ანი კეკუა: “ჩემს ქმარში ბევრი აღმოჩენა გავაკეთე” – მომღერალმა 22 კილო დაიკლო

ანი კეკუა: "ჩემს ქმარში ბევრი აღმოჩენა გავაკეთე" - მომღერალმა 22 კილო დაიკლომომღერალი ანი კეკუა ქმრის, გიორგი გოგბაიძის, ხელშეწყობით აქტიურ შემოქმედებით პროცესს უბრუნდება, ბენდი უკვე შეკრა, ახალი სიმღერებიც აქვს და ახლა მსმენელამდე მიტანაა საჭირო. შემოქმედებითი პაუზა მის ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო ცვლილებით იყო გამოწვეული – ოჯახი შექმნა და 1 წლის წინ ვაჟის, ლუკას, დედა გახდა.

ანიმ წონაში საგრძნობლად დაიკლო. საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.

– ლამაზფორმებიანი გოგონა დამახიათებელი ღიმილითა და თვალებით – ანი, ასეთი გაგიცნოთ საზოგადოებამ პროექტებიდან “ნუცას სკოლა” და “ჯეოსტარი”. ახლა 25 კილოთი ნაკლები ხართ. რისი დამსახურებაა ასეთი შედეგი?

– 25-ით არა, 22 კილოთი ნაკლები. დიეტაზე არ ვყოფილვარ. უბრალოდ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და, როგორც ვიცი, ასეთ დროს წონაში კლება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამას ემატება ღამეების თენება, უძილობა, სამსახური და… ძალიან გადატვირთული ვარ და ამ ყველაფერს ვაბრალებ წონაში კლებას.

– როგორც ჩანს, აქტიური დედა ხართ.

– მაქსიმალურად ვარ ჩართული ბავშვის გაზრდაში. ყველა მეუბნება, გიჟი დედა ხარო. ხომ არიან “წიკიანი”, გიჟი დედები? აი, ზუსტად ასეთი ვარ. ჩემს თავთან მიმართებაშიც ძალიან “წიკიანი” ვიყავი. გადავწყვიტე, ბავშვთან დაკავშირებით ეს აღარ მქონოდა, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან დავიტანჯებოდი. სულ იატაკზე ხოხავს და ძირს თუ რაიმე ნივთი დაუვარდა, ვცდილობ, არ გამოვხარშო, პირიქით, უნდა შეეჩვიოს გარკვეულ ბაქტერიებს და აქედან გამომდინარე მინდა, ასეთ რამეებზე გართულება აღარ მქონდეს.

– თქვენი მეუღლეც ასეთივე მზრუნველი მშობელია?

– შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მზრუნველი მამაა, ყველაფერს იდეალურად აკეთებს, ეს იქნება გამოცვლა, დაბანა, ჭამა თუ სხვა რამ. ბევრისგან გამიგია, რომ მამები ასეთ საქმეებში არ ერევიან, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით არის. ძალიან გამიმართლა.

– გათხოვების მერე ნაკლებად ჩანხართ. მეუღლის სურვილი ხომ არ იყო, მეტი დრო ოჯახისთვის დაგეთმოთ?

– არა! ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ავტომატურად ხდება და არც ჩემი სურვილი ყოფილა და არც მისი, პირიქით! ჩემი მეუღლე სულ იმას მეუბნება, რომ უკვე დროა, ისევ გამოვჩნდე და რაღაცნაირად სცენას დავუბრუნდე.

– ბევრი მომღერალი ტელეპროექტებით ცდილობს, მაყურებელს თავი შეახსენოს. თქვენც ხომ არ აპირებთ, რომელიმე კონკურსში სცადოთ ბედი? თავის დროზეც ხომ პროექტებიდან გაგიცნოთ ხალხმა.

– კონკურსები ძალიან კარგი საშუალებაა ამისთვის, უბრალოდ, მე პატარა აღარ ვარ და თან ცოტა არ იყოს, კონკურსებმა ძალიან დამღალა. რამდენჯერ უნდა მიიღო მონაწილეობა? მე არ მომწონს, როცა ხშირ-ხშირად მონაწილეობენ. ვფიქრობ, რომ ის პერიოდი, როცა გამოცდილება უნდა დააგროვო, უკვე გამოვიარე, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს, რადგან ყოველთვის შეიძლება გაიზარდო ვოკალურად და საკუთარ თავზე ბევრი იმუშაო.

ვფიქრობ, რომ აღარ მივიღებ მონაწილეობას. ამასაც ვერ ვიტყვი დაჟინებით, რადგან არასოდეს უნდა თქვა: “არასოდეს”. ვნახოთ, რა იქნება.

ჯერჯერობით ვამჯობინებ, ცოტა სხვა მიმართულებით წავიდე. მინდა, ჩემი სიმღერები მქონდეს. რეალურად მაქვს კიდეც, უბრალოდ ცოტა ვიზარმაცე და გადავდე, ვამბობდი, დავაგროვებ და ერთიან პრეზენტაციას მერე გავაკეთებ-მეთქი. ახლა ვფიქრობ, როცა რაიმე სიახლე გაქვს, არ უნდა დააგროვო და მსმენელს აქტიურად უნდა მიაწოდო შენი შემოქმედება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი სიმღერა იქნება თუ ორი, რადგან ქავერებს დღეს უკვე ყველა მღერის და აღარ არის საინტერესო.

– როგორც ვიცი, სიმღერის გარდა, სხვა პროფესიას ეუფლებოდით. ახლა რა საქმით ხართ დაკავებული?

– მე ვმუშაობ ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიულ განყოფილებაში. უკვე დიდი ხანია ამ კომპანიასთან მაქვს საერთო და ამ მიმართულებით ვთანამშრომლობ. სრულიად სხვა პროფილია, მაგრამ ეს ნამდვილად არ მიშლის ხელს სასიმღერო კარიერაში, პირიქით, ჩემი მუსიკალური კარიერა უშლის ხელს ამ საქმიანობას. ბავშვთან ერთად ამ ყველაფრის შეთავსება ძალიან რთულია.

– მერე როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას, ამ რეჟიმში ცხოვრება რთული არ არის?

– ყოველთვის ასეთი ბუნება მქონდა, ყველაფერს ერთად ვარ შეჭიდებული და ერთად ვაკეთებ ბევრ საქმეს, სხვანაირად არ შემიძლია და ვერ ვჩერდები. რაღაც ყოველთვის მაკლია, თუ ბევრი საქმით არ ვარ დაკავებული. ხანდახან ვწუწუნებ, ძალიან გადატვირთული ვარ-მეთქი, მერე ვხვდები, რომ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.

ახლა მაქვს ზუსტად ასეთი პერიოდი, მინდა, უფრო დიდი დოზით იყოს ჩემს ცხოვრებაში ტელევიზია, მუსიკა, სიმღერა, ღონისძიებები და გარკვეული პროექტები. ამ ყველაფრის დანაკლისი ნამდვილად მაქვს და ვეცდები, გამოვასწორო.

– თქვენი და თქვენი მეუღლის თანაცხოვრებაზე მოგვიყევით, რა ეტაპია ახლა თქვენს ურთიერთობაში.

– ხომ ამბობენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კრიზისებია გადასალახიო, ასეთი განსაკუთრებული მომენტები ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა. ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან კარგად ვიცოდით ერთიმეორის ხასიათი, როცა ქორწინების გადაწყვეტილებას ვიღებდით. აქედან გამომდინარე, რაიმე ისეთ სიახლეს არ შევჩეხებივარ, რაც არ მომწონებია, პირიქით, ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რაც ნამდვილად არ მეგონა, რომ შეეძლო.

ბევრი ამბობს, შეყვარებულობის შემდეგ უკვე ურთიერთობა სხვანაირი ხდებაო. რა თქმა უნდა, სხვანაირი ხდება გარემოებების გამო, სხვა დონეზე გადადის, მაგრამ ეს დონეებიც ძალიან საინტერესოა, თუ სწორად მივუდგებით ორივე. ბუნებრივია, კამათი, ჩხუბი და სხვადასხვა შეხედულებები ყოველთვის არის, მაგრამ მთავარია, ის ძირითადი, რაც გაერთიანებს და გაქვს, არ გადაწონოს იმ სხვა რაღაცებმა, რაც უნდა გადალახო, რაზეც თვალი უნდა დახუჭო.

ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ გადავდივართ ახალ სახლში. ჩემი მეუღლე ამ საქმეებში ძალიან არის ჩართული და მისი ძალისხმევა მაქსიმალურად ხმარდება ამ ყველაფერს. მოკლედ, მალე ბავშვთან ერთად ახალ სახლში ვიცხოვრებთ.

– რატომ გადაწყვიტეთ მარტო ცხოვრება?

– ჩემი აზრით, ყველა ოჯახს სჭირდება ცალკე ცხოვრება, რადგან ეს შენი გამოცდილებაა და შეცდომები თუ სწორი გადაწყვეტილებები შენზეა დამოკიდებული. მე და ჩემი მეუღლე ასეთ ცხოვრებას ვიყავით შეჩვეული, რადგან ორივე საზღვარგარეთ ვსწავლობდით. ჩვენთვის დამოუკიდებლად ცხოვრება უცხო არ არის, პირიქით, ძალიან შეჩვეულები ვართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, ცალკე შენი ბუდე გქონდეს.

ჟურნალი სარკე