გიორგი მახარაძე პირად ცხოვრებაში ცვლილებებს გეგმავს – “მე და მარიამმა გადავწყვიტეთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ”

გიორგი მახარაძე პირად ცხოვრებაში ცვლილებებს გეგმავს - "მე და მარიამმა გადავწყვიტეთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ"მსახიობი გიორგი მახარაძე 2018 წლის 30 სექტემბერს თურქეთში გამოკვლევაზე იყო წასული. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა 5 წელი ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.

2017 წლის ბოლოს ცხოვრებამ ის სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა. 28 წლის მსახიობს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ამან მისი მსოფლხედვა აბსოლუტურად შეცვალა, ყველაფერს სხვა თვალით შეხედა, ყველაფერზე სხვანაირად დაფიქრდა. ახლა შემართებით ელოდება ახალ როლებს, შეთავაზებებს და პირადშიც გეგმავს ცვლილებებს, თუ რას, ამაზე ქვემოთ.

– გიორგი, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ ხართ?

– კარგად ვარ. ბოლო გამოკვლევაზე სექტემბრის ბოლოს ვიყავი თურქეთში. იქ ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად არის.

– რატომ განერვიულეს?

– არაფერი ისეთი, ვერ მოგიყვებით. ყველაფერი კარგადაა.

– რას ამბობენ ექიმები?

– ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა, მეთვალყურეობის ქვეშ 5 წელი უნდა ვიყო, მაგრამ ახლა, მადლობა ღმერთს, პროცესი გაჩერებულია. ჯანმრთელობის მხრივ კარგად, “ხოდზე” ვარ.

– ამ გადასახედიდან როგორ უყურებთ განვლილ რთულ პერიოდს?

– ვცდილობ, ის ემოციები დავივიწყო. იმ ეტაპს ცხოვრებისეულ გამოცდად მივიჩნევ, ჩემთვის ეს ყველაფერი გაკვეთილი იყო. სანამ დავაზუსტებდით, მართლა ის მჭირდა, რასაც ვეჭვობდით თუ არა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ ყველაფერი რომ გაირკვა, თავისთვის ძალა აღარ დამიტანებია, ვიცოდი, რომ მოგვარდებოდა. დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ალბათ რაც მოხდა, საჭირო იყო.

– რაზე დაგაფიქრათ თქვენმა დიაგნოზმა?

– ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა. ამაზე დაწვრილებით ლაპარაკი რომ დავიწყო, მთელი კვირა არ გვეყოფა. უბრალოდ ერთს გეტყვით: სხვანაირად გადავაფასე ყველაფერი და სხვაგვარად შევხედე. ახლა თითქმის ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. თავს ძლიერად ვგრძნობ, ცხოვრებისგან ნაწყენი არ ვარ, რომ ასე მოხდა, პირიქით, ბევრი რაღაც უკეთესობისკენ შეცვალა, ბევრ რამეს სხვანაირად აღვიქვამ და ვაფასებ.

– საზოგადოება გვერდით ძალიან დაგიდგათ. ელოდით ასეთ მხარდაჭერას?

– როცა ადამიანს უჭირს, ქართველებს შეგვიძლია გვერდში დგომა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას მაინც არ ველოდი. არ ვიტყუები, ამხელა მასშტაბით გვერდში დგომას ნამდვილად არ ველოდი. ისე გამიხარდა და ამან ისე იმოქმედა ჩემზე, ბევრი რამ ამ ფაქტმაც შეცვალა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, არც კი ვიცი, როგორ გადავუხადო ხალხს მადლობა.

– ქიმიოთერაპიის შემდეგ ხუჭუჭა თმის დაკარგვას განიცდიდით?

– თავიდან ძალიან განვიცდიდი. მეუბნებოდნენ, არ იდარდო, უკეთესი ამოგივაო და არ ვუჯერებდი, მაგრამ მართლა უკეთესი თმა ამომივიდა. მიხარია ძალიან.

– დღეს ალბათ ოჯახის წევრები დაწყნარდნენ, შვებით ამოისუნთქეს.

– კი, ცოტა დაწყნარდნენ, მაგრამ ნერვიულობა ფონად მაინც გასდევთ. ვიცით, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა, ცუდი რაღაცები გამოვიარეთ და ცუდს აღარაფერს ველოდებით.

– თქვენი და მომღერალ მარიამ როინიშვილის ქალიშვილი, ელენე, უკვე დიდი გოგოა. როგორი მამაშვილობა გაქვთ?

– ელენე 8 წლისაა. რაც იზრდება, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესო ხდება, ბევრ საერთოს ვნახულობთ ერთმანეთთან. კასტინგზე გვყავდა და ერთ-ერთ როლზე დაამტკიცეს, მაგრამ ჯერ თქმა არ შემიძლია. მისი სამსახიობო კარიერა ამით დაიწყება, რაც მახარებს. თვითონაც გახარებულია.

– თქვენ ხედავთ ელენეში არტისტულ ნიჭს?

– კი, ძალიან ნიჭიერი გოგოა. ყოველთვის ვცდილობ, მისთვის დრო გამოვნახო, სულ ვლაპარაკობთ, ერთმანეთს ვუგებთ.

– გაიგო თქვენი დიაგნოზის შესახებ თუ დაუმალეთ?

– ელენემ არ იცის, არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გვეთქვა. რაც ბავშვისთვის იყო საჭირო, ის ვუთხარით.

– ძალიან პატარა იყავით, მამა რომ გახდით. წლებთან ერთად ალბათ მეტად გააცნობიერეთ ეს პასუხისმგებლობა და უფრო შეიცვალა თქვენი როლიც.

– მართლაც ძალიან პატარა ვიყავი, ელენე რომ შეგვეძინა. მამობას ნელ-ნელა აღვიქვამდი. ახლა სკოლაში რომ დადის, ეს ამბავი მაგიჟებს. ამას წინათ ჩემი 35 წლის მეგობარი მოვიდა, რომელსაც 15 წლის შვილი ჰყავს და ძალიან გამიკვირდა. ვუთხარი, რამხელა შვილი გყავს-მეთქი. მერე რომ დავფიქრდი, მე და ელენეც ზუსტად ასე ვიქნებით – ის რომ 15 წლის გახდება, მე 35 წლის ვიქნები.

– თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? ამბობენ, რომ თქვენ და მსახიობი მარიამ ნადირაძე ერთმანეთს დაშორდით. სიმართლეა?

– არა, ვერ მივართვით! ერთად ვართ და იმაზე კარგად ვართ, ვიდრე ვიყავით. რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ, თავს კარგად ვგრძნობთ, ახალი ეტაპი დგას ჩვენს ცხოვრებაში.

– მან როგორ მიიღო თქვენი დიაგნოზი, როგორ დაგიდგათ გვერდით?

– როგორ უნდა მიეღო? რაღაცებს ვუმალავდით, მაგრამ მაინც გაიგო. ვეცადე, იოლ ფორმებში მეთქვა, მაგრამ რაც უნდა იოლ ფორმაში მიმეწოდებინა მისთვის, ამ ამბის გადატანა მაინც რთული იყო. მარიამი ჩემ გვერდით იყო, როგორ ხასიათზეც მე ვიყავი, ისიც ისეთ ხასიათზე იყო. ყველანაირად ვუწყობდით ერთმანეთს ხელს.

– გადაწყვეტილების მიღებაში ურთიერთობის დაკანონებას გულისხმობთ? ისედაც ერთად ცხოვრობთ…

– ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რაღაცების გამო საჭიროა ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობთ ყველაფერზე.

– შვილს ხომ არ ელოდებით?

– ჯერჯერობით არ ველოდებით.

– როდის გეგმავთ ქორწილს?

– ქორწინება ჯერ არ დაგვიგეგმავს, მაგრამ გვინდა, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. ეს იქნება ჯვრისწერა თუ ხელის მოწერა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამაზე ვფიქრობთ.

– თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს რას დაარქმევდით?

– ახალ ცხოვრებას.

– ახალ ცხოვრებას ელენესთან და მარიამთან ერთად?

– არა, უბრალოდ ახალ ცხოვრებას დავარქმევდი. მათ გარდა ახალი ცხოვრება დავიწყე ჩემს მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან, მეგობრებთან ერთად.

– შემოქმედებაზეც ვისაუბროთ. რა ხდება მაქსიმეს ცხოვრებაში სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”?

– ჯერჯერობით ახალი არაფერი ხდება, მაგრამ, როგორც ვიცი, მაქსიმეს ისტორია გაგრძელდება და მეც ველოდები. გადაღებები მომენატრა. სამუშაო პროცესი ყველა მსახიობს ენატრება.

– სხვა რა შემოთავაზებები გაქვთ?

– ჩემი პროფილით – არაფერი. უბრალოდ მეგობრებთან ერთად პატარ-პატარა საქმეებს ვაკეთებ. გადაღებები ჯერჯერობით არ მაქვს. ცოტა წუწუნი გამომივიდა, მაგრამ ასეა.

სარკე