როგორ ააწყოთ ურთიერთობა, თუ თქვენი შვილი ქოლერიკია

როგორ ააწყოთ ურთიერთობა, თუ თქვენი შვილი ქოლერიკიათუ თქვენი შვილი ემოციურია, მოუსვენარი და ფეთქებადი ხასიათიც აქვს, ნიშნავს, რომ ის ქოლერიკია და მასთან ურთიერთობა იოლი არ იქნება. დედიკოებს გთავაზობთ საჭირო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, შვილთან ურთიერთობა მარტივად ააწყოთ.

ქოლერიკის ამოცნობა ადვილია, მას უშრეტი ენერგია აქვს და ძალიან აქტიურია. საკმაოდ თამამიც გახლავთ. შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და სურვილისამებრ შეცვალოს კიდეც. უყვარს თავგადასავლები. ყველაფრიდან გამომდინარე, მიხვდებით, რომ ძნელია, წინასწარ განსაზღვრო, რომელ სიტუაციაში როგორ და რას გააკეთებს, რადგან ეს ხშირად თვითონაც არ იცის.

მაშ, ასე:

1. ასწავლეთ საკუთარი ემოციების კონტროლი. ეცადეთ, მისი ენერგია მიმართოთ სწორად. იკითხეთ და ისწავლეთ შვილთან ერთად. ქოლერიკი  ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დედიკომ დიდი დრო დაუთმოს.

2. დაეხმარეთ, მის ენერგიას მისცეთ სწორი და ბავშვისთვის სასიკეთო მიმართულება. როგორც წესი, ქოლერიკი ბავშვების მშობლების უმრავლესობა ცდილობს, შვილი ჩაწეროს რომელიმე სპორტულ წრეზე, სადაც ფიზიკურადაც იქნება დატვირთული, ისწავლის დისციპლინას, თანმიმდევრულობას, გუნდურობას და ორგანიზატორულ-სოციალურ ჩვევებსაც გამოიმუშავებს.

3. მოუძებნეთ შესაფერისი ჰობი. ეს შეიძლება იყოს ხელსაქმე, ხატვა, ძერწვა და სხვა. მთავარია, ბავშვის ენერგია სწორად, მისთვის სასიკეთოდ და საინტერესოდ იყოს მიმართული.

4. აუცილებელია, ხშირად ასეირნოთ სუფთა ჰაერზე. გარეთ თამაში მისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სასურველია, იმყოფებოდეს თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ხშირად რისკიანი და თამამი გადაწყვეტილებები, რომელთაც იღებს, შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს მისთვის.

5. ქოლერიკი ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებთან ხშირ კონტაქტს, ამიტომ მასთან ერთად ხატეთ, აფერადეთ, ძერწეთ, ითამაშეთ მოზაიკით. ამ ტიპის თამაშები კარგია როგორც გონებრივი განვითარებისთვის, ისე ნებისყოფის გამომუშავების თვალსაზრისითაც.

იკითხეთ მასთან ერთად წიგნები, ასევე კარგი იქნება, თუ შვილთან ერთად უყურებთ მისი ასაკისთვის შესაფერის ფილმებს და მულტფილმებს. გართობის პარალელურად ესაუბრეთ პერსონაჟებზე, განიხილეთ მათი ქმედებები, თვისებები.

დაბოლოს, მშობლებო, მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, იყავით მეგობრულები, გამოიჩინეთ მოთმინება, სიმშვიდე – ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, პატარა ქოლერიკი სწორად და გონივრულად აღზარდოთ.

სარკისთვის მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა