ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ლია გულუა ქალიშვილმა სააბაზანოში თოკზე ჩამოკიდებული იპოვა – ”შავკანიანი, ნიგერიელი მეგობარი მამაკაცი ჰყავდა”

ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ლია გულუა ქალიშვილმა სააბაზანოში თოკზე ჩამოკიდებული იპოვა - ”შავკანიანი, ნიგერიელი მეგობარი მამაკაცი ჰყავდა”ავსტრიაში, ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვარი, ლია გულუა, საკუთარმა შვილმა, 14 წლის გოგონამ იპოვა გარდაცვლილი – სააბაზანოში თოკზე ჩამოკიდებული. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და დადგენილი არ არის, ეს თვითმკვლელობა იყო თუ არა.

ლია გულუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ცნობილმა ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა გაავრცელა. “ლია… შოკში ვარ, არ მჯერა! რატომ, ღმერთო”, – დაწერა თამარმა “ფეისბუქში”. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ ლია გულუა სწავლობდა ლონდონის უიმბლდონის ხელოვნების სასწავლებელში, მოგვიანებით იქვე, კემბერუელის კოლეჯში, შემდეგ – ავსტრიაში, ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში.

თამარ ივერი “სარკეს” ნიჭიერი ქართველი მხატვრის ცხოვრებასა და ტრაგედიის სავარაუდო მიზეზებზე ესაუბრა:

– 1999 წელს მოცარტის კონკურსში გავიმარჯვე ზალცბურგში და რამდენიმე კვირა ვენაში ყოფნა მომიწია – იქ მიმიწვიეს კონცერტებზე, ინტერვიუებს იწერდნენ…

დამწყები მომღერალი ვიყავი და იმდენი ფული არ მქონდა, ვენის სასტუმროში გავჩერებულიყავი. პაატა ბურჭულაძის დედამ მითხრა, ვენაში გულუებს ვიცნობთ, ცნობილი და კარგი ოჯახია, მათ ველაპარაკეთ და ერთი კვირით დაგიტოვებენ თავიანთ ბინაშიო.

მართლაც, კონცერტმაისტერთან ერთად ერთი კვირა მათთან ვიცხოვრე. დიდი პატივი მცეს და ძალიან დავმეგობრდით. რამდენიმე წელიწადში კი ვენაში გადავედი საცხოვრებლად და ჩვენი მეგობრობა უფრო განმტკიცდა.

– როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ წავიდა მისი ოჯახი საქართველოდან.

– დიახ, ალბათ გასული საუკუნის  90-იანი წლების დასაწყისში. ოთხი და-ძმანი იყვნენ. ლიას ერთი ძმა ვენაშია, ერთი და ლუქსემბურგში ცხოვრობს, ლიას ტყუპისცალიც ვენაშია. მათი სახლის კარი მუდამ ღია იყო ძალიან ბევრი ქართველისთვის. მათ ოჯახს სტუმრობდნენ ხოლმე ნიკოლოზ რაჭველი, დავით საყვარელიძე, მერაბ ნინიძე…

ლია საოცრად ნიჭიერი მხატვარი გახლდათ. საოცრად განათლებული გოგო იყო – 3-4 ენა იცოდა და ხელოვნების სფეროში ბევრი იცნობდა. მეც მაჩუქა თავისი ნახატები.

მეამბოხე იყო, ვერ ეგუებოდა უსამართლობას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და ა.შ. ვენაში მანიფესტაციებში მონაწილეობდა. ნამდვილი რევოლუციონერი იყო. შავკანიანებს და სხვა უმცირესობების წარმომადგენლებს ეხმარებოდა. საოცრად ლიბერალი იყო. მეც მითხოვია ვიღაცაზე, იქნებ ამას დაეხმარო-მეთქი.

თავისუფალი ადამიანი იყო, ჩარჩოებში ვერ ჯდებოდა. ვენაში დააარსა “თავისუფლების აკადემია”, რომელიც ხალხის საქველმოქმედო ჩართულობას ითვალისწინებდა, რომ დევნილებისთვის უფასოდ ესწავლებინა. მეუბნებოდა, სირიელებს ჩამოჰყავთ 10-15 წლის ბავშვები, რომლებიც განწირულები არიან იმისთვის, რომ ვერანაირი განათლება მიიღონ, დევნილთა ბანაკებში ცხოვრობენ და სწორედ მათთვის მინდა, გავაკეთო აკადემია, რომ რაღაც შევასწავლო, მაგალითად, ფერწერაო. ერთ სირიელ 13-14 წლის ბიჭზე მეურვეობაც მოიპოვა. ამბობდა, არ იცით, რა მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილიო.

– მის გარდაცვალებაზე რა იცით?

– ვერ გეტყვით, თავი ნამდვილად მოიკლა თუ არა, თუმცა სააბაზანოში ასეთ მდგომარეობაში ნახეს. ლია დეპრესიული და უცნაურობებით სავსე გოგო იყო. შეეძლო, თუნდაც იქაური დევნილებისთვის ვალები აეღო და რაღაც საქმე წამოეწყო. ადამიანების უზომოდ შეყვარება იცოდა და მათ შორის – მამაკაცებისაც.

ვგრძნობდით, რომ ზოგი იყენებდა, რადგან ლია შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ თუნდაც წუთიერად ყოფილიყო ბედნიერი, ყველაფერს ივიწყებდა. შესაბამისად, რამდენიმე ადამიანთან ფიასკო და იმედგაცრუება განიცადა.

ვფიქრობ, ბოლო დროს ძალიან უჭირდა ფსიქოლოგიურად. მითხრა, ყველას ვეხმარები და მე რომ რამე მჭირდება, ყველა ზურგს მაქცევსო. ვიღაცას თან გადავყევი, სამსახური დავაწყებინე, ჩემთან ვაცხოვრე და მე რომ მივაკითხე რაღაცის გამო, ზურგი შემაქციაო. ბევრი გაურბოდა ეპატაჟური ჩაცმულობისა თუ საქციელის გამო.

ბოლოს რომ ვნახე, მითხრა, ვენამ თავი მომაბეზრა, რაღაცნაირად დეპრესიულ ქალაქად გადაიქცა, კარგთან ერთად ბევრი ცუდიც მახსენდება ამ ქალაქში და საქართველოში გადმოსვლაზე ვფიქრობო. უნდოდა, სიღნაღში სასტუმრო გაეკეთებინა.

ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ თუ ეს თვითმკვლელობაა, ეს ადამიანი ამ დონემდე ალბათ იმან მიიყვანა, რომ ვერავინ უგებდა. სოციალურ ქსელში წერდა ხოლმე, სანამ სხვის კრიტიკას დაიწყებთ, თქვენი ცოდვები გაიხსენეთ და ჩემამდე ვეღარ მოხვალთო.

ყველას პირში ახლიდა, რასაც ფიქრობდა, დიპლომატია არ გააჩნდა. რაღაც ივენთზე ნიღბითა და ტრანსპარანტებით მისულა – ავსტრიელები ფაშისტები ხართო. ამის გამო ქართველებთან მოსვლია დაპირისპირება.

ავსტრიაში ძალიან კონსერვატული საზოგადოებაა. ქართველი ემიგრანტების წრეც ისეთია იქ, რომ თუ ცოტა მყვირალა ფერებში ჩაიცვი ან სხვაგვარად მოიქეცი, ალმაცერად გიყურებენ.

– შვილები დარჩა?

– დიახ, ორი გოგონა – 14 თუ 15 წლის და 7 თუ 8 წლის. მათ მამას ადრე გაშორდა და ახლა ის კაცი ამერიკაში ცხოვრობს.

– პირველად ვინ ნახა გარდაცვლილი?

– თავის ქალიშვილს უპოვია. ბოლოს შავკანიანი, ნიგერიელი მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. ნიგერიელი პრინცია წარმოშობითო, მეუბნებოდა. ეს ადამიანი ლიას ცხოვრების ბოლომდე ედგა გვერდით.

მამა 2-3 წლის წინ გარდაეცვალა. 10 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული… ბოლო კვირას ერთი მეგობარი გოგო ცხოვრობდა მათთან და ლიას მისთვის უთქვამს, საყვარელ ადამიანებს ვაწყენინე, ვალებს ვიღებდი, ვფლანგავდი და აზრი თუ აქვს ჩემს სიცოცხლეს საერთოდო. საქართველოში ჩამოსვლა რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, სოციალურ ქსელშიც წერდა – ვენა ყელში ამომივიდა და თქვენთვის დამილოცნიაო.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ლია გულუას ნახატები, სადაც თოკზე ჩამოკიდებული ადამიანია გამოსახული. მეგობრები წერენ, რომ ეს თითქოს წინასწარმეტყველება იყო, რომელიც, სამწუხაროდ, აცხადდა.

 რუსუდან ადვაძე, სარკე

ვენაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა, ლია გულუამ თავი მოიკლა

დატოვეთ თქვენი კომენტარი