16 წლის მუშის დაღუპვის გამო სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

16 წლის მუშის დაღუპვის გამო სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის”  დირექტორი დააკავა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის”  დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაღუპული 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. დედა რომ ერჩინა, მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. დედას და დას კი ეუბნებოდა, რომ თბილისში გამყიდველად მუშაობდა. მას იმ ტრაგიკულ დღეს დაბადების დღე ჰქონდა.