”3 წლის ბავშვი ეგდო და დედა დასტიროდა ზედ” – დიდ დიღომში ბავშვი მე-8 სართულიდან გადავარდა, როცა დედა მაღაზიაში იყო

”3 წლის ბავშვი ეგდო და დედა დასტიროდა ზედ” - დიდ დიღომში ბავშვი მე-8 სართულიდან გადავარდა, როცა დედა მაღაზიაში იყოტრაგიკული შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში. 3 წლის ბავშვი პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადავარდა, რომელიც ღია იყო, დედა კი ამ დროს მაღაზიაში იმყოფებოდა.

„გავედით კივილის ხმაზე და ვნახეთ, ბავშვი ეგდო და ეს დასტიროდა ზედ. რაღაცებს ცდილობდა დახმარებას, დავრეკეთ სასწრაფოში და სასწრაფო მოვიდა და გარდაცვლილი იყო ბავშვი, უგონოდ იყო,“ – ამბობს ადგილობრივი.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა, მან ვარდნის ხმა გაიგო და გარეთ გავიდა და ბავშვი გადმოვარდნილი ნახა.

გარდაცვლილი ბავშვი ნიგერიის მოქალაქეა.

“თითქოს რაღაც აფეთქდა, ისეთი ხმა იყო, ხმაზე ჩემი თანამშრომელი გამოვიდა, რომ გამოვიხედეთ, არაფერი იყო, მერე კივილის ხმაზე გამოვედით და ვნახეთ ბავშვი იყო ძირს გადმოვარდნილი. ალბათ, დედა ტიროდა. ერთი მამაკაცი მოვიდა და ნახა, რომ პულსი ესინჯებოდა. სასწრაფო რომ მოვიდა, გარდაცვლილი იყო”, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა თამარ შენგელიამ.

სწორედ მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.