გაზით გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს

,,თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს”, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის სათემო რადიო “მოზაიკას” მიაწოდეს.
წყაროს თქმით, სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
-სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს, – განუცხადეს რადიო ,,მოზაიკას”.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მათ რამდენიმე მეზობელი გამოკითხეს.

გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს.

რადიო ,,მოზაიკა”