“ჩემი თვალით ვნახე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული” – 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა

"ჩემი თვალით ვნახე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული” - 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრანანა ბერიაშვილი 8 წლის სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო, გორის მე-5 საჯარო სკოლის საუკეთესო მოსწავლე. 2018 წლის 25 ოქტომბერს ოჯახმა ცეკვაზე გაუშვა, სამწუხაროდ, უკანასკნელად. ბავშვი უკან ვეღარ დაბრუნდა. მეორე დღეს მშობლებს მისი ცხედარი მიუსვენეს.

ბავშვის ნათესავები ყვებიან, რომ ნანა სახლიდან დღის 2 საათსა და 30 წუთზე გავიდა და 2 საათში შინ უნდა დაბრუნებულიყო. ბავშვი რომ აღარ გამოჩნდა, ოჯახმა ძებნა დაიწყო. მის კვალს მთელი დღის განმავლობაში ვერ მიაგნეს, ამიტომ სამართალდამცველებს შეატყობინეს.

გაუჩინარებული გოგონას ადგილსამყოფელს რამდენიმე საათის განმავლობაში ათეულობით სამართალდამცველი, ადგილობრივი მცხოვრებნი და კინოლოგები ეძებდნენ. სასტიკად ნაწამები მისი ცხედარი საღამოს მუნიციპალიტეტის სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფანი ჰქონდა ჩამოფარებული.

– ანგელოზივით ბავშვი, როგორც პირუტყვი, ისე ჰყავდა დაბმული ალუმინის მავთულით. ჩვენ, მეზობლებმა, მთელი დღის განმავლობაში იმ ადგილზე რამდენჯერმე გავიარეთ, მაგრამ არაფერი გვინახავს. ცხედარი იქ რამდენიმე წუთით ადრე მიიტანა, ვიდრე ვნახავდით, – ყვებოდა ბერიაშვილების მეზობელი.

– იცით, როგორი ბავშვი მოკლეს? ულამაზესი, უმშვენიერესი და უკეთილშობილესი. ბავშვი იყო სიკეთით სავსე და ძალიან პოზიტიური. სწავლობდა, ცეკვაზე დადიოდა, ბევრს ოცნებობდა და ოჯახს აბედნიერებდა. ეს არამხოლოდ გორის ტრაგედიაა, ეს ყველას ტრაგედიაა.

გარდა იმისა, რომ ბავშვი რკინის მავთულებით იყო დაბმული, თავში არმატურა ჰქონდა ჩარტყმული… – ამბობდა მეორე მეზობელი.

სამართალდამცველებმა ბავშვი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ერთი ღამის განმავლობაში უტარდებოდა იმის დასადგენად, როგორ გარემოებაში და რითია მოკლული.

ნანა ბერიაშვილის ახლობლების გადმოცემით, გოგონას ძალადობის კვალი და სილურჯეები განსაკუთრებით ეტყობოდა თავის, ყელისა და ხელის მტევნების მიდამოებში. მათი ვარაუდით, მცირეწლოვანი ზრდასრულმა თავდამსხმელმა ჯერ სცემა, შემდეგ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ბოლოს კი თოკით გაგუდა.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებმა მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევი 34 წლის იაგო ნებიერიძეა, რომელიც პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა.

შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძის თქმით, სახლში, სადაც მკვლელობაში ბრალდებული ხელოსნად მუშაობდა, კრიმინალისტებმა სისხლის კვალი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მოკლული ბავშვისაა. როგორ მოხვდა ცეკვაზე მიმავალი 8 წლის გოგონა იმ სახლში, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელმა მცირეწლოვანი შეიტყუა, სარდაფში ჩაიყვანა და მოკლა.

– შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფისა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა დანაშაულის ჩამდენი პირი – ინიციალებით ი.ნ.

ოპერატიულ-სამძებრო და კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, საიდანაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, ჩვენ მიერ დეტალურად შესწავლილ იქნა ბინა, სადაც აღმოჩნდა სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

ზემოთ ხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე ასევე, სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც არის საქმეში, ი.ნ. დაკავებულ იქნა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაველოდოთ შედეგებს. აქვე მინდა, პირად შემადგენლობას გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ეფექტიანი მუშაობის შედეგად კონკრეტული შედეგი დაიდო, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

ნანას სკოლაში იხსენებენ, რომ ტრაგედიის დღეს ბავშვი ჯერ გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდეგ სახლში წავიდა და შუადღისას ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ იქ აღარ მისულა. მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს. გორის მეხუთე სკოლიდან სასამართლოს ტერიტორიამდე, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, მანძილი დაახლოებით 2 კილომეტრია.

– მე ნანას პედაგოგი ვიყავი. არაჩვეულებრივი და ძალიან კარგი გოგო იყო. მთელი გორი შოკშია იმ ტრაგედიით, რომელიც ჩვენს თავს მოხდა. სურათები გადაუღია, მშობელი და ბავშვის ბებია ამბობდნენ. რაში სჭირდებოდა იმ 34 წლის კაცს ეს სურათი, რისთვის?! ამაზე პასუხი არავის აქვს. ტელეფონში, რომელიც ამ კაცს უპოვეს, თურმე შორიდან გადაღებული სურათებია ბავშვის წასვლა-წამოსვლის. ალბათ უთვალთვალებდა, – გამოთქვა ვარაუდი მასწავლებელმა მერი მამისცვალოვმა.

– ბრძენს ვეძახდი, ისეთი აზრები მოსდიოდა ლამაზ თავში. კლასში ლიდერი იყო. ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, “ტვინების ბრძოლა” და ნანიკო გუნდის კაპიტანი იყო, – ამბობს პედაგოგი ცირა ხუბულური.

მკვლელობაში ბრალდებული მუშის, იაგო ნებიერიძის, დაკავების შემდეგ მეზობლები მისი გადაადგილების მარშრუტს იხსენებენ. წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრებლების თქმით, ხელოსნები, რომლებიც იმ სახლში მუშაობდნენ, სადაც მკვლელობა მოხდა, დილით მიდიოდნენ და საღამოს უკან ბრუნდებოდნენ.

– დილით მოდიოდნენ მუშები და საღამოს მიდიოდნენ. ამბობენ, რომ სისხლი აღმოჩენილა სარდაფში – კედელზეც და ძირსაც. ეს ბინები სულ გაჩხრიკეს. პოლიცია ამ დასახლებაში ყველა ოჯახში, სახლში იყო შესული, ეძებდნენ რაღაც ხელჩასაჭიდს, რომლითაც საქმეს გახსნიდნენ, – ყვება ბერიაშვილების მეზობელი ბესიკ მანაგაძე.

– სავარაუდოდ, ფსიქიკურად გაწონასწორებული არ უნდა იყოს. როგორ შეიძლება 34 წლის კაცს სურვილი გაუჩნდეს, 8 წლის ბავშვს უთვალთვალოს და შემდეგ ის სახლში შეტყუებით ან თუნდაც იძულებით შეიყვანოს?! თვალწინ მიდგას, რა ტანჯვას და წამებას გაივლიდა პატარა ნანა, ვიდრე მას მოკლავდა და რა შიშს გამოსცდიდა ამ სასტიკი და ჯალათი კაცის მეთვალყურეობის ქვეშ.

ცხედარს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ წარბთან აქვს ჩარტყმული, ცხვირთანაც. ასევე თოკით მონახრჩობი ეტყობა ყელზე. მწვანე ცელოფნით იყო დახრჩობილი, – ამბობს ადგილობრივი თეონა ნამიჭეიშვილი.

8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა ის მუშები დაკითხეს, რომლებიც ბრალდებულთან ერთად იყვნენ დასაქმებული.

ისინი იხსენებენ, რომ 25 ოქტომბერს სამუშაოზე არც ერთი იმყოფებოდა, რადგან დასვენების დღე ჰქონდათ. მათთვის უცნობია, რატომ მივიდა იმ დღეს მშენებლობაზე იაგო ნებიერიძე.

– ყველამ კარგად ვიცოდით, რომ უნდა დაგვესვენა ორი-სამი დღე. არ ვიცი, რატომ მივიდა. ალბათ გულში რამე ჰქონდა, იქ არ უნდა მისულიყო. ჩვენ მაგის ტელეფონს ვერ შევამოწმებდით იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, მაგას ვერ ვიკადრებდით და მეორეც, სულ ჯიბეში ჰქონდა, არც ისეთი არაფერი შეგვინიშნავს. ამბობენ, რომ სურათები ჰქონდა გადაღებული, – განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა მუშამ.

სახლის პატრონი, სადაც დაკავებული იაგო ნებიერიძე მუშაობდა, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ის ხელოსნად ისე დაიქირავეს, კარგად არ იცნობდნენ.

– ბირჟიდან მოყვანილი მუშაა. ჩვენ რომ გვცოდნოდა ეგ, მაგას გავიკარებდით საერთოდ?! აღარ ვვარგივართ! რა ვიცოდი, რომ მანიაკი მეჯდა სახლში! შოკში ვართ! წვრილშვილის პატრონები ვართ, პატარა ბავშვები, ბიჭები, შვილები, შვილიშვილები… არაფერი ვიცოდით, – ამბობს სახლის მეპატრონე.

– ჩემი თვალით ვნახე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. პოლიციამ ახლოს აღარ მიმიშვა. მაშინვე მთელი პერიმეტრი დაკეტეს. ვინც ბავშვი იპოვა, მან მითხრა, რომ ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული. ბავშვი, როგორც ძაღლი, ისე მოგვიგდეს. დაღამებას ელოდებოდა და მკვდარი მერე მოიტანა. ჩვენ აქ შუადღის 4 საათზე მოვედით, მაგრამ ბავშვის გვამი არ გვინახავს. მკვლელმა რომ გაიგო, ძაღლი უნდა მოეყვანათ, ის ყველაზე მეტად აქტიურობდა, – ყვება მოკლული ბავშვის პაპა, ხვიჩა ბერიაშვილი.

იაგო ნებიერიძის დედას, ნუნუ ნებიერიძეს, არ სჯერა, რომ ამ სასტიკ დანაშაულს მისი შვილი ჩაიდენდა. იქვე ადასტურებს, რომ იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევი იყო ქალზე ძალადობის ბრალდებით.

– 9 თვეა, რაც გამოვიდა. იჯდა ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობა გამოუვიდა მერე, ქალბატონი იყო ვიღაცა. ღამის 12:00 საათზე დამადგნენ თავზე და წაიყვანეს. სახლში რომ მოვიდა, რა უნდა ეთქვა, სამუშაოზე იყო. ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო და მეც ეგრე ვიცი, რომ არაფერი დაუშავებია, – ამბობს დაკავებულის დედა.

რაც შეეხება იმას, რომ ნებიერიძის ტელეფონის მეხსიერების ბარათზე მოკლული გოგონას ფოტოები იყო, ამის შესახებ ნუნუ ნებიერიძე ამბობს:

“ეგ “ჩიპი” იქიდან ჰქონდა წამოღებული, ციხიდან. ვიღაცა ბავშვების სურათები იყო ამ “ჩიპზე”, მაგრამ ეს ბავშვი და მოკლული ერთი და იგივეა? იმდენი ტყუილები გაშუქდა, რომ პასუხს გაგებინებთ სულ ყველას!”.

ყვებიან კიდევ ერთ ისტორიას, რომელიც დაკავებულს უკავშირდება და 14 წლის წინ ასევე გორში მოხდა.

2004 წელს ბერძნიშვილების ოჯახიდან გამოსასყიდის მიღების მიზნით 11 წლის ბიჭი გაიტაცეს. ოჯახის წევრები გამტაცებლის მოთხოვნებს დათანხმდნენ და მზად იყვნენ, 20 ათასი დოლარი გადაეხადათ, თუმცა შემდეგ ისინი აღარ დაკავშირებიან.

გატაცებული ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები ჟურნალისტებს თავად დაუკავშირდნენ. მათი თქმით, იაგო ნებიერიძე ბავშვის გატაცებაზე დაკავებულიც კი იყო.

11 წლის გაუჩინარებული მოზარდის მშობლები იმედოვნებენ, რომ ხელახალი გამოძიებით მაინც იქნება შესაძლებელი, გამოიკვეთოს იაგო ნებიერიძის კავშირი 2004 წლის ჩადენილ დანაშაულთან.

– ავტოფარეხს გვიშენებდა ეგ იაგო ნებიერიძე თავის მამასთან ერთად. ბავშვი იყო ძალიან ახლოს, მასთან ერთად ამოდიოდნენ სახლში, სადილობდნენ, საუბრობდნენ და ცოტა ხანში ვიგებთ, რომ შვილი დაგვეკარგა. გადის რამდენიმე დღე. მოდის წერილი, სადაც წერია ის, რაც ჩემს შვილს შეეხებოდა – თავი სტკივა ბავშვს… სიცხე აქვს, დედას კითხულობს და ტირის ბავშვი. თან წერია, 20 ათასი დოლარი უნდა ჩადოთ სიგარეტის კოლოფში და გადმოაგდოთ აივნიდან, – იხსენებს გაუჩინარებული მოზარდის დედა, ხათუნა რაზმაძე.

იაგო ნებიერიძეს 10 წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ მან საპატიმრო დროზე ადრე, რამდენიმე თვის წინ დატოვა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

ქორიძის თქმით, კომისიამ მასზე დადებითი რეკომენდაცია მართლაც გასცა, მაგრამ პრეზიდენტმა მას მხოლოდ სასჯელის ვადა შეუმცირა და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე არ გათავისუფლებულა. მანამდე კი პატიმრობის ხანგრძლივობა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ამნისტიის კანონის ძალითაც შეუმცირდა.

– გორში 25 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის საქმე შეწყალების კომისიამ განიხილა 2016 წლის დეკემბერში. ის სასჯელს იხდიდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით: მას მსჯავრი დაედო ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზოდზე, მიესაჯა 18 წელი და 4 თვე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი შეუმცირა 17 წლამდე და 4 თვემდე. 2012 წლის ამნისტიის კანონით ბრალდებულს მსჯავრი შეუმცირდა 10 წლამდე, ანუ სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით.

მისი საქმის განხილვის დროს მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და 3 თვე. მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე. ი.ნ.-ს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო, საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ამ მასალების განხილვისას კომისიის წევრთათვის დამატებით ისიც გახდა ცნობილი, რომ მანამდეც (2004-2007 წლებში) გამოძიების ეტაპზე ი.ნ. ასევე იყო წამების მსხვერპლი, რასაც თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოიხსენიებდა სახალხო დამცველი.

პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო, – განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი