12 წლის ბავშვს, რომელმაც ტურისტს ნივთი წაართვა, მანქანა დაეჯახა

12 წლის ბავშვს, რომელმაც ტურისტს ნივთი წაართვა, მანქანა დაეჯახა8 თებერვალს უბედური შემთხვევა მოხდა თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. მან ერთ-ერთ ტურისტს ნივთი წაართვა და მიმალვას ცდილობდა.

ვიდეოში, რომელიც ,,კურიერმა” მოიპოვა, ჩანს, როგორ გარბის ბავშვი ჯერ ტროტუარზე და შემდეგ შეუჩერებლად გადარბის ქუჩაზე. ამ დროს მისკენ მიმავალი ლურჯი ავტობუსი ამუხრუჭებს, ბავშვი მას თავს არიდებს, სირბილს აგრძელებს და მეორე ზოლში მოძრავ ავტომობილს ეჯახება. დარტყმის ძალა მოზარდს უკან აგდებს. რამდენიმე წამში ის გამვლელებს გზიდან ტროტუარზე გადაჰყავთ.

საბედნიეროდ, გოგონას სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები არ მიუღია.

-ბავშვს აქვს პოლიტრავმა, კეფის მიდამოში – კანქვეშა ჰემატომა. სხეულზე განსაკუთრებული დაზიანება არ იკვეთება, – განაცხადა ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ წივწივაძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტომობილი, რომელსაც ბავშვი შეეჯახა, ესპერტიზაზე გადაიყვანეს.

რუსთავი 2