ნინი ონიანი: “ცოლიან კაცთან რომანი მქონდა, მაგრამ არ ვნანობ”

ნინი ონიანი: "ცოლიან კაცთან რომანი მქონდა, მაგრამ არ ვნანობ"ნინი ონიანი ეკრანზე ახლა უკვე ნაკლებად ჩანს, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ინტერესი მაინც არ აკლია, მუდმივად ჭორების ეპიცენტრშია, მუდმივად წერენ მისი და ცნობილი მამაკაცების რომანებზე, თუმცა ვისთანაც აწყვილებენ, ხშირ შემთხვევაში იმ მამაკაცებს არც კი იცნობს, მაგრამ ამ მითქმა-მოთქმას უკვე შეეჩვია. საკუთარი სტუდია აქვს, რომელიც ქალების გაჯანსაღება-გალამაზებას ემსახურება, ზრდის თავის პატარა ბიჭუნა ლუკას და, როგორც გვითხრა, ახლო მომავალში ერთ-ერთ ტელეარხზეც გამოჩნდება.

– ნინი, ახლა თქვენი ძირითადი საქმიანობა რა არის?

– ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული ჩემი სტუდიაა, სადაც ქალებს გაჯანსაღებასა და გალამაზებაში ვეხმარებით. მეტნაკლებად ტელევიზიაშიც ვმუშაობ, “კომედი არხზე”, “კომედი შოუში”. ახლა ახალ რაღაცებს ვგეგმავ, მაგრამ ჯერ არ ვამხელ.

– ტელევიზიას უკავშირდება?

– დიახ.

– ისევ “კომედი არხს” თუ სხვას?

– დაიცადეთ და ნახავთ. ისეთი ამპლუაა, რომელშიც ჯერ არ ვყოფილვარ და საინტერესო იქნება მაყურებლისთვის.

– ტელევიზიამ მოგიტანათ პოპულარობა. რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ ცნობილი სახე ხართ?

– ვერ გეტყვით, რომ ამის გამო პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს. ხშირად არის ხოლმე მომენტები, როცა უხერხულობას ვგრძნობ და დისკომფორტიც მექმნება. ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებულად ცვლის ჩემს ცხოვრებას.

– პოპულარობისთვის ხელოვნური იმიჯი გამოგიყენებიათ?

– არასოდეს. ეკრანი იქნება, მეგობრებთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ყოველთვის ვარ ის, ვინც რეალურად ვარ.

– ხშირად იწერებოდა, რომ რომელიღაც ცნობილ ადამიანთან გქონდათ რომანი. ესეც ზრდიდა თქვენდამი ინტერესს.

– კი, იწერებოდა და არაერთხელ. იყო დრო, როდესაც ჩემზე და გიორგი ვარდოსანიძეზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ რომანი გვქონდა, შეყვარებულები ვიყავით და ა.შ. ასეთი რამ არ ყოფილა. გიო ჩემი მეგობარია, ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი ბიჭია. მეტი ისეთი აფეთქებული ამბავი არ მახსენდება, მაგრამ ხან ვისთან მაწყვილებენ, ხან – ვისთან.

– ანუ ეს დღემდე გრძელდება?

– კი, დღესაც. ჰოდა, სულ ვამბობ, კარგი იქნება, ამ ხალხს მეც თუ გამაცნობთ-მეთქი. ხანდახან ისეთ ადამიანებზე მესმის, რომ მათთან რომანი მაქვს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არც მყავს ნანახი.

– რომ არა პოპულარობა, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება?

– მგონი, პოპულარობა არ სჭირდება იმას, რომ სტუდია მქონდეს, არც იმას სჭირდება პოპულარობა, რომ შვილი მყავდეს. ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება მაინც ძალიან საინტერესო იქნებოდა. პოპულარობას რადიკალურად არაფერი შეუცვლია, იოლად არაფერი გამომსვლია. მაინც სულ ბრძოლა მიწევს, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ.

– გარეგნობამაც შეგიწყოთ ხელი, ქუჩაში რომ გცნობენ და ყურადღებას გაქცევენ. უვლით თავს, რომ ეს ფორმა შეინარჩუნოთ?

– თავის მოვლას მცირე დროს ვუთმობ, მაგრამ ხარისხიანად ვუვლი. რადგან გარუჯვა მიყვარს, ჩემი პირველი პრობლემა კანის სიმშრალეა. სამ დღეში ერთხელ ვირუჯები სოლარიუმში და კანი ძალიან მიშრება, ამიტომ ტანსაც და სახესაც განსაკუთრებულად ვუვლი ხარისხიანი პროდუქციით, თმასაც – შესაბამისად.

– თქვენს ბიჭუნას როგორ ზრდით, აღზრდის რა მეთოდებს იყენებთ?

– პირველ რიგში, არასოდეს ვუზღუდავ საკუთარი თავის გამოხატვის უფლებას. არ ვარ ისეთი დედა, ვუთხრა, ეს და ის არ გააკეთო-მეთქი. იცის, რაც არ შეიძლება და ცუდია. ჩემი რიდი აქვს. როდესაც რაღაცას აშავებს, ყოველთვის ვეუბნები, რომ ეს ცუდი საქციელია. პირველი, რასაც ვაკეთებ შვილთან ურთიერთობაში, არის ის რომ, ვცდილობ, მისი მეგობარი ვიყო. მართალია 2 წლისაც არ არის, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, ყველაფერს კარგად ხვდება.

ვცდილობ, თავისუფლად გავზარდო და არ დავუშალო ელემენტარული რაღაცები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავათავხედებ. არსებობს რაღაც ზღვარი, რის იქითაც არც მე გადავდივარ და არც ის.

– რთულია დედობა?

– დედობა არის გმირობის ტოლფასი. რთული კი არა, ეს არის ყველაზე დიდი გამოცდა ქალებისთვის – ნერვების, ფსიქიკის, პიროვნების. ჩემმა შვილმა ძალიან გამზარდა, როგორც პიროვნება და ვთვლი, რომ ყველა დედა იმსახურებს ძალიან დიდ აპლოდისმენტებს, რადგან ეს ძალიან რთული, შრომატევადი, საპასუხისმგებლო “პროფესიაა”.

– მით უმეტეს, თუ მარტო ზრდის შვილს, არა?

– მარტოს არ მიწევს გაზრდა, შვილი კვირის დღეებში ჩემთან არის და შაბათ-კვირას – მამასთან. მამაც ჩართულია შვილის აღზრდაში.

– თქვენც გაქვთ ბავშვის მამასთან ურთიერთობა?

– რა თქმა უნდა. ჩვენი საერთო შვილია და ერთად ვზრუნავთ მის მომავალზე. ცივილური ურთიერთობა გვაქვს.

– დღეს არსებობს მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში?

– კონკრეტულად, ასე გამოხატულად – არა, თორემ ისე არ ვარ, რომ სულ მარტო ვიყო და არც პაემანზე დავდიოდე.

– არ ფიქრობთ პირადი ცხოვრების მოწყობაზე ისე, რომ ოფიციალურად იყოს თქვენს ცხოვრებაში ვინმე?

– ამას წინასწარ ვერ დავგეგმავ. როდესაც გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც მომინდება ოფიციალური ურთიერთობა… თუმცა არ ვიცი, ოფიციალური რა არის. ოფიციალურად ვიყავი დაქორწინებული. ასე ვიტყვი – ქორწინების არ მჯერა და არც ახლო მომავალში ვგეგმავ ოჯახის შექმნას. ეს რომ მინდოდეს, ხვალვე მოვაწყობდი დიდ ქეიფს, მაგრამ არ მინდა ეს ოფიციალურობა, იურიდიული მხარეები. თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, ვის გვერდითაც გადავწყვეტ ყოფნას, ამასაც გაიგებთ.

– როგორც ჩანს, თავისუფალ ურთიერთობებს ანიჭებთ უპირატესობას.

– კი, თავისუფალი ურთიერთობა მირჩევნია, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც და მამაკაცის მხრიდანაც. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმეს რამეს უზღუდავს, ვისაც რა უნდა, ის უნდა აკეთოს. ეს არის ჩემი დევიზი ცხოვრებაში.

– როგორი ხართ, როცა გიყვართ?

– შეყვარებული ნინი ძალიან კარგია, ბევრად უფრო მხიარული. მოწყენილი არც ახლა ვარ, მაგრამ უფრო ჰარმონიული ვარ ხოლმე, უფრო გაზაფხული მაქვს. ეს ემოცია მეტ ხალისს, მეტ სტიმულს მაძლევს.

– რა არის სიყვარული, როგორ ახსნით ამ გრძნობას?

– ჩემთვის, პირველ რიგში, არის მეგობრობა. თუ ადამიანი ჩემი მეგობარი არ არის, თუ მან ისეთი არ მიმიღო, როგორიც თავიდან ბოლომდე ვარ, ვერასოდეს შემიყვარდება.

– ცოლიან მამაკაცთან რომანი მისაღებია თქვენთვის?

– არა, მაგრამ მქონია. შეცდომები ყველას მოგვდის.

– ანუ თვლით, რომ ეს შეცდომა იყო?

– ვთვლი, რომ არ იყო სწორი, მაგრამ არ ვნანობ.

– კონკრეტულად იმ ადამიანთან ურთიერთობა არ იყო სწორი თუ, ზოგადად ცოლიანთან ურთიერთობა არ იყო სწორი?

– ერთიც და მეორეც, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ არ ვნანობ. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, არაფერს ვნანობ ცხოვრებაში.

– როცა ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, ღირს ბრძოლა იმისთვის, რომ საბოლოოდ არ დაინგრეს?

– გააჩნია, რის გამო გაჩნდა ბზარი. თუ ნდობა შეირყევა, უკვე რთული იქნება იმ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება. თუ ნდობა არის და უბრალოდ წყენა ან გაუგებრობაა, მაშინ ღირს. ურთიერთობაში ნდობა მნიშვნელოვანია.

– მესამე თუ გაჩნდა, მაშინაც ღირს ბრძოლა?

– მესამე თუ გაჩნდა, ეს მესამის ბრალი არ არის და ეს ვერ გაიგო ამ ხალხმა. როდესაც მესამე ადამიანი შემოდის ურთიერთობაში და აბრალებენ, რომ მან გააფუჭა ყველაფერი, ჩემი აზრით, ეს არის აბსოლუტური სისულელე. თუ ორი ადამიანის ურთიერთობა ფუჭდება, ეს ამ ორის ბრალია. ჯერ ერთმანეთში გაარკვიონ, ის მესამე რატომ გაჩნდა. ჩნდება იმიტომ, რომ ორ ადამიანს ერთად ყოფნა სწყინდება, მეტი არაფერი.

– რა ანგრევს წყვილის თანაცხოვრებას, როცა მათი ოჯახი დიდი სიყვარულით იქმნება და შეყვარებულობის პერიოდში ყველაფერი ფანტასტიკურად აქვთ?

– ამიტომ ვამბობ, რომ ქორწინების არ მჯერა. როდესაც შეყვარებული ხარ, ყოველ დილით და ყოველ ღამით არ ხედავ, გენატრება, გინდა, მასთან იყო, სულ იპრანჭები და ეს დიდ სტიმულს გაძლევს. როდესაც ეს ყველაფერი ყოველდღიურობა ხდება და ურთიერთობა გადადის რუტინაში, ორივე ადამიანი მოიწყენს ხოლმე.

ვფიქრობ, იმისთვის დაიბადნენ, რომ იყვნენ თავისუფლები და არა – ვიღაცაზე დამოკიდებულები, თუნდაც ემოციურად, ფიზიკურად, მორალურად, მატერიალურად და ა.შ. ადამიანი იბადება მარტო, თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი მთელი ცხოვრება. როდესაც ვალდებული ხარ, ვიღაც გიყვარდეს, როდესაც ვალდებულებაში გადადის, რომ უნდა მიყვარდეს, რადგან ჩემი ქმარია, აი, ეს აფუჭებს ყველაფერს.

– ალბათ გქონიათ რთული, კრიზისული პერიოდები. როგორ გადალახეთ ისინი, ამ დროს რა გშველით ხოლმე?

– პირველ რიგში, საკუთარი თავი, გონება მეხმარება. მე რომ გონება არ მეხმარებოდეს, აქამდე ვერ მოვიდოდი. გარედან ყველაფერი ლამაზად ჩანს და დარწმუნებული ვარ, ჩემი ცხოვრებაც ასე ლამაზად გამოიყურება, რადგან ისევ მე ვალამაზებ ჩემი გონებით, შრომით, შემართებით და იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემ გვერდით დგანან და ყველაფერში მეხმარებიან, თუნდაც თანამშრომლები, რომლებიც ჩემთან ერთად აშენებენ იმას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გონება არ მაძლევს უფლებას, დავეცე მორალურად, სულიერად. რა თქმა უნდა, რთული პერიოდი მქონია, დიდი დეპრესიები მაქვს გამოვლილი. 4 წელი საწოლში ვიწექი, წამლებს ვსვამდი.

– რამ გამოიწვია დეპრესია?

– ეს იყო მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ გავიზარდე და უკვე დიდი ვიყავი. ბევრ სირთულეს შევეჩეხე, იყო ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, როგორებთანაც არ უნდა მქონოდა.

– პირად ურთიერთობებს გულისხმობთ?

– არამხოლოდ პირადს, მეგობრულსაც. როცა პატარა ხარ, ვერ არჩევ, ვინ ვინ არის. ამას გამოცდილება სჭირდება და, ასე რომ ვთქვათ, ცოტათი ამერია ცხოვრება.

– რამდენი წლის იყავით მაშინ?

– 20-21-ის და რამდენიმე წელი საკმაოდ მძიმედ გავიარე, მაგრამ მოვერიე. არ მეგონა, თუ ავდგებოდი, მაგრამ ავდექი და ცხოვრება გავაგრძელე.

– რა გამოცდილება მოგცათ ცხოვრებამ?

– ცხოვრებისგან ყოველდღე ვიღებ გამოცდილებას. თქვენი ინტერვიუც გამოცდილებაა ჩემთვის, მომხმარებლებთან კონტაქტიც და ა.შ. 30 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებამ და გამაძლიერა.

არაფერს ვნანობ, არც იმ ტკივილებს, არც იმ დეპრესიას, არც იმ დეპრესიის გამომწვევ მიზეზებს, რადგან, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, მე დღეს არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ. მე არ ვიქნებოდი ის ადამიანი, რაც ვარ, შესაბამისად, მადლობა ცხოვრებას ამდენი გამოცდისთვის!

 ირმა ჭკუასელი, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი