,,ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვარ ცოცხალი” – 17 წლის გოგონამ ევთანაზია დეპრესიის გამო აირჩია

,,ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვარ ცოცხალი" - 17 წლის გოგონამ ევთანაზია დეპრესიის გამო აირჩიაასე წავიდა ამქვეყნიდან მშობლების თვალწინ 17 წლის ნოა პოტჰოვენი. გოგონაზე, რომელმაც ვერ გადალახა დეპრესია, მსოფლიო ალაპარაკდა.
11 წლის ასაკში შეურაცხყოფა მიაყენეს, 14 წლის ასაკში კი ორმა მამაკაცმა გააუაპატიურა. ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდა. 2 ივნისს, მშობლების თანდასწრებით გარდაიცვალა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ხელი არ შეეშალათ შვილის გადაწყვეტილებისთვის.
ჯერ კიდევ შარშან გოგონა ცდილობდა, მოეპოვებინა თანხმობა ევთანაზიაზე, თუმცა მაშინ უარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში სიცოცხლიდან ასე წასვლის მეთოდი 2001 წლიდან ლეგალიზებულია, ქვეყნის კანონის თანახმად, 12-დან 16 წლამდე ამ მეთოდის გამოყენება შეუძლიათ მოზარდებს მხოლოდ მშობლების თანხმობის შემდეგ.

თანხმობას გასცემს მკურნალი ექიმი და დამოუკიდებელი სპეციალისტი. მათ უნდა დაადასტურონ ფაქტი, რომ შემდგომი ბრძოლა პაციენტის სიცოცხლისათვის უშედეგოა და აღიარონ, რომ მისი ტანჯვა უკვე აუტანელია.

სწორედ ასე გრძნობდა თავს 17 წლის ნოა. წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა პოსტტრავმულ სტრესთან და დეპრესიასთან გამკლავებას. ამას ანორექსიაც დაერთო და ამიტომ გადაწყვიტა, სიცოცხლეს ასეთი მეთოდით დამშვიდობებოდა…
-11 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. პერფექციონისტი ვიყავი და სკოლაში ყველაფერი მინდოდა, იდეალურად მეკეთებინა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ორჯერ არ მომაყენეს შეურაცხყოფა და შემდეგ არ გამაუპატიურეს. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრებიდან აღარაფერი დარჩა. ვცდილობდი, მეცოცხლა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი წიგნიდან შეიტყობთ, თუ როგორ ვცდილობდი ამას”, – ეს არის შესავალი წიგნისა ,,გამარჯვება ან სწავლა”, რომელიც ნოამ გამოსცა 2018 წელს.

გოგონა პირველად სკოლის საღამოზე შეეჯახა ძალადობის ფაქტს 11 წლის ასაკში. ერთი წლის შემდეგ, მორიგ სასკოლო საღამოს ყველაფერი განმეორდა. 14 წლის ასაკში დღისით, მზისით, სეირნობის დროს, არნჰემის ერთ-ერთ რაიონში ორმა ზრდასრულმა მამაკაცმა დაიჭირა და გააუპატიურა.
დიდი ხნის მანძილზე ნოა საიდუმლოდ ინახავდა ამ ფაქტს, მშობლებთანაც კი ეშინოდა საიდუმლოს გამხელა.

,,ამ ტკივილს ყოველდღე განვიცდიდი. სულ შეშინებული ვიყავი. იმ დღიდან მოყოლებული ჩემი სხეული გრძნობს ჭუჭყს, რაც ვერაფრით მოვიშორე. ჩემი  სხეული დაინგრა და ვეღარასოდეს აღდგება”, – წერდა ის თავის წიგნში. მხიარული, ჭკვიანი და ურთიერთობის მოყვარული გოგო გადაიქცა ,,ფსიქოლოგიურ კატასტროფად”.

ნოას დაეწყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რაში იყო საქმე. ღრმა დეპრესიისგან დაეწყო ანორექსია.
მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ზონდით კვებავდნენ. რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა.
შვილის ავადმყოფობის მიზეზი მშობლებმა მომხდარიდან რამდენიმე წელში შეიტყვეს, როდესაც ნოას ოთახში იპოვეს გამოსამშვიდობებელი წერილები, რომლებიც მშობლების მისამართით იყო დაწერილი. იმ მომენტიდან სპეციალისტები ჩაერთვნენ გოგონას მკურნალობაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

,,ნიდერლანდებში არ არსებობს ადგილი, სადაც შეუძლიათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემების გადაჭრა”, – ამბობდა ინტერვიუში ნოას დედა 2018 წელს.

მართლაც, სამი კლინიკის გამოცვლის შემდეგ ნოა სახლში დაბრუნდა. მის ოთახში დაამონტაჟეს სტაციონარული საწოლი, სადაც ექთნები მუდმივად მორიგეობდნენ. პარალელურად მშობლები ცდილობდნენ ელექტროშოკური თერაპიის გამოყენების ნებართვის მოპოვებას. ამ მეთოდს იყენებენ ყველაზე მძიმე დეპრესიისა და ფსიქოლოგიური აშლილობის დროს.

თავის ფეისბუქგვერდზე ნოა წერდა: ,,ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდები შეიძლება მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია ისინი. განაგრძე გზა… დაიწყე ყველაფერი თავიდან”.

მშობლები.ჯი