რუსა ჩაჩუას მეხუთე შვილის გაჩენა სურს

რუსა ჩაჩუას მეხუთე შვილის გაჩენა სურსრუსა ჩაჩუამ წლებია, რაც ტელეეკრანიდან და პოდიუმიდან ოჯახურ ინტერიერში გადაინაცვლა. ლამაზმანის იმიჯისთვის შესაფერის კარიერას ქმარსა და ოთხ შვილზე ზრუნვა ამჯობინა. ახლა დიასახლისის როლი აქვს მორგებული და ამაში პოულობს ბედნიერებას.

მისი ქმარი ბიზნესმენი დიმა ნაფეტვარიძეა. ოჯახი ხუთი წლის წინ შექმნეს და ორი საერთო შვილი შეეძინათ – ნატაშკა და სანდრო. თაზო და ნადია კი რუსას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მართალია, კარიერაზეც ფიქრობს და ბევრი პროექტიც აქვს, რომელთა განხორციელებასაც აპირებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი “გეგმა” ისევ ოჯახს უკავშირდება – რუსამ “სარკეს” გაუმხილა, რომ მეხუთე შვილიც სურს.

– რუსა, რას საქმიანობთ ახლა, ამ ეტაპზე?

– ახლა ვარ დიასახლისი, მეუღლე, ოთხი შვილის დედა და შიგადაშიგ მაქვს პატარ-პატარა პროექტები, სარეკლამო გადაღებები. ბევრი გეგმა მაქვს, რომელთა შესრულებასაც ვაპირებ. სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე ტანსაცმლის განხრით, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია.

ბავშვებს წამოვზრდი და მოვიცლი იმისთვის, რომ გავაკეთო საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და მომწონს. ამ ეტაპზე კი არ მინდა, შვილებს, ოჯახს და მეუღლეს ყურადღება მოვაკლო. ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებ და ოჯახური საქმეებით ვარ დაკავებული.

– არ გენატრებათ ტელევიზიაში მუშაობა, ეს სფერო ხომ ადამიანებს ანდამატივით იზიდავს?

– როგორ არ მენატრება, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ იმდენ დროს ვერ დავუთმობ, რამდენსაც ადრე ვუთმობდი. დღედაღამ მიწევდა მუშაობა, შუაღამისას მქონდა გადაღებები. ახლა ჩემთვის პირველ ადგილას შვილები და ოჯახია. მათ ვჭირდები და ვერ დავტოვებ, ყურადღებას ვერ მოვაკლებ.

– არის შემოთავაზებები ტელეარხებიდან?

– კი, სულ არის, მაგრამ თავს ვიკავებ.

– როგორი შეგრძნებაა, როცა იცით, რომ ვიღაცისთვის ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, როცა ის ერთი დედოფლად გთვლის?

– არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ეს შეგრძნება სულ მაქვს. მეუღლე სულ მეუბნება კომპლიმენტს, როგორი ლამაზი ხარ, რა კარგად გამოიყურებიო. ეს ძალიან დიდი სტიმულია ცხოვრებაში. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც საყვარელი ადამიანისთვის ხარ ერთადერთი, ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, განუმეორებელი. ეს ქალს თავდაჯერებულს ხდის.

ჩემი მეუღლე ყურადღებიანია და ძალიან უყვარს სიურპრიზები, რომლებიც არასოდეს მეორდება, სულ სხვადასხვანაირია. არასოდეს ვიცი, რა მელოდება და მეც სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ.

– ხშირია თქვენს საუბარში სიტყვა “მიყვარხარ?”

– ძალიან ხშირია. მიყვარს ამ გრძნობის გამოხატვა. როდესაც მეუღლე მეუბნება სიტყვას – “მიყვარხარ”, ეს არის ჩემთვის ყოვლისმომცველი. ყოველდღე, ყოველი წლის მერე უფრო მეტად მიყვარდება, ჩვენი ურთიერთობა უფრო ძვირფასი ხდება, უფრო მეტად გვინდა, ერთად გავატაროთ დრო და მეტი დოზით.

– როგორ ატარებთ ერთად დროს, რა გჭირდებათ ურთიერთობის გამრავალფეროვნებისთვის?

– თვეში ან ორ თვეში ერთხელ “ვიპარებით” სადმე, რომ 3-4 დღე განმარტოებულები ვიყოთ ან მეგობრებთან ერთად მივდივართ. კვირაში ორი ან ერთი დღე გვაქვს, როცა მივდივართ კინოში მარტო ჩვენ ორნი ან მეგობრებთან ერთად. სახლშიც ძალიან გვიყვარს დროის ერთად გატარება. ბავშვებს რომ დავაძინებ, ისიც მოდის სამსახურიდან და მეტი დრო გვრჩება ერთმანეთისთვის.

– ოჯახური საქმეები, დიასახლისობა არ გღლით, გიტოვებთ ენერგიას და დროს რომანტიკისთვის?

– მეხმარებიან დედა და ერთი ქალი. მათ გარეშე ალბათ ვერაფერს მოვახერხებდი. საკუთარ თავს მთლიანად ჩემს ოჯახს ვუძღვნი, სხვა ყველაფერი მეორე პლანზე მაქვს გადადებული.

– თქვენი გამოცდილებით, რა ქმნის ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჰარმონიას, რასაც ემყარება ოჯახი?

– გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს და ადამიანები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ. მთავარია, არ მოდუნდე, არასოდეს ჩაიქნიო ხელი. ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღეს. მე არ დავიშურებ ძალებს, რომ ბედნიერება შევინარჩუნო და ეს ვისწავლე ჩემი მეუღლისგან. მარტო ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ვერ გააკეთებს, როგორც უნდა ეცადოს, ამ ჰარმონიას ორივემ ერთად უნდა მიაღწიოს.

– ადამიანებთან ურთიერთობაშიც ბევრ რამეს ვსწავლობთ და საერთოდ წლებსაც ბევრი გამოცდილება მოაქვს. თქვენ რა ისწავლეთ ცხოვრების გაკვეთილებიდან?

– ძალიან ბევრი რამ და რაც უფრო მემატება ასაკი, უფრო მეტს ვსწავლობ და ესაა – სიყვარული, ერთგულება, დაფასება, მიტევება. ჩემს ცხოვრებაში ცუდიც იყო, მაგრამ ისეთი ვარ, რომ ცუდს ვერ ვიხსენებ ხოლმე და მინდა, დავივიწყო. ამიტომაც უფრო მიადვილდება ცხოვრება. ჩემს შვილებსაც იმავეს ვასწავლი. ირგვლივ ბევრი ნეგატივია და უნდა ავისხლიტოთ.

– ქალის ბედნიერების გასაღები მამაკაცია?

– კი, ნამდვილად მამაკაცია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. ასევე, რა თქმა უნდა, შვილების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. ისინი აუცილებლად კარგად უნდა მყავდნენ.

– განვლილი ცხოვრებიდან რაიმეს ნანობთ?

– საერთოდ არაფერს.

– ანუ ისევ იმავე გზას გაივლიდით, რაც გამოიარეთ?

– კი, ისევ იმავე ცხოვრებას გავივლიდი, რომ აქამდე მოვსულიყავი.

– ეს გზა რთული არ იყო?

– არა. ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ასეთივე ადამიანები მახვევია გარშემო – მშობლები, დები, ჩემი მეუღლე და არაჩვეულებრივი შვილები. ძალიან მდიდარი ვარ ამით.

– დედობა, როგორც ამბობენ, ცალკე პროფესიაა, მით უმეტეს, ოთხი შვილის დედობა. თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით. ამიტომ აუცილებლად უნდა გკითხოთ: როგორ უვლით თავს, თქვენი ასეთი ფიგურა დიეტის დამსახურებაა თუ სხვა რამის?

– თავს ვუვლი, მაგრამ არა მარტო დიეტით. უკვე 30 წელს ვარ გადაცილებული და აუცილებელია ვარჯიში, რომ ჩემს მეუღლეს ლამაზი ცოლი ჰყავდეს, ჩემს შვილებს – ჯანმრთელი დედა. ბუნებრივი ფერის თმა მაქვს, კანზე კი ნელსაცხებლებს ვისვამ. ხელოვნური ჩარევები ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ.

– წონას ებრძვით?

– კი, სულ ვებრძვი იმიტომ, რომ ოთხივე ორსულობაზე, ყველა ბავშვზე 35 კილო მოვიმატე. თუ დიეტას არ იცავ, ვარჯიში ეფექტური არ არის და პირიქით, არც დიეტაა ეფექტური ვარჯიშის გარეშე. არც ის არის ნორმალური, რომ სულ იშიმშილო. ასე კი დაიკლებ წონაში, მაგრამ, სავალალოდ.

კარგია, 6 საათის მერე თუ არ შეჭამთ, რაციონიდან ამოიღებთ ცომს და ტკბილეულს, შემწვარ და ცხიმიან კერძებს, მიიღებთ ჯანმრთელ პროდუქტებს. უმჯობესია, დაკლების პროცესი იყოს ხანგრძლივი, უფრო ჯანმრთელი და ორგანიზმისთვის უმტკივნეულო.

შობის მარხვაში უფრო ვეტანებოდი ცომეულს. მარხვის მერე ვცდილობ, ცომეული არ ვჭამო, მხოლოდ სითხეები მივიღო. ტკბილეულიც ამოვიღე რაციონიდან და ერთ თვეში შემეტყო, წონაში დავიკელი. მსუბუქად, კარგად ვგრძნობ თავს. ორგანიზმისთვის საშიშ დიეტებს აღარ ვიცავ.

– თქვენი აზრით, ქალის სილამაზეს კილოგრამები განსაზღვრავს თუ შინაგანი მდგომარეობა?

– ზედმეტი წონა არავის უხდება. როდესაც გამხდარი ხარ, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურები, უფრო დიდი ენერგია გაქვს. რაც მეტია წონა, მით ნაკლებია ენერგია, ჩნდება სუნთქვის პრობლემები, მალე იღლები. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სულიერი სიმშვიდე და ბედნიერი ცხოვრება უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რამდენი კილო ხარ.

– ახლა მთელი მსოფლიო ებრძვის ზედმეტ სიგამხდრეს, რადგან მოდამ ბევრი გოგონა ანორექსიამდე მიიყვანა. დიზაინერებს მრგვალფორმებიანი, პუტკუნა ქალები არც თუ იშვიათად გამოჰყავთ პოდიუმზე და სილამაზეს უსვამენ ხაზს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ტენდენციაზე?

– ძალიან მომწონს გამხდარი ქალები, მაგრამ ზედმეტად გამხდრები – არა. ხორციანი ქალი თავისი ფორმებით ბევრად უფრო საინტერესო, მიმზიდველი და სექსუალურია, ვიდრე ძალიან გამხდარი და უკვე ტვინით დაავადებული, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამხდარი და არიან წყალზე, ყავასა და სიგარეტზე. ეს არ არის ჩემთვის სილამაზე.

წონა არ მაშინებს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მეხუთე შვილი გავაჩინო. რატომაც არა? როდესაც ოჯახში არის ჰარმონია, ეს გაძლევს ყველაფრის სტიმულს.

 ირმა ჭკუასელი, სარკე