დავით წოწორია იტალიაში მოხუცს დედის ნაცვლად უვლის – “დედა ვერ გავუშვი, რადგან ძალიან მიყვარს”

დავით წოწორია იტალიაში მოხუცს დედის ნაცვლად უვლის - "დედა ვერ გავუშვი, რადგან ძალიან მიყვარს"2008 წელს სოხუმში სოუმინის შენობაზე, სადაც ადრე ჟიული შარტავა აწამეს, დავით წოწორიამ საქართველოს დროშა აღმართა, ამის გამო დაიჭირეს და 14 დღე პატიმრობაში იმყოფებოდა. შემდეგ ქართული მხარისა და გაეროს მხარდაჭერით გათავისუფლდა და მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

• რატომ წახვედი საქართველოდან?
– წამოსვლის მოზეზი უმუშევრობა იყო. ბანკში ვმუშაობდი, სამწუხაროდ, ანაზღაურება იყო ძალიან დაბალი, რაც 1 კვირაც კი არ მყოფნიდა.
• მოხუცის მომვლელად მუშაობა არ გაგიჭირდა? 
– მთავარია ადამიანის მონდომება. თუ ადამიანმა მოინდომა, ყველაფერს შეძლებს, ძნელი არ არის ნამდვილად, მაგრამ არც ადვილია.
• რატომ არ გაუშვი დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ და რატომ არჩიე თავად წასვლა? 
– ეს სამწუხარო მენტალობა 21-ე საუკუნის სენია, რომელიც საქართველოს ინდექსად იქცა და შეცვლას არ ექცემდებარება. სამწუხაროდ, საქართველოში ბიჭები დედებს უშვებენ საზღვარგარეთ სამუშაოდ. მე ვერ გავუშვებ დედას, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს,

• სწორი გადაწყვეტილება მიიღე? საქართველოში ვერ დასაქმდი?
– ვფიქრობ, რომ ის უკანასკნელი საუკეთესო ბერკეტი გამოვიყენე, რომელიც ხელთ გამაჩნდა ამ მომენტისთვის.
• რა პროფესიის ხარ?
– ფსიქოლოგი ვარ, სასულიერო სემინარია, მაგისტრატურა მაქვს დამთავრებული
• რამდენი ხანია, რაც ემიგრაციაში იმყოფები?
– შვიდ თვეზე მეტია, ემიგრაციაში ვარ.
• როგორ ფიქრობ, საქართველოში როგორ შეაფასებენ შენს ასეთ გადაწყვეტილებას?
– ჯანსაღი გონება ჯანსაღად შეაფასებს და ვინც შრომის ფასი არ იცის, მასთან უაზროა ამაზე საუბარი.
• ბევრისთვის მაგალითად მიუღებელია (ჟარგონულად გრეხია) რომ მოხუცს მოუაროს, შენი აზრით? 
– არ ვიცი, სიმართლე გითხრა, სხვაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. მე პირადად ეს არ მეგრეხება, არც მცხვენია.

• ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ თავშესაფრის და სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, შენ რას ფიქრობ? 
– დიახ, გაიზარდა. მე ევროპის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი თითქმის, ესპანეთისა და საბერძნეთის გარდა, ავსტრიაში და გერმანიაში, საფრანგეთში. გადატენილია ქართველებით. საფრანგეთში საერთოდ ქუჩაში ძინავთ იმიტომ, რომ დახმარების სახით ყოველთვიური 450 ევრო აიღონ, რადგან ზოგს ბანკის ვალი და დაყადაღებული აქვთ სახლი.
• დომენიკ მანგომ საიდან შეიტყო, რომ შენ მანდ მუშაობდი? 
– ჩვენ სოციალურ ქსელში ვსაუბრობთ ხოლმე და აქედან გავიცანი.
• რას ეტყვი ქართველებს?
– გიყვარდეთ და დაიცავით საქართველო.
• შენს ქვეყანაში რის შეცვლას ისურვებდი?
– ყველაფერი ცუდის, რაც ჩვენს ქვეყანას აზიანებს.
• როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– წინასწარ არ ვიცი, უფალი მანახებს.

ინტერმედია