,,ჩვეულებრივი წაჯიკავება იყო” – 51-ე სკოლაში დაპირისპირება ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო?

,,ჩვეულებრივი წაჯიკავება იყო" - 51-ე სკოლაში დაპირისპირება ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო?თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხუბში მონაწილე მოზრდილებს და თვითმხილველებს კი პოლიციაში კითხავენ. დაპირისპირება კლასელებს შორის ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო. ვიდეო თავად მოსწავლეებმა მოამზადეს, სადაც სკოლის ერთ-ერთი პედაგოგიც ფიგურირებს.

თუმცა დაპირისპირებული მოზარდების მშობლები უარყოფენ, რომ ჩხუბი ვიდეოკლიპის გამო დაიწყო.

-ჩხუბი არ მომხდარა? ჩვენ ისე დავიზარდეთ ჩხუბი არ მომხდარა? ჩხუბი იყო, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი წალაპარაკება, წაჯიკავება. ისეთი უსამართლობები ხდება ქვეყანაში, რომ, სამწუხაროდ,  ბავშვებმა ეს ცუდად მოირგეს. კლიპის გამო შეიძლება ბავშვზე ასეთი რაღაცის თქმა? ეს არის აბსოლუტურად სიცრუე. სწორის სახელია თქვენზე, ეს არის „ცრუსთავი“. ეს არ არის სიმართლე. სამწუხაროა, რომ ყველა ტელევიზიას ეს რუსთავი გჯობნით. იყო შემთხვევა და იყო წაკინკლავება და არანაირი დაჭრა, არანაირი დანები. წაკინკლავდნენ ჩვეულებრივად. ახალგაზრდა ბიჭები არიან, თინეიჯერებს რა უნდათ, ორი სიტყვა და წაკინკლავდნენ რა, – აცხადებს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი ,,რუსთავი 2″-თან.

კლიპის გამო დაპირისპირებას უარყოფენ მასწავლებლებიც. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები უბრალოდ მუსიკას უსმენდნენ.

„არაფერი ვიდეოს ჩვენება, მუსიკები ჩაწერეს ბავშვებმა ბოლო ზართან დაკავშირებით. მხოლოდ ეს იყო მეტი არაფერი,“-აცხადებს 51-ე სკოლის მასწავლებელი.

მშობლებისგან და მასწავლებლების განსხვავებით, 51-ე სკოლის მოსწავლეები ღიად საუბრობენ, რომ დაპირისპირება სწორედ ვიდეო შარჟს მოჰყვა.

-ჰიმნს  მღეროდნენ ჩვეულებრივ, რაღაც ვიდეო შარჟი ჰქონდათ მომზადებული. ჩვეულებრივი ხუმრობა იყო. ისეთი სერიოზული არაფერი ყოფილა, – ამბობენ ბავშვები.

გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს მანდატურის სამსახურის უფროსი. ამბობს მხოლოდ იმას, რომ  საქმეში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.

დაპირისპირება მოზარდებს შორის დღის პირველ ნახევარში მოხდა, თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანები დანებით იყვნენ შეიარაღებულები და დაპირისპირებაში ათობით ბიჭი მონაწილეობდა.

რუსთავი 2