,,ამჯერად გეტყვით: ნახვამდის!” – გია მაისაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა – პოლიტიკოსის უკანასკნელი ინტერვიუ

,,ამჯერად გეტყვით: ნახვამდის!" - გია მაისაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - პოლიტიკოსის უკანასკნელი ინტერვიუდღეს ერთი წელი შესრულდა ცნობილი პოლიტიკოსისა და ეკონომისტის, გია მაისაშვილის გარდაცვალებიდან. ის რამდენიმე წელი ებრძოდა სიკვდილს. ჰქონდა იმედი, რომ მძიმე სენს დაამარცხებდა, მაგრამ…

ის გასული წლის 26 თებერვალს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკაში. მას 2015 წელს  დაუდგინეს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი.

გია მაისაშვილი თავისი ცხოვრების უმძიმეს დღეებშიც აქტიური იყო, ფეისბუქში ხშირად აქვეყნებდა სტატუსებს. ერთ-ერთ პოსტში წერდა:

,,ამჯერად გეტყვით: ნახვამდის! ამ წყნარი ოკეანის ამ სანაპიროს ულამაზესი დაისი აქვს, ქვიშაში ფეხშველა მოსეირნეს გეძახის, თითქოს ოკეანეში გიხმობს. ამის შემხედვარე ზიარების ხასიათზე ვდგები, ვგრძნობ, უფალი სადღაც აქვეა, შენთანაა და გისმენს.

და შენც, როცა მარტოდ მარტო ცხოვრების უმკაცრესს გამოცდას ებრძვი, სიკვდილ-სიცოცხლის ვიწრო ბილიკზე დგახარ, უჩვეულო აზრები გსტუმრობს, განვლილ ცხოვრებას იგონებ, შენს თავს აკვირდები.

როგორც წესი, ტკივილს ერთმანეთს საყვარელი ადამიანები ვაყენებთ და ამის გაცნობიერება გზარავს.

მერე ისევ ოკეანეს გასცქერი და იდუმალება გპასუხობს ღიმილით, ,,ჩვენ შორის არავინაა, ვისთანაც დემონს არ მიუკითხავს, არ უცხოვრია ბნელ ოთახში, მაგრამ მთავარი დემონთან არ ყოფნა კი არ ყოფილა სიბნელეში, არამედ ნამყოფს, სიბნელის მიტოვება და კვლავ ნათელში დაბრუნება თუ შეგძლებია?! სულში შემოჭრილ ნათელს გაემარჯვოს მუდამ!”.

..

გარდაცვალებამდე ჟურნალ ,,სარკეს” თავისი ცხოვრებისა და განსაცდელის შესახებ უამბობდა.

-ყველაფერს აქვს მეორე მხარე _ განსაცდელი გაძლიერებს და რაღაც რომ გაკლია, იმის სასწავლებლად მოდის. ფიზიკურად თუ გადარჩება კაცი, მისთვის კარგია ამ განსაცდელისგან ნასწავლი გაკვეთილი. ბევრი სიბრძნის მომცემია, მაგრამ ფასია დიდი. სამწუხაროდ, დიდის მიღება მხოლოდ ასევე დიდის გაღების ხარჯზე ხდება და აქ მოკლე გზა არ არსებობს, – უყვებოდა ჟურნალ ,,სარკეს” გია მაისაშვილი (პოლიტიკოსის უკანასკნელი ვრცელი ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე)