რას ნიშნავს ღალატი ირმა სოხაძისთვის – ,,როცა მჭირდებოდა, ქმარი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო”

რას ნიშნავს ღალატი ირმა სოხაძისთვის - ,,როცა მჭირდებოდა, ქმარი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო"მომღერალი ირმა სოხაძე 63 წლისაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ასაკი მართლაც მხოლოდ ციფრებია. ეს არც მის გარეგნობას ეტყობა და არც შემოქმედებით აქტიურობას, ისევ კონცერტებზე ფიქრობს, ჰყავს მოსწავლეები, აქვს სტუდია, სადაც საკუთარ მიუზიკლებს დგამს.

ირმა სოხაძისა და რეზო ასათიანის ქორწინების უკან კი 44 წელი დგას და წლებმა არც ამ ურთიერთობას დააკლო რამე, პირიქით – საუკეთესო მეგობრებად აქცია. მომღერალი ,,სარკესთან” თავის პირადზე საუბრობს.

– პატარა გოგონა სკამზე დგას და მღერის – ეს არის საოცარი ფოტო, რომლის მსგავსიც ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება რომელიმე მომღერლის არქივში. ეს გამონაკლისი კი ხართ თქვენ. მოგვიყევით თქვენს პირველ ნაბიჯებზე.

– 2 წლიდან ვმღერი და 4 წლიდან სცენაზე ვდგავარ. მამაჩემი იხსენებდა, რომ კიკეთში, ეზოში დამიწყია სიმღერა. გაუგონია ბავშვის წკრიალა ხმა, რომელიც იტალიურ სიმღერას მღეროდა. მითხრა, დამაინტერესა, ვინ მღეროდა, რომ გამოვედი და შენ დაგინახე, სიხარულით გადავირიეო.

4 წლისა უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის სოლისტი ვიყავი, 8 წლისა – საქართველოს სახელმწიფო ორკესტ “რეროს” სოლისტი. სკამზე ვიდექი, რადგან მიკროფონს ვერ ვწვდებოდი. ერთი წლის მერე მამაჩემი მიხვდა და გადამიჭრა მიკროფონი. იმ მიკროფონით დავდიოდით კონცერტიდან კონცერტზე. ბევრი გასტროლი მქონდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, პარალელურად ვსწავლობდი ნიჭიერთა ათწლედში.

სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. მერე უკვე დაიწყო კონსერვატორიის ხანა. ჩემი ოცნება ახდა, მოვხვდი ბატონ თემურ ამირეჯიბის კლასში. 7 წელი ვისწავლე კონსერვატორიაში. 1980 წლიდან დავიწყე მუშაობა საქართველოს ტელევიზიაში და ის ჩემი მეორე ოჯახი იყო. თითქმის 30 წელი ვიმუშავე.

როგორც ვიცი, მამათქვენიც მღეროდა.

– მამა გადასარევად მღეროდა. 44 წლის წინ ჩემი მეუღლე, რეზო ასათიანიც, შემოგვიერთდა და ასეთი ოჯახური ტრიო გვქონდა.

რას ნიშნავს ღალატი ირმა სოხაძისთვის - ,,როცა მჭირდებოდა, ქმარი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო"– თქვენი გოგონებიც, სალომე და ნატა, შეუერთდნენ ოჯახურ ჯგუფს?

– პატარაობისას მღეროდნენ, მაგრამ არც ერთმა ისურვა გაგრძელება. ძალიან კარგი პროფესიები აქვთ. უფროსი, სალომე, ჟურნალისტია, უმცროსი, ნატა – განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მუსიკით ვერანაირად იცხოვრებ. შეუძლებელია, რომ ამით თავი გაიტანო.

– თქვენ თუ გინანიათ ოდესმე, რომ მუსიკალური კარიერა აირჩიეთ?

– ერთი წუთითაც არ მინანია. ძალიან ბედნიერი ვარ, მთელი ცხოვრება ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს – ვმღერი, ვწერ ლექსებს, მუსიკას, საბავშვო მიუზიკლებს. მოკლედ, ბევრ ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაც ჩვენს დროში დიდი ფუფუნებაა, ამიტომ საოცრად მადლიერი ვარ უფლის, ბედის და ყველაფრის, რომ ამის საშუალება მაქვს.

ძალიან გართულდა ცხოვრება და, როდესაც ამას ახერხებ, თუნდაც მეტნაკლებად, წუწუნი უკვე უსინდისობაა. რა თქმა უნდა, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჩემნაირი ნიჭის, უნარების ადამიანი სხვა ქვეყანაში ბევრად უკეთესად იცხოვრებდა.

– გიფიქრიათ სხვა ქვეყანაში კარიერის აწყობაზე?

– მქონდა ამის საშუალება და დღესაც მაქვს რუსეთში, მაგრამ ახლა ხომ ამაზე ფიქრი აბსურდია. ბედნიერი ვარ, რომ არც მაშინ დავუკავშირე ჩემი ცხოვრება რუსეთს. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს ქვეყანაში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სადაც არცთუ ისე ცოტა ხნის წინ დავიბადე.

– ამ ეტაპზე რითი ხართ დაკავებული?

– ვარ ჩემს სტუდიაში, მყავს ბავშვები. ახლახან დავდგი ჩემი მიუზიკლი “ზღაპარქალაქი”. ვმუშობ, რომ გაზაფხულზე ჩემი კონცერტი გავაკეთო.

რას ნიშნავს ღალატი ირმა სოხაძისთვის - ,,როცა მჭირდებოდა, ქმარი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო"– როგორც ქალს, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ დაგროვებული. თქვენი და რეზო ასათიანის ქორწინება 44 წელს ითვლის. რას გვეტყვით, რა არის ოჯახურ თანაცხოვრებაში მნიშვნელოვანი?

– მართლა სიყვარულია ყველაფრის გადამრჩენელი. იყო ჩვენს ცხოვრებაში გაჭირვებაც, უმუშევრობაც, შეფერხებები. ბევრი ოჯახი დანგრეულა ასეთ დროს და ვერ გაუძლიათ კატაკლიზმებისთვის. არიან ოჯახები და, საბედნიეროდ, მათ რიცხვშია ჩემიც, რომელთა ურთიერთობებიც ასეთ დროს უფრო შედუღაბდა.

მე და რეზო დიდი მეგობრები ვართ. რაღაც პერიოდი იყო ცოტა გაგულგრილება, სხვა თემების წამოწევა, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ ჩვენი ოჯახის სიმყარეს საფრთხე შექმნოდა.

– ზოგი ქალისთვის ღალატი ნიშნავს ფიზიკურად სხვასთან სიახლოვეს, ზოგისთვის ღალატი არის სიყვარულის, ურთიერთობის გაციება. თქვენთვის რას ნიშნავს ღალატი, როგორ აღიქმება ის?

– ღალატი არის – “მე მჭირდები და შენ ჩემ გვერდით არ ხარ”, ანუ, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და შენ ამ დროს ჩემთვის არ გცალია, არ ხარ ჩემი საყრდენი. ჩემს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ ან მე ვჭირდებოდი რეზოს და მის გვერდით არ ვიყავი, ან ის მჭირდებოდა და ჩემ გვერდით არ იყო.

ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის და ახლა, მით უმეტეს, იმიტომ, რომ სამი მნიშვნელოვანი შემადუღაბებელი ფაქტორი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში – შვილიშვილები.

– 63 წლის ასაკში არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. საინტერესოა, როგორ უვლით თავს.

მთავარია ხასიათი. როდესაც ხარ გაწონასწორებული, ბუნებით კეთილი, ეს გარეგნობაზეც აისახება. ახლა “სარკის” მკითხველს ჩემი საიდუმლო უნდა გავანდო. არ გეგონოთ, რომ დილით საცხის ერთხელ წასმა სახეზე საკმარისია. 3-4-ჯერ შეიძლება მოვასწროთ დამატენიანებლის, მკვებავის წასმა. შეგიძლიათ კრემებს D და A ვიტამინები დაამატოთ.

კანი მუდამ დატენიანებული უნდა იყოს, არ უნდა “სწყუროდეს”. ასეთ შემთხვევაში არც ბოტოქსი დაგჭირდებათ, არც ფილერი. მე არაფერი მაქვს გაკეთებული.

მართალია, ყველა ვბერდებით, მაგრამ ბუნებრივად დაბერება ნამდვილად ჯობია. მთავარია ხალისი, სხივი არ მოგაკლდეს თვალებში და ჯანმრთელობა. 40 წლის მერე დაუშვებელია მოწევა, ტკბილის ზედმეტად მიღება, ასევე ალკოჰოლი. ბევრი იარეთ ფეხით. იყავით კარგ ხასიათზე და იმ ადამიანებთან, ვისთანაც გსიამოვნებთ.

ლელა დევდარიანი, სარკე