,,ქმარს არ ღალატობდა, ოჯახზე გადაგებული ქალია” – აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

,,ქმარს არ ღალატობდა, ოჯახზე გადაგებული ქალია" - აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებიქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა, – ამავე სოფლის მცხოვრებმა, 53 წლის ავთანდილ ხიმშიაშვილმა, თანასოფლელი 41 წლის გიორგი გელაშვილი ხანჯლით აჩეხა. ამის შემდეგ იმავე იარაღით თავისი მეუღლე, 49 წლის ინგა ხიმშიაშვილი დაჭრა.

ქალს ხანჯლით 13 უმძიმესი ჭრილობა აქვს მიყენებული, – მათ შორის, ფილტვის, კუჭისა და კისრის არეში. ის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

-გარდაცვლილი მისი სახლიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს, მაგრამ იმ საღამოს მკვლელის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში მივიდა – როგორც ჩვენ გავიგეთ, ოჯახის წევრი გახდომია ავად. არ ვიცი, მკვლელმა რა ჩათვალა, მაგრამ სწორედ ამ დროს დაუნახავს თავისი სახლიდან და ხანჯალით დადარაჯებია.

ავთანდილის მეუღლე, ინგა და გარდაცვლილი ერთ საწარმოში მუშაობდნენ. ეჭვიანობაც ავადამყოფობაა, რომელმაც ასეთ საშინელ დანაშაულამდე მიიყვანა ადამიანი. ვინც კარგად იცნობდა ავთოს და ინგას, ახლა ამბობენ, რომ ამ ნიადაგზე ხშირად ჰქონდა ცოლ-ქმარს კონფლიქტი. კაცი ცოლს ღალატს სწამებდა და სამსახურში სიარულს უკრძალავდა.

არადა ინგა შვილებსა და შვილიშვილებზე გადაგებული ქალია და ღალატის ჩამდენი რომ არ არის, ყველამ იცის. თავის მხრივ, გიორგის და მის მეუღლესაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ და ერთგული ოჯახი ჰქონდათ. გიორგის ხანჯალი ზურგიდანაც ჰქონდა ჩარტყმული, როგორც ჩანს, აფთიაქიდან რომ გამოვიდა, ავთანდილი ზურგიდან მიეპარა და იარაღი ჩაარტყა.

როგორც აღმოჩნდა, მერე უკვე ამავე ხანჯლით ცოლის მოსაკლავად წავიდა. წარმოგიდგენიათ, რა უტრიალებდა თავში, ქალს ხანჯალს იმდენად სასტიკად ურტყამდა… ქალი დახმარებას ითხოვდა, როდესაც მეზობლები ხმაურზე შეცვივდნენ, ავთანდილი უკვე გაქცეული იყო. თუმცა, როდესაც პოლიცია მოვიდა, ის დაბრუნდა და ჩაბარდა. როგორც ამბობენ, უთქვამს, – შევცდი, კაცი არ უნდა მომეკლაო. ორ მცირეწლოვან ბავშვს მამას მისი შეცდომის აღიარება გაუცოცხლებს?, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

კვირის პალიტრა