ხატია ბრაჭული: “მეკითხებოდნენ, რამე დაავადება ხომ არ მჭირდა, ფეხმძიმედ ხომ არ ვიყავი და სხვა ათასგვარ სისულელეს”

ხატია ბრაჭული: "მეკითხებოდნენ, რამე დაავადება ხომ არ მჭირდა, ფეხმძიმედ ხომ არ ვიყავი და სხვა ათასგვარ სისულელეს"მსახიობ ხატია ბრაჭულის კინოგმირში, თამუნაში, სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” დიდი გარდასახვა მოხდა. თამამი, გამომწვევი გოგონა მორჩილ, მიამიტ ქალად იქცა, რომელიც ბიზნესმენი ქმრის უინიციატივო დანამატია. ეს როლი ხატიასთვის იმით არის საინტერესო, რომ თვითონ აბსოლუტურად სხვანაირია, სულ სიახლეების, ახალ-ახალი შთაბეჭდილებების ძიებაშია.

– კმაყოფილი ხართ ჩცდ-ში თქვენი ნამუშევრით?

– რომ ვაკვირდები, ცუდი არ გამოვიდა და ამის თქმის საშუალებას მაყურებლის მოწონება და დადებითი კომენტარებიც მაძლევს. ჩემს გმირს დიდი ბეგრაუნდი აქვს, რაც მას უფრო საინტერესოს ხდის. როგორც მსახიობმა, სერიალში ბევრი რამ ვისწავლე. არაჩვეულებრივ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა. ეს სერიალი ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილია.

– თამუნა მორჩილი ქალი, ცოლია. დინებას მიჰყვება, საკუთარი აზრის გამოთქმას ერიდება… თუ გგავთ რაიმეთი ეს პერსონაჟი?

– ჩვენ რადიკალურად განსხვავებულები ვართ, თუმცა ეს პერსონაჟი საკმაოდ კეთილი, მომღიმარი და თბილი ადამიანია, რასაც ჩემზეც ამბობენ ხოლმე. თამუნას არ აქვს ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – მიზანსწრაფვა. მისთვის უცხოა დამოუკიდებლობა, კარიერული წინსვლის სურვილი, განვითარება. ალბათ ამითიც არის ეს როლი ჩემთვის საინტერესო, გარდასახვაში მეხმარება.

– სანამ ბაქარის ცოლი გახდებოდა, მეძავი იყო. როგორ ფიქრობთ, სადაც სიყვარულია, ქალის წარსულს არ აქვს მნიშვნელობა?

– წარსულის კარს ბოლომდე ვერასოდეს გამოკეტავ. გინდა თუ არა, ის შენი ცხოვრების ნაწილია და ამ აზრს თუ შეეგუები, ბევრად მარტივი გახდება ყველაფერი. წარსულის შეცდომები არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია, ვინ ხარ და ვინ გინდა იყო. ნებისმიერი ადამიანის მოგონებებში არის რაღაც ისეთი, რასაც სასიამოვნოდ გაიხსენებს.

ხშირად მსმენია, ურთიერთობაში უამრავი პრობლემა სწორედ წარსულის გამო იქმნებაო, მაგრამ თუ ჯანმრთელი ფსიქიკის ხარ, ასე არ მოხდება. წარსულში ქექვა უფრო სუსტი ნებისყოფის, ჩამოუყალიბებელი ადამიანების პრობლემაა.

– თავად როგორი ცოლი იქნებით?

– გათხოვილი არ ვარ და ძნელია იმის თქმა, როგორი ცოლი ვიქნები, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ერთფეროვნება არ მიყვარს. მინდა, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდეს. ახლაც თვითონ ვქმნი სიტუაცებს იმისთვის, რომ არ მოვიწყინო.

გარდა ამისა, ქალი ცოტა იდუმალიც უნდა იყოს. რაღაც უნდა ჰქონდეს ისეთი, რაც მის მიმართ მუდმივ ინტერესს გამოიწვევს. ყოველდღიური რუტინა აფერმკრთალებს სიყვარულს და მოსაწყენია. მე მინდა, მუდმივად შეყვარებული მეუღლის როლში ვიყო.

– ადრე პირადზე თამამად საუბრობდით, ამბობდით, რომ შეყვარებული იყავით. ახლა თუ დგას თქვენ გვერდით საყვარელი მამაკაცი?

– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ. თუ რამე სიახლე იქნება, გეტყვით, სიყვარულს დამალვა არ უხდება. “სიყვარული” – ეს სიტყვაც კი ძალიან მიყვარს. ჩემთვის სიყვარული დიდ ემოციურ მდგომარეობასთან ასოცირდება და გამომხატველია ყოველგარი აღმატებულის, ნათელის, სიკეთის. არ შეიძლება შეყვარებული იყო და არ იყო ბედნიერი.

– ერთი პერიოდი საკმაოდ ლამაზად გამოგეკვეთათ სხეულის ფორმები. ეკრანზე ეს მსახიობებს ცოტა დისკომფორტს უქმნით ხოლმე. თქვენთვისაც ასე იყო?

– კი, ასე იყო, ძალიან მოვიმატე და გაჩნდა უამრავი კითხვა ამასთან დაკავშირებით. როცა ჩემს წონაზე საუბრობდნენ, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ მაინც ვერ ვარიდებდი თავს უხერხულ კითხვებს. გურმანი ვარ და ერთი პერიოდი მივუშვი თავი, ოღონდ, რასაკვირველია, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

– უხერხულ კითხვებში რას გულისხმობთ?

– მეკითხებოდნენ, რამე დაავადება ხომ არ მჭირდა, ფეხმძიმედ ხომ არ ვიყავი და სხვა ათასგვარ სისულელეს.

– როგორ დაუბრუნდით ძველ პარამეტრებს, დიეტით?

– გარკვეული საკვები ამოვიღე რაციონიდან, ვცილობ, ჯანსაღად ვიკვებო და ვივარჯიშო. ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხი გიცნობს და გიყურებს, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი მაინც განწყობაა. თუ შინაგანად თავს ჰარმონიულად გრძნობ, გარეგნულადაც შესაბამისად გამოიყურები. სხვა დანარჩენი მხოლოდ დამხმარე საშუალებებია, რომ შენი სილამაზე წარმოაჩინო, მათ შორის დიეტაც, მაკიაჟიც, სამოსიც, სამკაულებიცა და სხვა ატრიბუტებიც.

ხათუნა მაღრაძე, სარკე