,,ბავშვმა სუნთქვა რომ დაიწყო, ექიმს ცრემლები წამოუვიდა” – ფოტოგრაფი ნინო ინაძე მშობიარობებს იღებს

,,ბავშვმა სუნთქვა რომ დაიწყო, ექიმს ცრემლები წამოუვიდა" - ფოტოგრაფი ნინო ინაძე მშობიარობებს იღებსნინო ინაძე ამბობს, რომ პირველია საქართველოში, ვინც მშობიარობებს პროფესიონალურ დონეზე იღებს და ბავშვების დაბადების პირველივე წამებს აღბეჭდავს ფირზე.

ნინო:

-საქართველოში პირველი ვარ, ვინც ოფიციალურად, ხელოვნების განხრით იღებს მშობიარობებს. 2015 წელს მეყოლა შვილი. მაშინ არ ვიყავი ფოტოგრაფიით დაკავებული. ყოველთვის მქონდა გულში დარჩენილი, რომ ჩემი შვილის ფოტოები, იმწამინდელი მქონოდა. ერთი წლის რომ გახდა, სტუდიაში ფოტოების გადასაღებად წავიყვანე და ზუსტად მანდ მომივიდა იდეა, რომ რატომ არ მაქვს ჩემი შვილის დაბადებიდან პირველი წუთების პროფესიონალური ფოტო.

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი კომპლექსი გვაქვს. მეც არ დავთანხმდებოდი მშობიარობის გადაღებაზე. კლინიკას დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ აღმოჩნდა მსურველი.

ჩემი ბიძაშვილის ბავშვი იყო პირველი, ვინც გადავიღე. დეკემბერში მშობიარობდა ჩემი რძალი, დავითანხმე, გადავიღე და ამ გადაღების შემდეგ უკვე აღარ გავჩერებულვარ.

– როგორ ახერხებთ, ქართული რეალობიდან გამომდინარე, მშობიარე ქალებისა და მათი მეუღლეების დათანხმებას?

– ძალიან ხშირად დაუსვამთ ეგ კითხვა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მაქვს. ბევრი ქალი ვიცი, კაცთანაც არ მშობიარობს იმიტომ, რომ კომპლექსი აქვს. მშობიარისთვის გადაღებული ჩემი პირველი სურათები რომ ავტვირთე და სხვამ ნახა, რომ იქ არ იყო არაფერი ისეთი, არც სახე ჩანდა, არც არაფერი, უკვე მოეხსნათ კომპლექსი. მშობიარობის დროს ვსაუბრობთ, ვეხმარები და მათ განცდებს საკუთარივით განვიცდი. სანამ ბავშვი პირველად ამოისუნთქებს, მეც ვერ ვსუნთქავ. მშობიარეც ამ ყველაფერს გრძნობს, რაღაც კავშირი ჩნდება ჩვენ შორის.

– როგორია თქვენი ემოციები გადაღებისას და გარეთ, მშობიარის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას?

– ჩემს ემოციებს ვერ აღგიწერთ. ჩვეულებრივად ვარ იმ ყველაფრის მონაწილე. ტკივილსაც განვიცდი. ძალიან სუსტი გული მაქვს, სისხლის დანახვაზეც კი ცუდად ვხდები, მაგრამ იქ უკვე ობიექტივში რომ ვიყურები და ორიენტირებული ვარ სხვა რაღაცაზე, მეტს ვერაფერს ვხედავ. როგორც მშობიარე ამოისუნთქავს, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ისე ვარ მეც. გარეთ რომ გავდივარ, ხალხი თითქოს მე უფრო მელოდება იმიტომ, რომ ისინი უკვე რაღაც განსხვავებულს ელოდებიან. მათ შორის, მამები.

– ყველაზე მეტად რომელი მშობიარობა დაგამახსოვრდათ?

– ტყუპების საკეისრო კვეთა იყო. პირველი ბავში რომ ამოიყვანეს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მეორე რომ ამოიყვანეს, ბავშვი გალურჯებული იყო და არ სუნთქავდა.

მე ფოტოს ვიღებდი მექანიკურად, ექიმებიც დაიძაბნენ, ბავშვს ხელოვნური სუნთქვა და მასაჟები ჩაუტარეს. ვუყურებდი ამ უსუსურ არსებას, თავისი ძმა უკვე გაიყვანეს, ეს ისევ იქ იყო და იმდენად ცუდი შეგრძნება გამიჩნდა, სანამ არ ამოისუნთქა, მეც ვერ ვსუნთქავდი.

ბოლოს, სუნთქვა რომ დაიწყო, ექიმს ცრემლები წამოუვიდა და მეც მასთან ერთად ვტიროდი. შემეშინდა კიდეც, იმაზე არასდროს მიფიქრია, რაღაც ცუდად რომ დამთავრდეს, ალბათ ვეღარ შევძლებ ამის გაგრძელებას. ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი, რაც ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

თამარ იაკობაშვილი, მშობლები.ჯი

,,ბავშვმა სუნთქვა რომ დაიწყო, ექიმს ცრემლები წამოუვიდა" - ფოტოგრაფი ნინო ინაძე მშობიარობებს იღებს,,ბავშვმა სუნთქვა რომ დაიწყო, ექიმს ცრემლები წამოუვიდა" - ფოტოგრაფი ნინო ინაძე მშობიარობებს იღებს