აგნესა: ,,5 წლის წინ გავთხოვდი, შვილს ქართულს ვასწავლი”

აგნესა: ,,5 წლის წინ გავთხოვდი, შვილს ქართულს ვასწავლი"მომღერალი აგნესა 90-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო საქართველოში, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა პოპულარობის პიკზე იყო, კარიერაზე უარი თქვა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა. აგნესამ სამარაში მეორე ოჯახი შექმნა და ახლა პატარა გაბრიელს ზრდის. ოჯახის პარალელურად, საოჯახო ბიზნესსაც ხელმძღვანელობს.

აგნესა:

– თავდაპირველად ერევანში წავედი, სადაც მონაწილეობა მივიღე იქაურ მუსიკალურ პროექტში. ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ვერ გავიმარჯვე. მამაჩემი ცხოვრობს სამარაში და ბავშვობიდან ხშირად ჩავდიოდი მასთან. ერევნიდან სწორედ მამასთან წავედი.
– სანამ საქართველოდან წახვიდოდით, ოჯახი დაგენგრათ, ამან ხომ არ მიგაღებინათ წასვლის გადაწყვეტილება?
– ასე ვერ ვიტყვი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ასეთი ვარ: როცა რაღაც საქმეში მაქსიმუმს ვაღწევ, ვიცვლი გადაწყვეტილებას. ახლა ბიზნესში ვარ ჩართული. მამაჩემს რესტორანი აქვს სამარაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ.
– ცნობილია, რომ მეორედ დაოჯახდით. ვინ არის თქვენი ქმარი?
– 5 წლის წინ გავთხოვდი. ჩემი ქმარი ბიზნესმენია, ავეჯის საწარმო აქვს. გვყავს შვილი – გაბრიელი. მინდოდა, ბავშვისთვის წმინდანის სახელი დაგვერქმია და როცა დაიბადა, მამა გაბრიელის პატივსაცემად დავარქვი გაბრიელი. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო და მეუბნება, ბიზნესი იქ უნდა დავიწყოო. ბავშვის აღზრდას რაც შეეხება, ძირითადად მე ვზრდი, დედამთილიც მეხმარება და იშვიათად გვჭირდება ძიძა. გაბრიელს უკვე ვასწავლი ქართულად საუბარს, ცხოველები უყვარს და ჯერჯერობით, ცხოველების სახელები იცის.

მას მერე, რაც გაბრიელი წამოიზარდა, უფრო მეტი დრო მაქვს ჩემი ბიზნესისთვის და გადავწყვიტე, სიმღერაც გავაგრძელო. დაგეგმილი მაქვს რამდენიმე დუეტის ჩაწერა. შემეძლო კარიერის მოსკოვში გაგრძელება მეცადა, მაგრამ იქაური შოუბიზნესის წევრი რომ გახდე, ეს დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ამით უნდა იცხოვრო, მე კი ამას ოჯახი ვარჩიე.
თამარ ბოჭორიშვილი, ჟურნალი გზა