რატომ ცემა პაციენტმა რეზო ნასიძემ ექიმი ნუკრი ბერიშვილი – რა მოხდა წმინდა მიქაელის კლინიკაში

რატომ ცემა პაციენტმა რეზო ნასიძემ ექიმი ნუკრი ბერიშვილი - რა მოხდა წმინდა მიქაელის კლინიკაშიწმინდა მიქაელის კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ექიმის ცემით დასრულდა. ექიმი ნუკრი ბერიშვილი ამ დრომდე კლინიკაში ტვინის შერყევითა და სხეულის დაზიანებებით მკურნალობს.

საავადმყოფოში ამტკიცებენ, რომ 25 წლის პაციენტი, რეზო ნასიძე, კლინიკაში გუშინ დღის პირველ ნახევარში შევიდა და ექიმებს ნარკოტიკული ნივთიერება მოთხოვა.

უარის შემდეგ ის აგრესიული გახდა და ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. ხელჩართული ჩხუბი ექიმსა და პაციენტს შორის ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლამდე გაგრძელდა.

რადიკალურად განსხვავებული ვერსია აქვს რეზო ნასიძის ოჯახს. დედის მტკიცებით, მისი შვილი წმინდა მიქაელის კლინიკაში გართულებული ვირუსის და ძლიერი თავის ტკივილის გამო მივიდა. ექიმებმა კი ოჯახის მტკიცებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ყურადღება არ მიაქციეს და არც გამაყუჩებელი საშუალება მისცეს. ოჯახი კლინიკის ექიმებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

წმინდა მიქაელის კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ დაპირისპირებას თვითმხილველებიც ჰყავდა. მათი ინფორმაციით, პაციენტის გაღიზიანება ექიმის უყურადღებობამ გამოიწვია.

პაციენტი, რომელსაც ექიმები თავდასხმაში ადანაშაულებენ მკურნალობას ახლა ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს. წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

”კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 25 წლის რეზო ნასიძე უკვე გამოჰკითხეს. გამოჯანმრთელების შემდეგ სავარაუდოდ, ჩვენებას გამოძიებას ნაცემი ექიმიც მისცემს.