ანი ტყებუჩავა: “ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება”

ანი ტყებუჩავა: "ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება"მსახიობ ანი ტყებუჩავასთვის სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მე-14 სეზონი ემოციურად ყველაზე რთული იყო. მისი გმირი, ნინა, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მოვლენების ასე განვითარებამ მსახიობისგან დიდი ნებისყოფა მოითხოვა. თავისი გმირის, ნინას მდგომარეობამ აიძულა საკუთარ თმას გამოთხოვებოდა და თავი გადაეპარსა, რაც ახალგაზრდა ქალისთვის იოლი არ ყოფილა. ახალ სეზონს ანი უკვე წამოზრდილი თმითა და ახალ დრამატულ ეპიზოდებზე მუშაობით იწყებს.

რთულ მომენტებში მას ყოველთვის მხარში უდგას ქმარი, რეჟისორი ლევან ბარამიძე. ამჯერადაც ასე იყო – ანის შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, თმა ლევანმაც გადაიპარსა.

– ანი, სერიალის წინა სეზონი ძალიან რთული, დრამატული იყო, მათ შორის თქვენთვის და თქვენი პერსონაჟისთვისაც. რაღაც მომენტში ხომ არ გინანიათ, როლის გამო თავი რომ გადაიპარსეთ?

– როცა მივხვდით, რომ ნინას ქიმიოთერაპიის კურსის დროს კარგი იქნებოდა თავის გადაპარსვა, მე მზად ვიყავი, მაგრამ გადაცემა “მთავარი ექიმი” (სადაც ანი წამყვანია. რედ. შენ.) გვაფიქრებდა. თუმცა მივიღე ეს გადაწყვეტილება და ერთი წუთითაც არ მინანია.

ბავშვობაში არასდროს გადამიპარსავს თავი, ვერ ვბედავდი. ამიტომ ვამბობ, რასაც ცხოვრებაში ვერ ბედავ, როლი გაგაბედინებს. მეგონა, თმის გარეშე უშნო ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი შიში არ გამართლდა. გადაპარსული თავი ძალიან მომწონდა.

– არ ღელავდით იმაზე, ოჯახი – შვილები, ქმარი –  როგორ შეხვდებოდა ამ ცვლილებას?

– ყველაზე მეტად ის მაფიქრებდა, ჩემს ამ ნაბიჯს ბავშვები როგორ მიიღებდნენ. პატარა მალე შეეჩვია უთმო დედას, უფროსს კი ბევრი ველაპარაკე. ერთად ვუყურეთ იმ სერიას, სადაც თმას ვიპარსავ. ასე მითხრა, ცოტა გული კი ამიჩუყდა, მაგრამ ხომ მალე ამოგივაო.

ჩემმა მეუღლემ თმის გადაპარსვა რომ გადაწყვიტა, მთელი ოჯახი დავსხედით და ამ პროცესს ვუყურეთ. ლევანის ნაბიჯმა კიდევ უფრო გაგვიმარტივა, ოჯახში იოლად გადაგვეტანა ჩემი თმის გადაპარსვა.

– ლევანის ამ ჟესტით გამოჩნდა, რომ ყველაფერში გვერდით გიდგათ.

– კი, ლევანი ყოველთვის გვერდში მიდგას. მას მუდამ სჯერა ჩემი და მამხნევებს. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ღამით ვუთხარი, რომ დილით ალბათ თმას გადავიპარსავდი. ის ჩემ გვერდით დადგა ისევე, როგორც სხვა ბევრ გადაწყვეტილებაში.

– სიმსივნით დაავადებული ქალის ემოციების, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათავისებაზე როგორ იმუშავეთ, რა ან ვინ გეხმარებოდათ?

– სამედიცინო გადაცემა დამეხმარა, ამ პრობლემებს ჩავღრმავებოდი და გამეცნობიერებინა. სტუდიაში სტუმრად გვყავდნენ ძალიან ლამაზი ქალები, რომლებიც საუბრობდნენ, რომ მათ სიმსივნე დაამარცხეს, ეს დიდი ძალა იყო ჩემთვის. ამ ეპიზოდების თამაში ყველაზე ემოციური იყო მათ შორის, რაც აქამდე მითამაშია.

ძალიან ბევრს მწერდნენ ისინი, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდნენ. ერთი დამამახსოვრდა, ქალი მწერდა, რაც ნინას სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობის კურსს გადის, იგივე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც, დედას აღმოაჩნდა სიმსივნე და ამ სერიალმა უფრო მობილიზებული გამხადა, მომზადებული შევუდექით მკურნალობას, რომ არა სერიალი, ალბათ უფრო მძიმედ და უიმედოდ შევხვდებოდით ამ დაავადებასო.

– ახალ სეზონზე მუშაობა ცოტა ხნის წინ განაახლეთ. პაუზის პერიოდში მოახერხეთ დასვენება?

– სამი კვირა შევისვენეთ, მაგრამ პირადად მე გადაცემის გამო ეს პერიოდი სრულყოფილად ვერ გამოვიყენე. მე და ლევანმა მოვახერხეთ რამდენიმე დღით ბორჯომში დასვენება, რაც ძალიან კარგი იყო.

– “მთავარი ექიმი” ახალი გამოწვევა იყო თქვენთვის. როგორ გაუმკლავდით წამყვანის როლს?

– ძალიან მსურდა, საკუთარი თავი ახალ ამპლუაში მეხილა, მაგრამ წამყვანობის შიში ყოველთვის მქონდა. ბევრჯერ მითქვამს უარი, თუნდაც რომელიმე საღამოს წამყვანი ვყოფილიყავი. ამ გადაცემის წამყვანობა რომ შემომთავაზეს, იმდენი ვინერვიულე, დამამშვიდებლების დალევა მომიწია. შემოთავაზება ჯერ გამიხარდა და შემდეგ ძალიან შემეშინდა. ჩემდა გასაკვირად, საკუთარ თავში აღმოვაჩინე ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ამ საქმეში დამეხმარა. თანდათან უფრო გავაქტიურდები და გადაცემაში ბევრ სოციალურ პრობლემას წამოვწევ.

გიორგი ჩიჩუა (გადაცემის წამყვანი. ავტ.) ძალიან კარგი ადამიანი და დიდი პროფესიონალია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მთელი დღე ვწერთ გადაცემას, მის გვერდით მუშაობა მაინც ძალიან ადვილია და კარგად ვერთობით. ყველაფერთან ერთად კი ჩემი სამედიცინო განათლება უფრო იზრდება და იხვეწება. ადრე წამლის ანოტაციებს რომ ვკითხულობდი, ბევრი რამ ჩემთვის ბუნდოვანი იყო. ახლა უკვე კარგად ვერკვევი ყველაფერში. გიორგი მეუბნება, მალე ნემსის გაკეთებასაც გასწავლიო. ძალიან მეშინია ნემსის და მისი გაკეთებაც არ ვიცი.

– სერიალი, ტელევიზია… ალბათ ბავშვებს იმდენ დროს ვერ უთმობთ, რამდენიც მათ უნდათ.

– ჩემს შვილებს დედა სულ ენატრებათ. უფროსი 5 წლისაა, უმცროსი – წლინახევრის. მათი დიდი სურვილია, რომ დედა და მამა დიდხანს იყვნენ სახლში. მე კი ძირითადად ბავშვებთან კონტაქტს ძილის წინ ვახერხებ. იყო მშობელი, პირველ რიგში, ნიშნავს უდიდეს ნებისყოფას.

– გათხოვებიდან ძალიან მალე გახდით ორი შვილის დედა. თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში ახლა რა ეტაპი დგას?

– ჩვენი ცხოვრება ორი შვილის გარშემო ვითარდება და ბევრ რამეს ვსწავლობთ. ვცდილობთ, ხანდახან დანაშაულის შეგრძნების გარეშე მოვახერხოთ და მარტო ჩვენ ორნი წავიდეთ სადმე. რთულია ოჯახური ცხოვრება, მაგრამ ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე.

– “ჩემი ცოლის დაქალების” მთავარი ინტრიგა ამ სეზონზეც გაგრძელდება – ქეთის ღალატს ვგულისხმობ. თქვენ როგორ მიიღეთ ნინას დაქალის ასეთი საქციელი?

– ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციამ ძალიან გამაკვირვა. განსაკუთრებით, როცა ქალები გამოირჩევიან ინიციატივით, რომ აჩიკო ექიმს თავი გაუხეთქონ, ქეთის ღალატი არ აპატიონ და ასე შემდეგ. ჩვენ, ადამიანები, იმიტომ მოვედით ცხოვრებაში, რომ უკეთესები გავხდეთ ჩვენს შეცდომებზე სწავლით. ღალატის მომხრე ცალსახად არავინ არის, მაგრამ ადამიანის გამეტება არ შეიძლება. პირადად მე ყოველთვის შეცდომების მიტევების მომხრე ვარ.

სხვათა შორის, ქეთის მხრიდან ღალატს მოველოდი, რადგან ქალი, რომელიც ოჯახში დიდი შიშის ქვეშ ცხოვრობს, ხშირად ასეთ შედეგამდე მიდის. მე მინდა, რომ ზაზაში ბევრი რამ შეიცვალოს.

სცენარისტ ქეთი დევდარიანისგან კი ველი ბევრ საინტერესო გადაწყვეტილებას, რომელთა პროგნოზსაც წინასწარ ვერ გააკეთებ. სურვილი მაქვს, ქეთი და ზაზა შერიგდნენ, მაგრამ სულ სხვა ადამიანები გახდნენ. თუ შერიგდნენ და ისევ ძველებურად გააგრძელეს ცხოვრება, აზრი არ აქვს.

– თქვენ თვლით, რომ რეალურ ცხოვრებაში ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება?

– კი, ღალატის პატიება შეიძლება. მნიშვნელოვანია ის, რატომ მოხდა ეს ღალატი.

– ახალ სეზონზე ნინას რა ბედი ელის, ბევრს გვანერვიულებს?

– ძალიან საინტერესო სეზონია. ნინა მკურნალობას აგრძელებს და არავინ იცის, ამ პროცესს რა მოჰყვება. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. ქეთი დევდარიანთან როცა მქონდა საუბარი ახალი სეზონის შესახებ, მოკლედ მითხრა, ნინა ისევ მკურნალობს და ბევრი სანერვიულოც იქნებაო.

 ავთო ჩიტიძე, სარკე