იცის და ვერ ხედავს?

– ჩემზე ბევრი სტერეოტიპული შეხედულება არსებობს. სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ ჩემს მოგზაურობებს ხედავს და არავინ ფიქრობს, რომ ამ მოგზაურობისთვის ფულს შოვნა უნდა. ამიტომაც ხშირად მიაწერენ, რომ ფულიანი საყვარელი მყავს, რომელიც მანებივრებს და ათასი მსგავსი სისულელე.

რეალურად კი ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ვიმოგზაურო. 7 წელია ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. მარკეტინგული კონსალტინგით ვარ დაკავებული, მაქვს საკუთარი ტურისტული ბიზნესი, რომლის საშუალებითაც დამყავს ტურისტული ჯგუფები და მათთან ერთად მეც ვმოგზაურობ. რაც შეეხება ბლოგს, თუ აქამდე ეს იყო ჩემი ჰობი, ახლა შემოსავლის წყაროდაც ვაქციე.

– ერთ დელიკატურ საკითხს უნდა შევეხო. ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცოლს გაშორდით.

– ეს სიმართლეა, ცოლს გავშორდი.

– რატომ აღმოჩნდა თქვენი ოჯახური თანაცხოვრება ხანმოკლე?

– ხანმოკლე სულაც არ ყოფილა, ჩვენი ოჯახური ცხოვრება 2 წელი გაგრძელდა, მანამდე იყო წელიწადნახევრიანი შეყვარებულობის პერიოდი. ძალიან ბევრი კარგი მომენტი იყო ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე კარგი რაღაცებიც კი ოდესმე მთავრდება. როცა ურთიერთობა ამოიწურება, კომფორტზე მეტად დისკომფორტი იჩენს თავს, ბუნებრივია, ჯობია, დაშორდე.

– ბავშვის დაბადება ხომ არ აღმოჩნდა თქვენი ურთიერთობის გაციების მიზეზი? ამ დროს ხომ ხშირად ცოლ-ქმარს შვილზე გადააქვს ყურადღება და ერთმანეთი ავიწყდებათ.

– არა, ბავშვი არაფერ შუაშია. შვილის დაბადებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, უფრო კეთილშობილი გამხადა. პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებ. შვილმა ჩემი ცხოვრება კიდევ ერთი ეტაპით გაალამაზა.

– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოჯახური ცხოვრება თქვენთვის ჩარჩოები იყო, რაც არ მოგეწონათ.

– გააჩნია, როგორ ოჯახურ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის იდეალური ოჯახია, როდესაც ორივე მხარეს აქვს თავ-თავისი თავისუფალი სივრცე. მაგალითად, როცა მარტოს მომიწევს სამოგზაუროდ წასვლა, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. არც ჩემთვის იქნება პრობლემა, თუ ჩემი ცოლი მარტო წავა სადმე.

ჩემთვის ოჯახი არის ცივილურ თანასწორუფლებიან თავისუფლებაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ამიტომაც ვერ ვიტან სიტყვას “მეუღლე”. ასევე ვერ ვიტან სიტყვას “გათხოვება”, რადგან მგონია, რომ ეს სიტყვები დამთრგუნველი და დამაკნინებელია. მეუღლე არასოდეს ვიქნები.

– თქვენმა ოჯახურმა ცხოვრებამ რა დასკვნების გაკეთების საშუალება მოგცათ?

– ის, რომ არ უნდა იჩქარო, ის, რომ ადამიანი როცა კარგად მღერის, არ ნიშნავს, რომ კარგად ცეკვავს, ანუ ჩვენ ვიყავით კარგი მეგობრები და გვეგონა, ოჯახური ცხოვრებაც კარგად გამოგვივიდოდა. ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

– როგორ მოახერხეთ გაშორების შემდეგ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება?

– გარკვეული რთული ეტაპები ჩვენც გავიარეთ. თავიდან იყო ერთმანეთზე წყენაც, გაბრაზებაც, მაგრამ მალევე მოვახერხეთ, რომ ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცეულიყო. რამდენიმე თვეა გაშორებულები ვართ, მაგრამ აქამდე ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. სანამ თვითონ არ დავლაგდით და არ დავმშვიდდით, ამ ამბის სააშკარაოზე გამოტანა საჭიროდ არ ჩავთვალეთ.

ნებისმიერი ურთიერთობის დასასრული ტკივილთან ასოცირდება. ჩვენი გადაწყვეტილებით დღეს ორივე უფრო ბედნიერები ვართ.

– ახლა როგორია თქვენი პირადი ცხოვრება?

– დასვენების რეჟიმში. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთი სამსახურიდან როცა მოდის, მაშინვე მეორე სამსახურში მიდის. ყოველთვის მჭირდება დრო იმისათვის, რომ მომხდარი გავაანალიზო, დავისვენო, ახალი გეგმები დავისახო. არსად მეჩქარება, შეიძლება ხვალვე გადავირიო ვიღაცაზე და შეიძლება 2 წელი მარტოობითაც დავტკბე.

– ცოტა ხნის წინ სიმღერაც სცადეთ და კლიპიც გადაიღეთ, სადაც ტრანსგენდერ ქალს კოცნით. თქვენს ამ ნაბიჯს ბევრი ჭორი მოჰყვა.

– ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვიკოცნია, უბრალოდ კარგად ვითამაშეთ. ის ჩემს კლიპში შეყვარებულის როლს ასრულებს. ამ ნაბიჯით მინდოდა, ხაზი გამესვა თანასწორობისთვის. მინდა, რომ ტრანსგენდერების მიმართ აგრესია შემცირდეს.

 ავთო ჩიტიძე, ჟურნალ სარკის არქივი

დატოვეთ თქვენი კომენტარი