ირინა ონაშვილი: “მაქვს ჩემი პატარა სივრცე – სილამაზის სალონი”

ირინა ონაშვილი: "მაქვს ჩემი პატარა სივრცე - სილამაზის სალონი"ირინა ონაშვილი პირველად 2003 წელს მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როცა “მის საქართველოს” გვირგვინი დაიდგა თავზე და მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. საზოგადოებრივი ყურადღების ობიექტივში მაშინაც მოექცა, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრ ლადო ვარძელაშვილზე გააკეთა არჩევანი და ცოლად გაჰყვა. მალე ორი ბიჭის მშობლებიც გახდნენ.

ლამაზი, საქმესა და პირად ცხოვრებაში რეალიზებული – ეს ბედის საჩუქარია თუ საკუთარ თავსა და ოჯახზე მუდმივი მუშაობის შედეგი? ამის შესახებ ირინა ონაშვილი “სარკეს” ესაუბრა.

– ირინა, როცა კი უნდა შეგხვდეთ, სულ რაღაცას აკეთებთ, ყოველთვის ძიებაში ხართ. ამჯერად რითია შევსებული თქვენი დღე?

– მაგისტრატურა დავასრულე სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით და ბოლო რამდენიმე წელია ჩემი პროფესიით ვმუშაობ. სხვადასხვა კომპანიაში ვიმუშავე და ახლაც ვმუშაობ საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. ასევე მაქვს ჩემი პატარა სივრცე – სილამაზის სალონი.

– ბიზნესი, სხვადასხვა პროექტი, ოჯახი, ორი შვილი… ამ ყველაფერზე დროის განაწილება არ გიჭირთ?

– არ მიჭირს, შეძლებისდაგვარად ვახერხებ. ჩემი აზრით, დროს ძალიან ეფექტურად ვანაწილებ. რა თქმა უნდა, ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ბავშვები არიან, მათზე წინ არაფერი დგას.

– ყოველთვის გამოგდით ის, რასაც მიზნად ისახავთ?

– მთავარია სურვილი, რადგან ადამიანი რასაც დაისახავს მიზნად, არ არსებობს, არ გამოვიდეს. ყველა საქმეში ასეა. რაც გინდა, იმას უვლი, უფრთხილდები, აკეთებ. თუ ვინმეს რამე არ გამოსდის, ესე იგი არასაკმარისად მოინდომა. რასაც ვისახავ მიზნად, ყოველთვის გამომდის. თუ რამე არ გამომსვლია, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია და სხვა არავისი.

– როგორც ჩანს, საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს კარგად იცნობთ. რა არის თქვენი ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი თვისებები?

– რთულია ამაზე საუბარი. ასეთ დროს ჯობია, სხვამ შეგაფასოს. ბევრი კარგი თვისება მაქვს, მაგრამ იდეალური არც მე ვარ. ჩემს თავში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მეგობრების, ოჯახის წევრების მიმართ ერთგული ვარ. ვინც მიყვარს, მართლა გულით მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, საყვარელ ადამიანებს გვერდში დავუდგე. ძალიან ცოტა მეგობარი მყავს.

ასევე, ვარ ძალიან შრომისმოყვარე. სადაც კი მიმუშავია და ვმუშაობ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ჩემს ძალებს არასდროს ვზოგავ.

რაც შეეხება ცუდ თვისებას, არ მომწონს ჩემი ზედმეტად თავმდაბლობა და არაამბიციურობა, რომელიც ხანდახან მეც მაღიზიანებს, მაგრამ ეს იმდენად შინაგანია, ვერაფრით ვცვლი. ეს არ არის კარგი, ადამიანს გარკვეული ამბიციები უნდა ჰქონდეს. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ, რომ ყველაფერი უკან გადამიდია, ყველანაირი ამბიცია, რომელიც არც მაქვს. ზოგი ამას სხვანაირად იგებს, ამიტომ მინდა, რომ დავძლიო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ. საკუთარ თავთან ამ მიმართულებით ვმუშაობ.

– შვილების გაზრდაში ვინ გეხმარებათ?

– ძიძა მყავს. უფროსი ბიჭი სკოლაში დადის, პატარა კი ძირითადად ძიძასთან არის.

– როგორ ფიქრობთ, ოჯახში ჰარმონიას რა ქმნის?

– ყოველდღიური ურთიერთობა, რომელსაც სულ სჭირდება სულის შებერვა, არასდროს უნდა მოვდუნდეთ. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე იგრძნობა უარყოფითი გავლენა და რაღაცები ნელდება, ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, მოვუფრთხილდეთ ჩვენს მეორე ნახევარს, შესაბამისად ამ ურთიერთობას. მხოლოდ ამ დროს არის ოჯახში ჰარმონია.

– დღეს ქალებს თითქოს გამადიდებელი შუშით უყურებენ, მათ თითოეულ ნაკვთს აკვირდებიან და მერე განიხილავენ, მათი სილამაზე პლასტიკური ქირურგიის შედეგია თუ არა. თქვენ თუ მიგიმართავთ პლასტიკური ქირურგისთვის და ზოგადად რას ფიქრობთ გარეგნობაში ხელოვნურად ჩარევაზე?

– პლასტიკური ქირურგიისთვის ჯერ არ მიმიმართავს, მაგრამ ალბათ ის ეტაპიც დამიდგება ცხოვრებაში, როცა რაღაცებს გავიკეთებ. ამის წინააღმდეგი არასდროს ვარ. მე ძირითადად ყველას ვურჩევ, რომ თუკი სჭირდებათ, აუცილებლად ჩაერიონ, აუცილებლად გაიკეთონ, უბრალოდ ზომიერების ფარგლებში. თუ შენი თავდაჯერებისთვის საჭიროა, აუცილებლად უნდა გაიკეთო. მერე განწყობაც სხვანაირი გაქვს, უფრო მეტად აფასებ საკუთარ თავს, უფრო მეტად მოგწონს. ხოლო, როცა შენი თავი მოგწონს, ბევრად უფრო ხალისიანი, მოტივირებული და მიზანდასახული ხარ.

– როგორ უვლით თავს, რომ ეს ეტაპი რაც შეიძლება შორს გადასწიოთ და პლასტიკურ ქირურგს რაც შეიძლება გვიან მიაკითხოთ?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ამ თვალსაზრისით ძალიან ზარმაცი ვარ. საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და ბავშვებიც დიდ ენერგიას მოითხოვენ. საღამოს სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები. პატარაც ცელქი მყავს და იმდენ ენერგიას მაცლის, ერთი სული მაქვს ხოლმე, ბალიშზე თავს როდის დავდებ და დავიძინებ. ასე რომ, მოგატყუებთ, თუ გეტყვით, კრემების გარეშე არ ვიძინებ-მეთქი. ყოველდღიურ დილა-საღამოს საცხებსაც არ ვიყენებ.

– არც რაიმე პროცედურას იკეთებთ სახის კანისთვის?

– ძირითადად ვიკეთებ ბიორევიტალიზაციას. ვიცი, რომ ეს ბევრჯერ წასმულ კრემს სჯობია. წელიწადში რამდენჯერმე ვიტარებ ამ პროცედურას, რომელიც ძალიან კარგად უვლის კანს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს.

 ლელა დევდარიანი, სარკე