ქალური ჰორმონები და გუნება-განწყობა – ,,კონფლიქტები, არაგონივრული გადაწყვეტილებები და ავტოსაგზაო შემთხვევებიც კი ამ პერიოდებს უკავშირდება”

ქალური ჰორმონები და გუნება-განწყობა - ,,კონფლიქტები, არაგონივრული გადაწყვეტილებები და ავტოსაგზაო შემთხვევებიც კი ამ პერიოდებს უკავშირდება"თუ გრძნობთ, რომ ხასიათი მნიშვნელოვნად შეგეცვალათ, ადვილად ღიზიანდებით, იღლებით, დეპრესიული, ზედმეტად ემოციური, გულჩვილი გახდით, ეს მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმში ჰორმონების ,,ომია”. პრობლემა, რომელიც ქალებს ცხოვრების ხალისს უკარგავთ, შეიძლება ძალიან მარტივად მოგვარდეს.

რა ფუნქცია აკისრიათ ჰორმონებს, რას იწვევს ჰორმონული დარღვევები და ა.შ., გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი ლალი ფხალაძე:

-ჰორმონებს ადამიანის ორგანიზმში ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებს. ისინი მონაწილეობენ მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებაში. ზოგიერთი ჰორმონი გარკვეულწილად მოქმედებს გუნება-განწყობაზე და განსაზღვრავს ხასიათსაც. ამ მხრივ აღსანიშნავია სასქესო ჰორმონები: ესტროგენები,  პროგესტერონი და ტესტოსტერონი. ესტროგენების გამოყოფა იწყება საკვერცხეში სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან, ისინი ხელს უწყობენ კვერცხუჯრედების მომწიფებას მენსტრუაციული ციკლის პირველ ნახევარში და ზოგადად, მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ქალურობას.

პროგესტერონს საკვერცხე უპირატესად მენსტრუაციული ციკლის მეორე ნახევარში გამოიმუშავებს და ორსულობის შემთხვევაში ხელს უწყობს მის შენარჩუნებას. ტესტოსტერონი კი მამაკაცის სასქესო ჰორმონია, თუმცა მცირე რაოდენობით საკვერცხეშიც გამოიყოფა. მისი სიჭარბე იწვევს თმიანობის მატებას, აკნეს ტიპის გამონაყარს, მენსტრუაციული ციკლის დარღვევას და სხვა.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთ ქალს მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხასიათი ეცვლება, ამ პერიოდში ის გაღიზიანებული, აფორიაქებული, ზოგჯერ დეპრესიული ხდება. ხასიათის ცვლილების გარდა, არც თუ იშვიათია მადის მომატება, შეშუპება, თავის ტკივილი, არტერიული წნევის ციფრების მატება, ზოგადი დისკომფორტი. ეს სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან მთელი ორი კვირა.

ხშირად ამ მდგომარეობას ქალები და გოგონები ნორმალურ მოვლენად მიიჩნევენ, რაც არასწორია. მედიცინაში ამ  გამოვლინებებს მენსტრუაციისწინა სინდრომი ჰქვია და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ჰორმონული ცვლილებებია.

ცნობილია, რომ 33 წლის შემდეგ საკვერცხის ფუნქცია იწყებს დაქვეითებას. თავდაპირველად, პროგესტერონის გამომუშავება მცირდება და ეს შეიძლება გამოვლინდეს სწორედ მენსტრუაციისწინა სინდრომით. ამიტომაც არის, რომ ასაკის მატებასთან ერთად მისი სიმპტომები უფრო მძაფრი ხდება. მოგვიანებით, პროგესტერონის შემცირებას მოსდევს ესტროგენების შემცირება, რაც კლიმაქსური პერიოდის დაწყებაზე მიუთითებს. ამიტომაც არის, რომ ქალს ამ პერიოდში ხასიათი კიდევ უფრო მეტად ეცვლება. ზოგად გაღიზიანებას, ემოციურ ლაბილობას, დეპრესიულობას თან ერთვის ალები, ოფლიანობა, გულის ფრიალი, არტერიული წნევის ციფრების მატება, უძილობა, შფოთი. ეს სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს მენსტრუაციის შეწყვეტამდე, მაგრამ ყოველთვის უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებს.

ჰორმონულ დარღვევებთან დაკავშირებული სიმპტომები ნებისმიერ ასაკში  მნიშვნელოვნად მოქმედებს ქალის ცხოვრების ხარისხზე, უარყოფითად აისახება პირად ურთიერთობებზე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან. დაუფიქრებელი, არაგონივრული გადაწყვეტილებების მიღება, კონფლიქტური სიტუაციები, ავტოსაგზაო შემთხვევებიც კი, სტატისტიკურად, სწორედ ამ პერიოდებს უკავშირდება.

ერთი შეხედვით ასეთი რთული მდგომარეობა შეიძლება ძალიან მარტივად მოგვარდეს სწორი სამედიცინო ჩარევით. დღეს თანამედროვე მედიცინას მოეპოვება ყველა საშუალება, დაეხმაროს გოგონებსა და ქალებს აღნიშნული პრობლემის დაძლევაში.

ძვირფასო ქალბატონებო, უსაფრთხო მკურნალობა დაგიბრუნებთ სიცოცხლის ხალისს და თქვენი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

,,იოსებ ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის  ინსტიტუტი – ხელმძღვანელი პროფესორი  არჩილ ხომასურიძე ”, მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.13  ტელ: (+995 32) 224 00 99; (+995 32) 224 00 98;

599 58 41 09