რა ზიანი მოაქვს შაქრის შემცველებს

რა ზიანი მოაქვს შაქრის შემცველებსექიმები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სწრაფი ნახშირწყლები მავნეა. სწორედ ამიტომ ბევრი შაქარზე უარს ამბობს და მის შემცვლელებს იყენებს, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ისინი?

ორგანიზმის მოტყუების მცდელობას შაქრის შემცვლელების დახმარებით კარგი არაფერი მოაქვს – ეს დამტკიცებულია მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით. დიახ, რაფინირებული შაქარი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ჭარბი რაოდენობით მავნეა, თუმცა არც მის თანამედროვე შემცვლელებს მოაქვთ სარგებლობა.

გამოკვლევებით გამოვლინდა: ხელოვნური დამატკბობლები წონაში მატებას იწვევს. პარადოქსი ისაა, რომ ყველა მათგანი პრაქტიკულად ნაკლებ კალორიებს შეიცავს. ლოგიკის მიხედვით, შაქრის შემცვლელები გახდომის მსურველებს ზედმეტ წონასთან ბრძოლაში უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ ასე არ ხდება. ამის მიზეზი რამდენიმეა.

1. დამატკბობლები მადას აძლიერებს. როდესაც გემოს რეცეპტორები ტკბილს შეიცნობენ, ტვინი სიგნალს იღებს: ახლა ენერგია მოდის, მაგრამ შაქრის შემცვლელებთან ასე არ ხდება, ვინაიდან ისინი დაბალკალორიულია. დაუკმაყოფილებელი ორგანიზმი იმპულსს აგზავნის: “კიდევ მინდა”. შედეგად ზედმეტს ვჭამთ.

2. ხელოვნური დამატკბობლები დისბაქტერიოზს იწვევს. ეს კი სხვადასხვა დარღვევის მიზეზი ხდება: მეტაბოლური სინდრომით დაწყებული, შაქრიანი დიაბეტით დამთავრებული.

3. დამატკბობლები სისხლში გლუკოზის დონეს ამაღლებს. მათ მწყობრიდან გამოჰყავთ გლუკოზის ბუნებრივი რეგულაციის სისტემა. ამგვარად, ორგანიზმის უნარი – შაქრის მომატებულ დონეს გაუმკლავდეს, ირღვევა. წონაში მატების მთავარი მიზეზი კი სწორედ სისხლში შაქრის მაღალი დონეა და არა – კალორიების სიჭარბე.

ყველაზე საშიში დამატკბობლები

ასპარტამი. ავთვისებიანი სიმსივნეები, ნერვული სისტემის მოშლა, დნმ-ის დაზიანება, უჯრედების ნაადრევი დაბერება – ეს სრული სია არ არის ამ შაქრის შემცვლელის გვერდითი მოქმედებისა. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მაინც ირწმუნება, რომ დასაშვებ დოზებში ის უსაფრთხოა. გამართლებულია თუ არა ასეთი რისკი – თავად გადაწყვიტეთ.

ისეთი შაქრის შემცვლელები, როგორებიცაა: ალიტამი, ნეოტამი, ადვანტამი – ასპარტამის მოლეკულურ ვერსიებს წარმოადგენს და ასევე საშიშია.

ქსილიტოლი. ტკბილია, მაგრამ არაკალორიული. გვერდითი მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს დიარეის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემების სახით.

აცესულფატი. მეხსიერების დაქვეითებას, ინსულინის სეკრეციის გაზრდას, დნმ-ის სტრუქტურის დარღვევას იწვევს.

სუკრალოზა. მუტაგენური პრეპარატია, უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, კარგ ბაქტერიებს ანადგურებს, მსხვილი ნაწლავის პათოგენურ ცვლილებებს იწვევს.

სახარინი. სისხლის თეთრი სხეულების რაოდენობას ზრდის, ჰემოგლობინისა და სისხლის უჯრედების რაოდენობას ამცირებს, ემბრიონის განვითარებას ზიანს აყენებს.

მდგომარეობიდან გამოსავალი

არსებობს ბუნებრივი და არა – ხელოვნურად, სინთეზირებული გზით შექმნილი სასარგებლო დამატკბობლები. სადღეისოდ ფართოდ ცნობილია ერთ-ერთი მათგანი – ეს არის ბალახი სტევია. მისი უვნებლობა დამტკიცებულია მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით. სუფთა სახით მას არავითარ გვერდითი ეფექტი არ აქვს.

ხელოვნურისგან განსხვავებით, სტევია იმუნიტეტს ამაღლებს, არტერიულ წნევას დაბლა სწევს, ბევრი სისტემისა და ორგანოს მუშაობის ნორმალიზაციას ეხმარება, ონკოლოგიური დაავადებების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა, ალერგიულ გამოვლენას ხსნის, თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს და სისხლიდან მავნე ქოლესტერინი გამოაქვს.

უკუჩვენება: დაბალი არტერიული წნევა, ჰორმონული ფონის დარღვევა და ინდივიდუალური აუტანლობა (იგულისხმება ალერგია მცენარის ყვავილზე). როგორი ფორმით შეიძენთ სტევიას – აბების, სიროფის თუ პაკეტის სახით- ეს გემოვნების საქმეა. მთავარია, მის შემადგენლობაში არ იყოს სხვა დამატკბობლები და ქიმიკატები.

სარკისთვის მოამზადა აზა გაგოშიძემ