,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა – ედიშერ მუშკუდიანს მრვალობითი მოტეხილობები აქვს

,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა - ედიშერ მუშკუდიანს მრვალობითი მოტეხილობები აქვსწყალტუბოში ,,კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც თავდამსხმელი პირები არიან აღბეჭდილნი.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ადამიანებმა განახორციელეს  ჯგუფური თავდასხმა ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე. ,,კურიერის” ჟურნალისტის, ედიშერ მუშკუდიანის მდგომარეობა მძიმეა, მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. სახეზეა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ჯგუფური თავდასხმა, ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანება. ველით ოთხივეს დაკავებას და უმკაცრეს რეაგირებას. ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების ,,გატარება”, რაც არაერთხელ გიქნიათ, სულ უფრო ზრდის ძალადობას მედიაზე”, – წერს მელაძე ფეისბუქში.

გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ქუთაისის “ევექსის” კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება.

,,ვგმობთ ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ანტირუსთავული პოლიტიკა და პროპაგანდაა”, – წერს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი.